2023 წლის შედეგების შეჯამება – პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“
CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – CTC, KKM და EF – ევროკავშირის მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ პროექტს ახორციელებს, რომელიც ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ინიციატივა იზიარებს ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. პროექტი 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
2023 წელი პროექტისთვის და მისი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. ჩატარდა არაერთი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები.
პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე აღნიშნავს, რომ უკვე მიღწეულია ბევრი მნიშვნელოვანი შედეგი.
„პროექტმა წარმატებით გააგრძელა მუშაობა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე სხვადასხვა ინსტრუმენტის, იქნება ეს ტრენინგები, მენტორინგი, სასწავლო ვიზიტი თუ სხვა – საშუალებით. ასევე, მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების განვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების მიმართულებით;
ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტმა ხელი შეუწყო სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობას, შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პარტნიორული ჯგუფების მუშაობის ფასილიტაციის საშუალებით. წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ადგილობრივი გადაწყვეტების მიღების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას. საინტერესო იყო ის ინიციატივები, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების მიერ განხორციელდა ადგილებზე და, რომლებიც მიმართული იყო მათ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე,ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრაზე“, – ნინო თევზაძე, CENN.
პროექტის მენეჯერი ასევე, ყურადღებას ამახვილებს სოციალური პროგრამების შემუშავების პროცესზე, რაშიც სამოქალაქო სექტორთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნინო თევზაძე აღნიშნული თანამშრომლობით შექმნილ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს, გასული წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს.
სოციალური სერვისების კუთხით პროექტის გაწეულ ძალისხმევაზე საუბრობს ქვემო ქართლში CENN-ის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე. იგი აღნიშნავს, რომ გასული წელი პროექტისთვის განსაკუთრებულად დატვირთული იყო, რაც შედეგებზეც აისახა.
„დავიწყოთ იქიდან, რომ 2023 წლის მარტი-აპრილიდან, დავასრულეთ თუ არა ვალიდაციის შეხვედრები, რომლებიც გულისხმობდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციასა და მუნიციპალიტეტის დონეზე თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის გაცნობას, დავიწყეთ ფიქრი გვემუშავა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა მუნიციპალიტეტების დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთას. შესაბამისად, ვალიდაციის შეხვედრების შემდეგ პროცესში 2023 წლის მაისიდან CSRDG-ის ექსპერტები ჩავრთეთ და დავიწყეთ მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების 22 კრიტერიუმით შეფასება. იქ, სადაც პროგრამები ვერ პასუხობდა ევროკავშირის სტანდარტებს, გაიცა რეკომენდაციები და ყველა პროგრამა 22 კრიტერიუმთან თანხვედრაში მოვიდა. ეს არ იყო მარტივი სამუშაო, ამის შემდეგ პროექტმა თითოეულ მუნიციპალიტეტში 2-2 შეხვედრა გამართა არსებული სოციალური პროგრამების გაუმჯობესებისთვის, ასევე საჭირო და ახალი პროგრამების დიზაინის შესაქმნელად”, – მარიკო წიქორიძე, CENN
გასულ წელს, პროექტის შედეგად ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში 6 სოციალური პროგრამის დიზაინი შეიქმნა და მათგან 5 მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცდა. ამასთანავე, 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის დაიწყო სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც 2024 წელს წარმატებით დასრულდა. 2023 წელსვე გაიმართა სამოქალაქო განათლების ბანაკი ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, სადაც 25 მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
2-ჯერ გამოცხადდა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამა, რომელშიც 12-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ასევე, გამოცხადდა თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციური და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნისთვის. საგრანტო მხარდაჭერა 20 ათას ევროს შეადგენდა და ამ ეტაპზე 2 წინასწარ შერჩეული პოტენციური გამარჯვებულია გამოვლენილი.
„პროექტის ფარგლებში, CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური სერვისების სასწავლო ტურს უმასპინძლა. ექვსდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებში სხვადასხვა ტიპის სერვისის მიწოდების პრაქტიკებს“, – მარიკო წიქორიძე, CENN.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი CENN-ის პროექტის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტია, სადაც ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახალი სოციალური სერვისის დანერგვა მოხდა. სერვისის დანერგვას წინ უძღოდა სწორედ ჩეხეთის სასწავლო ტური. მასში სხვა მონაწილეებთან ერთად, ჩართული იყო თეთრიწყაროს მერის მოადგილე, ლია ზურებიანი.
თეთრიწყაროს მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასვლითმა ვიზიტებმა, მულტისექტორული ჯგუფების მუშაობამ და საჭიროებების კვლევამ, მნიშვნელოვნად აამაღლა საკითხისადმი ინტერესი.
„ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ტური მთლიანად იყო ფოკუსირებული თემის ირგვლივ. შეხვედრების ტიპმა, შერჩეულმა ორგანიზაციებმა გაზარდა თითოეული ჩვენგანის ინფორმირებულობის ხარისხი, ძირეულად შეცვალა სკითხისადმი განწყობა და მოახდინა სასურველი ქცევის სტიმულირება.
