გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი დმანისში, ყაზბეგსა და გურჯაანში საძოვრების ნაყოფიერების ზრდისთვის პროექტს აფინანსებს
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
საძოვრების დეგრადაცია, მათი ნაყოფიერების აღდგენა–შენარჩუნება, მდგრადი მართვის პრაქტიკები, – ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რის შესახებაც ღონისძიებაში მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ასევე, პროექტის ფარგლებში, საძოვრების გაუმჯობესების მიზნით მოწყობილი საპილოტე საძოვარი პირადად დაათვალიერეს და ძოვების ახალ პრაქტიკებს გაეცნენ.
საპილოტე საძოვარი სოფელ განახლებაში სპეციალურად მოწყობილი ელექტროღობის მეშვეობით, 8 ნაკვეთად არის დაყოფილი. სადაც, პირუტყვის სწორი ძოვებისთვის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც შინამეურნეობებში არიან ჩართულნი, შემუშავდა ძოვების კალენდარიც, სადაც მითითებულია თითოეულ ნაკვეთზე ძოვების დაწყებისა და დამთავრების თარიღები. ასევე, პირუტყვის ოპტიმალური რაოდენობა.
„ჩვენ ვნერგავთ ნაკვეთმონაცვლეობით ძოვების სისტემას. მისი ძირითადი მიზანია, გაუმჯობესდეს ადგილობრივი საძოვრების მდგომარეობა, შესაბამისად გაუმჯობესდეს ადგილობრივი პირუტყვის პროდუქტიულობა და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა. საძოვრების ძირითადი გამოწვევაა არასწორი გაძღოლის სისტემა, რაც ადგილობრივი ცხოველებისთვის არასაკმარისი საკვების მთავარი მიზეზია. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სოფელ განახლებაში. საძოვრების სწორი მართვა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. აქ, საპილოტე საძოვრებზე, ხდება იმ მეთოდების და მიდგომების პილოტირება, რომლის წარმატების შემდგომ, შესაძლებელია სახვა რეგიონებშიც განხორციელდეს“ – აღნიშნავს ანზორ გაგოშიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი.
საქართველოს მთლიანი მიწების დაახლოებით 25%-ს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50%-ზე მეტს საძოვრები შეადგენს. პროექტის მიზანია დაეხმაროს ქვეყანას ამ მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.
პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტები, დმანისთან ერთად ყაზბეგი და გურჯაანია.
„პროექტი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მათ შორის მოიცავს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის გაუმჯობესებას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საძოვრების მართვის კუთხით დამუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის კონცეფცია.
შეთანხმდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის სამეცნიერო სექტორის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით – თუ რა ხედვა როგორ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ საძოვრების მართვა.
ამ დოკუმენტის საფუძველზე კი მუშავდება კანონპროექტი საძოვრების მართვის შესახებ,“ – ანა რუხაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი.
პროექტის ფარგლებში სამივე საპილოტე მუნიციპალიტეტში რეგულარულად ტარდება საძოვრებით მოსარგებლეთა ტრენინგები, საძოვრების მდგრადი მართვის მეთოდების დანერგვის მიზნით.
დაფუძნებულია საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებაც.
დაგეგმილია, ასევე, ბენეფიციარებისთვის რძის ჰიგიენური გადამუშავების მიზნით შესაბამისი მცირე ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენაც. მიმდინარეობს ბიზნეს-მოდელების შემუშავება მიწათსარგებლობის სხვადასხვა ფორმაში არსებული საძოვრებისთვის.
„გატარდა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რათა საძოვრების სწორი მართვა და გამოყენება მოხდეს. საძოვრები მეცხოველეობის სექტორს, იაფი და ხელმისაწვდომი საკვები გზით უზრუნველყოფს, რომლის გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. საძოვრების გამოყენება პირუტყვის გამოსაკვებად, მნიშვნელოვნად ამცირებს საკვების შესყიდვის აუცილებლობას, განსაკუთრებით მეცხოველეობაში“ – აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის საარსებო წყაროს სწორედ მეცხოველეობა წარმოადგენს, რომლის პროდუქტიულობაც საძოვრების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სოფელ განახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, რომ უკონტროლო ძოვების პირობებში მათი პირუტყვი არ იყო სათანადოდ გამოკვებილი, რაც რძის სიმცირეშიც გამოიხატებოდა.
ადგილობრივები, პროექტის სიკეთეებზე, დღეს პირადად საუბრობენ.
„მყავს საქონელი და საძოვრების არსებობა ჩემს ინტერესებშიც შედის. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სოფლის სარგებლობაში ძალიან ცოტა მიწის ნაკვეთია, გარშემო თითქმის სულ გაყიდულია. ამ პროექტმა კი მოგვისწრო, რადგან მონაცვლეობით რომ ვაძოვებთ, გვეზოგება საძოვარი. მთელი ზაფხულის ნახევარი საქონელი მშიერი იყო, ახლა კი გადანაწილებული გვაქვს მთელი სეზონი. ამ საძოვრებმა ჩვენი, როგორც ეკონომიკური ასევე ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლო. არ გვიწევს მწყემსისთვის ფულის გადახდა, ისედაც საკმაოდ რთული იყო მწყემსის შოვნა. ახლა, აქ შემოგვყავს და ვაძოვებთ, წველაც მომატებულია“ – ეთერი გოგოჭური, ადგილობრივი.
პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.
ავტორი: ნინო ბერიძე
პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN
QvemoQartli.ge