ეს კანონი არის მცდელობა ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების – ნაზარლოს სათემო ცენტრი

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 2018 წლიდან სათემო ცენტრი ფუნქციონირებს. მისი დაფუძნება ამავე სოფლის სკოლის მასწავლებელს  ნუბარ ბაირამოვას ინიციატივას უკავშირდება.

ნუბარი ამ კანონის მიღებით  90-იან წლებში დაბრუნების საფრთხეს ხედავს.

„ მე ვარ მასწავლებელი და ასევე სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი. უამრავი პროექტი მაქვს დაწერილი და განხორციელებული ახალგაზრდებისთვის. თითოეული ტრენინგი და შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

აღნიშნული კანონი, ჩემი აზრით, გათვალისწინებულია იმაზე რომ დავბრუნდეთ 90- იან წლებში და ვიყოთ ინფორმაციის ვაკუუმში. მოქალაქეები დაკარგავენ მოქალაქეობას, ენას რწმენას, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს.

ყველასთვის ნათელია რომ ჩვენ არც ერთი არ მოვაწერთ ხელს აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს რომ რასაც ვაკეთებთ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით და ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ყველაფერი შეჩერდება“, – ნუბარ ბაირამოვა ნაზარლოს სათემო ცენტრი.

ნაზარლოს სათემო ცენტრში  არაფორმალური განათლების მიმართულებით, ადგილობრივ გამოწვევებზე  აქტიურად მუშაობენ.  ცენტრის დამფუძნებელი აქამდე განხორციელებული საქმიანობების უმნიშვნელოვანეს მიღწევებზეც საუბრობს.

„ მე რომ შევქმენი ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბიჭები მოდიოდნენ. ახლა მყავს 30-მდე აქტიური გოგო ,რომლებიც ყველა შეხვედრას ესწრებიან. მყავს უამრავი აქტივისტი რომლებმაც უკვე სტუდენტები არიან“, – ნუბარ ბაირამოვა, ნაზარლოს სათემო ცენტრი.

აღნიშნული კანონის შესახებ შეფასებები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც გააკეთეს. ერთ-ერთი მათგანი ეუთო/ოდირია. მათი განცხადების თანახმად, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს, “არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.”

განცხადებაში წერია:

„ “ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომლებსაც იხსენიებდნენ საქართველოში ახალ კანონთან მიმართებაში. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.”

ყოველივე ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

QvemoQartli.ge