ფინანსური უსაფრთხოება ინტერნეტში

თანამედროვე ციფრულ სამყაროში  ფინანსურმა ოპერაციებმაც ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მომხმარებლები ინტერნეტს ონლაინ შოპინგისთვის, ფულადი გადარიცხვებისთვის და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებისთვის აქტიურად იყენებენ.

ინტერნეტში ფინანსური უსაფრთხოება ყოველთვის დაცული არ არის.

დოკუმენტში სახელწოდებით „ თაღლითური სქემები და ფინანსური უსაფრთხოება „ აღნიშნულია შემდეგი:

„ ინტერნეტ თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით ინტერნეტით „შოპინგის“ მოყვარულებმა უმჯობესია არ გამოიყენოთ თქვენი ძირითადი ბარათი, რომელზეც ხელფასი გერიცხებათ, ან რომელზეც დიდი ოდენობის თანხა გაქვთ განთავსებული; სხვადასხვა ნივთისა და მომსახურების ონლაინ-სივრცეში შესაძენად სასურველია, იქონიოთ ცალკე ანგარიში და ბარათი, სადაც თანხის ზუსტად იმ ოდენობას შეინახავთ, რაც ინტერნეტ-შესყიდვის შესასრულებლად არის საჭირო. ამასთან, უსაფრთხოების დამატებითი, თუმცა არასრულყოფილი მექანიზმია ინტერნეტ ტრანზაქციების დაცულ ვებგვერდებზე განხორციელება, სადაც ვებგვერდის მისამართი იწყება https://-ით ან shttp:// და არა http://-ით. ვებგვერდის დაცულობაზე ასევე მიუთითებს ჩაკეტილი მწვანე ბოქლომის სიმბოლო, რომელიც ვებგვერდის მისამართის ველში ჩანს და რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ ვებგვერდის სანდოობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნახვა. „

საყურადღებოა ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი  ფორმა სკიმინგი.

„სკიმინგის დროს ბანკომატზე ან პოსტერმინალზე მონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა – სკიმერი, რომელიც ბარათის მონაცემებს (პინკოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) იპარავს, რასაც თაღლითი შემდგომში თანხის მისათვისებლად იყენებს.

„სკიმინგისგან“ თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ბანკომატი განათებულ ადგილასაა განთავსებული, არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს.“

ვებპორტალზე ფინედუ.გოვ.ჯი ვკითხულობთ ინტერნეტში ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთ მაგალითზე:

„ თუ კი ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ან ფეისბუქ ჯგუფებში განთავსებული გაქვთ გასაყიდი ნივთი, შესაძლებელია დაგიკავშირდნენ კერძო პირები, ხშირად WhatsApp-ის ან Viber-ის საშუალებით და გთხოვონ ნივთის სხვა ქალაქში გაგზავნა ფოსტით, გაგზავნის საფასურის გადახდა კი საკუთარ თავზე აიღონ.

„მყიდველი“ გწერთ, რომ თქვენი ნივთის და ასევე მისი გაგზავნის საფასური უკვე გადაიხადა, მაგალითად, რომელიმე საფოსტო მომსახურების ვებგვერდზე. გიგზავნით ბმულს, რომელსაც გაყალბებულ ვებგვერდზე გადაყავხართ და ის, როგორც წინა შემთხვევაში, საფოსტო კომპანიის ვებგვერდთან მიმსგავსებული ყალბი გვერდია. „მყიდველი“ გწერთ, რომ ნივთის მონაცემები უკვე შევსებულია და თქვენთვის თანხის გადმოსარიცხად დარჩა თქვენი ბარათის მონაცემებისა და მობილურზე მოსული კოდის შეყვანა. სავარაუდოდ, ის დაგარწმუნებთ, რომ თანხა მომენტალურად ჩაგერიცხებათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა საფოსტო კურიერი თქვენთან ნივთის წამოსაღებად.

ცხადია, ბარათის მონაცემების მითითებით და მობილურზე მოსული კოდის შეყვანით, რომელიც თქვენი ტრანზაქციის დადასტურებაა, თანხას კი ვერ მიიღებთ, პირიქით, თაღლითს საშუალებას აძლევთ თქვენი ბარათიდან ჩამოჭრას თანხა. „

გავრცელებულია შემდეგი შემთხვევებიც:

„უცხოური ორგანიზაციები, შესაძლოა უცხოური ბანკის სახელითაც, მომხმარებლებს სესხის მიღებას სთავაზობენ. სესხის თანხის გადმორიცხვამდე კი გარკვეული თანხის გადარიცხვას სთხოვენ საკომისიოს სახით. მეტი დამაჯერებლობისთვის, შესაძლოა მოგწერონ ბანკის ვებგვერდი, გამოაგზავნონ „ხელშეკრულება“, თუმცა მომხმარებლისთვის ძნელი გასარკვევია, მას ნამდვილად ამ ვებგვერდის მფლობელი ბანკი ესაუბრება თუ არა. მიმოწერა შეიძლება იყოს უცხოური ნომრიდან, WhatsApp, ან Viber-ის საშუალებით.

QvemoQartli.ge