როგორც მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების მკვეთრი დეფიციტია, რაც გამოწვეულია სერვისის მიმწოდებლების/პროვაიდერების არარსებობით, რაც ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დახმარებით კი თეთრიწყაროში შეიქმნა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა. იგი აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტიურად მცხოვრები, 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვას. ასევე, მოიცავს ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდე მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის საკითხს.
ასევე ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში მათი მშობლების განათლება-გაძლიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, აგრეთვე პროგრამის განხორციელებისას მუნიციპალიტეტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პროგრამის ამოცანაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტიურად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა-ხელშეწყობა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.
მინდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით მადლობა გადავუხადო მულტისექტორულ ჯგუფს თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტს ახალი სერვისი შეემატა. ჯგუფის მიერ ჩატარებულმა საჭიროებათა კვლევამ გამოკვეთა ზემოხსენებული სერვისის დანერგვის აუცილებლობა” – ლია ზურებიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
CENN-თან პარტნიორული თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა დმანისის მუნიციპალიტეტისთვისაც. პროექტის დახმარებით შეძლეს, ახალი სოციალური პროგრამის შემუშავება და მოიპოვეს 20 000 ევროს ღირებულების საგრანტო დაფინანსება. ამ პროცესში, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის როლზე და მნიშვნელობაზე, დმანისის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სამსახური ხელმძღვანელი მეგო ედიბერიძე საუბრობს.
„მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად რომელშიც პუნქტობრივად არის გაწერილი შესასრულებელი სამუშაოების გეგმა, ერთ – ერთი პუნქტის შესაბამისად მერიამ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და CENN -ის აქტივობით, ახალი სოციალური სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული საპილოტე პროექტის/პროგრამის – ,,ქალთა სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამა მათთვის დასაქმებისა და სამეწარმეო უნარების და გენდერულ საკითხებზე ცნობიერების გაზრდის გზით“ დამტკიცება.
CENN – მა ასევე უზრუნველყო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – ის დაფინანსება 20 000 ევროს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც დაიწყება ძალიან მალე.
ურთიერთობა ისეთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, როგორიც არის CENN, აძლევს მუნიციპალიტეტებს იმის საშუალებას უფრო მეტად იზრუნოს, საკუთარი საქმიანობები გახდეს უფრო გამჭვირვალე, მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული და მოახდინოს საზოგადოების მხრიდან წამოსული ინიციატივების გათვალისწინება“ – მეგი ედიბერიძე.
პროექტში ჩართული ათი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან, ერთ-ერთი წალკის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაციაა „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ახალი სოციალური სერვისის დანერგვაზე მუშაობს.
„ჩეხეთის სასწავლო ვიზიტი საინტერესო იყო შერჩეული სერვისებით და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების მხრიდან გამოცდილების გაზიარების მხრივ. ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა სოციალური სერვისების მუნიციპალურ დონეზე დაფინანსების საკითხები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სამიზნე რეგიონებში.
სოციალური სერვისი ჯერ არ დაგვინერგავს, პროექტი გადის შეფასების ფაზას. გრანტის ფარგლებში კი ვგეგმავთ მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების დედების მხარდამჭერი სერვისის შექმნას, წალკის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. სერვისი მოიცავს, როგორც მათ ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, აგრეთვე განათლების და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას“ – ნანა ლომაძე, „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ ხელმძღვანელი.
ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ლობირება და ადვოკატირება, ფონდების მოძიება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ახალი სოციალური პროგრამების შემუშავება – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ დირექტორი ირმა ზურაბაშვილი გვიყვება.
იგი ამბობს, რომ პროექტმა „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ საკმაოდ დიდი შრომა გასწია და ყველა პროცესი მიმართული იყო ორგანიზაციის ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე.
ცენტრი, უახლოეს პერიოდში გეგმავს ონლაინ შეხვედრას ჩეხურ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, რომელთანაც დაკავშირებაც, სწორედ CENN-ის პროექტის ჩეხეთის სასწავლო ტურის მეშვეობით შეძლეს.
„ჩეხეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე ჩვენი ორგანიზაციაც იყო. გავეცანით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკებს სოციალური სერვისების შემუშავებისა და მიწოდების მიმართულებით. ვიყავით სახელმწიფო ორგანოებშიც.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ჰოდონინის სოციალურ-სამედიცინო კლუბ „პოჰოდასთან.“ ისინი ახალგაზრდებთან მუშაობენ და ჩვენთვის საინტერესო იყო მათი გამოცდილების გაზიარება. სასწავლო ვიზიტები ხომ ხელს უწყობს გრძელვადიან თანამშრომლობას. ამის გათვალისწინებით უახლოეს ხანში იგეგმება ონლაინ შეხვედრა ჩეხურ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“ – ირმა ზურაბაშვილი.
მიმდინარე წელიც პროექტისთვის დატვირთულია და მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის საჯარო და სამოქალაქო სექტორთან.
ავტორი: ნინო ბერიძე
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.