ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოება

ეს მასალა მომზადდა „უფლებადამცველთა უსაფრთხოების გზამკვლევის“ მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ „უფლებები საქართველოს“ შექმნა.

გზამკვლევში მიმოხილული რეკომენდაციები შესაძლებლობას აძლევს უფლებადამცველებს თავად იზრუნონ საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიის გასაძლიერებლად. თუმცა აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა უფლებადამცველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

უფლებადამცველთა შესახებ გაეროს დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ნებისმიერი პირის დაცვა ძალადობისგან, მუქარისგან, შურისძიებისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისაგან, ზეწოლისაგან ან სხვა თვითნებური ქმედებებისაგან, რაც მიმართულია დეკლარაციაში განსაზღვრული უფლებებით ლეგიტიმურად სარგებლობის შეზღუდვისკენ.

ალი უფლებადამცველების უსაფრთხოება

ქალი უფლებადამცველები მძიმე ფასს იხდიან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე ზრუნვისთვის. მათ უწევთ გენდერულად სპეციფიკურ რისკებთან გამკლავება. შესაბამისად, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

  • ქალი უფლებადამცველების საქმიანობა შეიძლება არასასურველი ყურადღების ქვეშ მოექცეს;
  • ქალ უფლებადამცველებს შეიძლება მოუხდეთ პატრიარქალური ტრადიციებისა და სოციალური ტაბუს დამსხვრევაზე ზრუნვა;
  • არსებობს ქალი უფლებადამცველების მიმართ აგრესიის კონკრეტული ფორმები;
  • ქალ უფლებადამცველებს შეიძლება მოუხდეთ ზეწოლის ქვეშ საქმიანობა, რათა „დაამტკიცონ“ თავიანთი კეთილსინდისიერება;
  • მამაკაც კოლეგებს შესაძლოა არ ესმოდეთ ან ისინი საერთოდაც უარყოფდნენ ქალი უფლებადამცველების შრომას;
  • ქალი უფლებადამცველები შეიძლება თავად გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი;
  • როგორც წესი, ქალ უფლებადამცველებს აქვთ დამატებითი ოჯახური ვალდებულებები.

ყველა ეს გარემოება დამატებით ტვირთად აწევს ქალი უფლებადამცველების სამუშაო გარემოსა და პირად ცხოვრებას, რაც დამატებითი სტრესის წყაროდ იქცევა. ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების გაუმჯობესება გლობალური მიდგომა ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად შემდეგი ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე მიუთითებს:

ქალების ჩართულობის უზრუნველყოფა. აღნიშნული გულისხმობს, მამაკაც კოლეგებთან ერთად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგით გათვალისწინებას და ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფას უსაფრთხოების ზომებისა და სტრატეგიების შემუშავების პროცესში.

მნიშვნელოვანია, ქალების გამოცდილების და წუხილების გათვალისწინება და იმის უზრუნველყოფა, რომ ქალებმა თავად განსაზღვრონ უსაფრთხოების წესები და პროცედურები, ასევე თავად გაუწიონ ზედამხედველობა მათ აღსრულებას.

გენდერულად სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება და მათ საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სხვა საჭიროებების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციაში ან/და ჯგუფში პასუხისმგებლობებისა და როლების გადანაწილება გენდერულად სპეციფიკურ ძალადობასთან და ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების რისკებთან გასამკლავებლად.

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს, იდეალურ შემთხვევაში, ექნებათ ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების საჭიროებების სათანადო აღქმა.

ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საჭირო გახდეს დამატებითი პირის ჩართვა, რომელსაც შეეძლება სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების კონტრიბუცია. მაგალითად, ერთი ადამიანი შეიძლება პასუხისმგებელი იყოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ შემდეგ ორგანიზაციამ, ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, გადაწყვიტოს პროცესში სხვა, შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე პირის ჩართვაც.

ასეთ შემთხვევაში, ორივე პირმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების წესების იმგვარი იმპლემენტაცია, რაც შესაძლებლობას შექმნის უფლებადამცველების, მათ შორის ქალი უფლებადამცველების, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებისთვის.

იმ პირებისათვის, რომლებიც უფლებადაცვით საქმიანობას ერთობლივად ეწევიან, გადამზადებას უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, ამ ფორმატის შეხვედრების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ქალი უფლებადამცველების კონკრეტული საჭიროებების შესახებ მამაკაცი კოლეგების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი.

ფოტოს წყარო: opendemocracy

QvemoQartli.ge