„ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში“

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

ამ კანონის მიღება ქვეყნისთვის უკან გადადგმულ  ნაბიჯად მიაჩნია მარნეულის  სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) ხელმძღვანელს რაშან ზიადალიევს. მისივე თქმით,  ეს კანონი დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის ტოლფასია.

„რუსული კანონის“ მიღება მნიშვნელოვანი უკუსვლაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამ კანონის მიზანია მედიისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციით გააჩუმოს განსხვავებული აზრი და ძირი გამოუთხაროს იმ გაერთიანებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სასიკეთოდ მუშაობს. ეს კანონი, რომელიც ეხმიანება რუსეთში დანახულ რეპრესიულ ზომებს, წარმოადგენს გადახვევას დემოკრატიული პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს. კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს პროგრესს, რომელსაც მიაღწია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”, – რაშან ზიადალიევი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC).

ზიადალიევი ყურადღებას ამახვილებს  ვენეციის კომისიის დასკვნაზე:

„ ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის უმაღლესი საექსპერტო ორგანოა ცალსახად განაცხადა, რომ „რუსული კანონი“ არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და უნდა გაუქმდეს. ეს შეფასება ემთხვევა ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს, რომლებმაც გამოხატეს ღრმა შეშფოთება. მათ კანონს ავტორიტარული უწოდეს“- რაშან ზიადალიევი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) .

ეს  ორგანიზაცია მარნეულში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ გაძლიერებასა  და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

„ კანონპროექტი რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ის ძალიან ნეგატიურად აისახება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლზე, რომლებიც გადამწყვეტია ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის. ზემოხსენებული რუსული კანონი დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რეპუტაციას, შეამცირებს დაინტერესებული მხარეების ნდობას და შეზღუდავს პარტნიორებთან და საზოგადოებებთან ურთიერთობის უნარს. უფრო მეტიც, ეს შეზღუდავს ჩვენს საქმიანობას, პოტენციურად აიძულებს თვითცენზურას და საბოლო ჯამში ლიკვიდაციას“, – რაშან ზიადალიევი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC).

კითხვაზე დარეგისტრირდება თუ არა მარნეულის სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი სპეციალურ რეესტრში,  პასუხი შემდეგია:

„ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება რამდენიმე კრიტიკულ მოსაზრებას. პირველ რიგში, ამ კანონის საფუძველზე იუსტიციის სახლის სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება ფუნდამენტურად ძირს უთხრის ჩვენი ორგანიზაციის დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარს. რუსული კანონი შექმნილია სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციისთვის, ანგარიშგების მძიმე მოთხოვნების დაწესებით ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული კონტროლის ქვეშ. რეესტრში რეგისტრაცია არის ჩვენი მსგავსი ორგანიზაციების დელეგიტიმაციისა და კონტროლის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი. მეორეც, დარეგისტრირების შედეგები საზიანო იქნება ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციისთვის“ ,-   რაშან ზიადალიევი, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

 

QvemoQartli.ge