მთვრალი და აგრესიული კლიენტები, უსამართლოდ გადანაწილებული შრომა, დაბალი ხელფასი – სუპერმარკეტებში მომუშავე ქალების მდგომარეობა
ქვემო ქართლში, მომსახურების სფეროში კონსულტანტის პოზიციაზე, ძირითადად, ქალები არიან დასაქმებულები. მათ შორის ბევრია სტუდენტი. როგორია სუპერმარკეტში დასაქმებული გოგონებისა და ქალების მდგომარეობა და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, თემაზე მოქმედ და ყოფილ კონსულტანტებს ვესაუბრეთ.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი გვიამბობს, რომ დატვირთული გრაფიკის გარდა მნიშვნელოვანი პრობლემა მენეჯერების მხრიდან კონსულტანტი გოგონების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა:
„ გამოსაყოფია ის პატარ-პატარა დავალებები, რომლებსაც მენეჯერები მხოლოდ გოგონებს გვაძლევდნენ. მაგალითად, როგორიცაა: თაროების გადაწმენდა, პროდუქციის სისუფთავის დაცვა.
იქმნებოდა გარემო, რომ სისუფთავის დაცვა ავტომატურად “ქალის საქმე” იყო და შესაბამისად, იმაზე მეტი საქმის კეთებაც გამოგვდიოდა ვიდრე ბიჭებს. როდესაც საქმე მიდგებოდა ე.წ “სმენების შეცვლაზე” მენეჯერებთან საუბრისას შეცვლის კანდიდატად მხოლოდ გოგონებს განიხილავდნენ და არა ბიჭებს. კითხვაზე თუ რატომ ხდებოდა ასე, გვპასუხობდნენ, რომ “მათ რაღაც კონკრეტული საქმეები ექნებათ სამსახურის გარეთ.” ესეც, ჩემთვის მინიშნება იყო, რომ გოგოების სამსახურის გარეთ საქმიანობა არ იყო იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ბიჭების“,- მ.ნ რესპონდენტი.
კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს ჩვენს შემდეგ რესპონდენტსაც.
„ 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ამ სფეროში დავიწყე მოღვაწეობა. იმ ასაკში ვთვლი, რომ ზედმეტად რთული იყო ჩემთვის მუშაობა. საკაოდ დატვირთული გრაფიკი და მცირე ანაზღაურება მქონდა.“
ამასთან ერთად ამბობს, რომ:
„ არაერთი შემთხვევა, როდესაც ნასვამ, მთვრალ ან/და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მომხმარებლები მოდიან და მცდელობა აქვთ გაარკვიონ კონსულტანტი გოგოს პირადი ინფორმაცია: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, როდის ამთავრებს სამუშაოს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ამ გოგოებს შენობის გარეთაც ელოდებიან ხოლმე, რომ მათთან საუბარი გააგრძელონ. რაც პირველ რიგში საფრთხის შემცველია, არაკომფორტულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ. დაცვისა და მენეჯერების რეაქცია კი მსგავსი ფაქტების მიმართ არის „კლიენტი ყოველთვის მართალია” და არაფერი „სერიოზული“ არ მომხდარა ან არ მოხდება და ან კიდევ, „თუ კიდევ მოხდება მსგავსი შემთხვევა მერე ჩავერევით.“
კვლევით ნაშრომში, სახელწოდებით „რა პრობლემებს აწყდებიან ქალები საქართველოს შრომის ბაზარზე“, სწორედ მომსახურების სფეროში ჩართულთა სტერეოტიპულ და დისკრიმინაციულ მიდგომაზეა საუბარი:
„ საქართველოს შრომის ბაზარზე ქალები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს. ქალთა შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში მათი როლების შესახებ წინასწარ შექმნილმა წარმოდგენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დამსაქმებლის ან თავად ქალების გადაწყვეტილებებზე.
სამუშაო ადგილებზე გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და პროგრამების არარსებობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში. საჭიროა უფრო ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაიცავს ქალთა უფლებებს, უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი სამუშაოსთვის და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილის მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას. „ -ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
როგორ პირობებში უწევთ კონსულტანტებს (მათ შორის ქალებს ) მუშაობა ამას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევაც აჩვენებს. იკვეთება ასეთი გამოწვევები:
- რესპონდენტების 75,8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს
- რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს
- რესპონდენტთა 68,8% იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას
- რესპონდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად
- რესპონდენტების 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება.
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.