კანონი ემსახურება იმ ორგანიზაციების და ადამიანების გაჩუმებას, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან ხელისუფლებას – „ნეკერი“

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

კანონის მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებსა და საფრთხეებზე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ. მათ შორისაა ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერი.“

ორგანიზაციის თანადამფუძნებლის  როზი დევნოზაშვილის თქმით, განსხვავებული პოზიციები და კრიტიკა ხელისუფლებისთვის  მიუღებელია და ამ კანონის მიზანი სწორედ კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების გაჩუმებაა:

„სინამდვილეში რუსული კანონი ემსახურება იმ ორგანიზაციების და ადამიანების გაჩუმებას, გაქრობას, ვინც დისკომფორტს უქმნის ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებებს. გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, რაც მათი საქმიანობების ირგვლივ ისმის. ნაცვლად იმისა, რომ გულისყურით უსმინონ კრიტიკას პრობლემების იდენტიფიცირებისა და გამოწვევების დასაძლევად, პირიქით, ხარვეზებზე ხმამაღლა საუბრის დემონიზებას ახდენენ და უარყოფით კონტექსტში აგენტურულ საქმიანობად წარმოაჩენენ“- როზი დევნოზაშვილი, „ნეკერი“.

ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერი“ ე.წ. უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს:

„არც კი ვმსჯელობთ იმაზე, დავრეგისტრირდებით თუ არა აგენტად. გულს და სულს რომ დებ საქმეში, ხშირად მოხალისეობრივადაც რომ მუშაობ, რომ მიაწვდინო ადამიანებს ხმა პოზიტიური ცვლილებებისთვის, ბავშვების უკეთესი მომავლისთვის და ამ დროს, თურმე, ეს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ნიშნავს, პროტესტის საშინელი განცდაა და ამ ძალიან უსამართლო იარლიყის მიკვრას არ ვაპირებთ, “  – როზი დევნოზაშვილი, „ნეკერი“.

„ნეკერი“ ორი წლის წინ დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი ბავშვების განათლებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდაა.

გაგრძელდება თუ არა მათი საქმიანობა  – კანონის მიღებამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:

„ნეკერი ქვემო ქართლში მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ საქმიანობის ერთგვარი გაგრძელება გვინდოდა რომ ყოფილიყო.

ასოციაციის საქმიანობის წყალობით ბევრმა მშობელმა გაიგო, რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა ბავშვების განათლებაში და რატომ არის უმნიშვნელოვანესი ის ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის. რაც ასოციაცია არსებობს, საქართველოში მოსწავლეთა მშობლების ხმა გაისმა მკაფიოდ, თანდათან ვძლიერდებით მშობლები, თუმცა საკითხი – მომავალში ეს ხმა გაისმის თუ არა ისევ – რეალური საფრთხის წინაშეა.

გრანტის სახით დაფინანსება არც კი მიგვიღია ჯერ, ერთი თეთრიც კი, თუმცა საფუძველშივე მოვიაზრებდით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით მუშაობას, რათა თავიდან აგვერიდებინა ინტერესთა კონფლიქტი. გარდა ამისა, ორგანიზაციული განვითარების მეტ შესაძლებლობებს იძლევიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ნეკერის“ არსებობა/ განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეალური საფრთხეა იმის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მშობლები თანდათან შეწყვეტენ ჩვენს მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობას“, – როზი დევნოზაშვილი, „ნეკერი“.

როზი დევნოზაშვილი ასევე ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღების შედეგად მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსხვავებული მოსაზრებების გაჟღერებას ვერ შეძლებენ:

„ხელისუფლება ქმნის მოცემულობას, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის მიუღებელ სუბიექტებად მოვიაზრებოდეთ და ერთგვარი საფრთხის შემცველიც კი იყოს მათი გადმოსახედიდან ჩვენთან ურთიერთობა. საგულისხმოა, რომ ამ კანონის პირობებში დროთა განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვეღარ გავაჟღერებთ მშობლები განსხვავებულ მოსაზრებებს. ეს ყველაფერი ბაღების, სკოლების განვითარებას შეაფერხებს და საბოლოოდ შეწყვეტს“, – როზი დევნოზაშვილი.

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

QvemoQartli.ge