„ქალთა დღე – ქალების გარეშე” – მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი ფემიციდის წინააღმდეგ

ქვემო ქართლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაცია, ქალთა საერთაშორისო დღეს, ფემიციდის წინააღმდეგ აქციით გამოეხმაურა.

„ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი, მარტყოფელი ახალგაზრდა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის მსხვერპლი გახდა. „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ ვმართავთ ცარიელი ფეხსაცმელების პერფორმანსს, როგორც სიმბოლოს ყველა იმ ქალისა, ვინც ფემიციდის მსხვერპლი გახდა და 8 მარტი მათთვის აღარ არსებობს… პერფორმანსის მიზანია ფემიციდის გაპროტესტება და საზოგადოებაში ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება“ – მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი.

ცენტრის თანადამფუძნებელი და ახალგაზრდული მუშაკი, გვანცა თვალიაშვილი:

„ ფემიციდი ძალიან მტკივნეული თემა არის, ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ. სულ ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, როგორ გამოგვეხატა პროტესტი. ბოლოს კი გარდამტეხი შემთხვევა იყო.. მარტყოფელი ახალგაზრდა ქეთი ჯავახიშვილი, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი გახდა, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ.

ეს ცარიელი ფეხსაცმელების პერფორმანსი ჩვენი გამოგონილი არ არის, ხშირად გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში. ამით გამოხატავენ ფემიციდის მსხვერპლი ქალების ტკივილს, რომ მათგან არაფერი დარჩა, მათი ცარიელი ფეხსაცმელების გარდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა ჩვენ სოფელში განგვეხორციელებინა.

ამ პერფორმანსით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ასევე, ჩვენ გვინდა რომ ამით დავანახოთ საზოგადოებას, რომ მოქმედების და პრევენციის დრო არის.

ყველა სექტორი უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ფემიციდი სათავეს იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ეს არის გამოწვეული გენდერული უთანასწორობით. ყოველდღიურად ახალგაზრდები ისმენენ, რომ „კაცი არის ქალის თავი“ და „ქალი უნდა იყოს მისი ნივთი“ და შედეგად ეს სისასტიკე ხდება, დანაშაული და მკვლელობები“, – გვანცა თვალიაშვილი.

პერფორმანსის მონაწილე, მარიამ კობიაშვილიც საკითხის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ გვინდა რომ მედიის საშუალებით ადამიანებამდე მივიტანოთ სწორი მესიჯები. ამ დემონსტრაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, თუ რამდენად ტრაგიკული სიტუაცია არის ფემიციდთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ფემიციდის წინააღმდეგ, უნდა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ“, – პერფორმანსის მონაწილე, “მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის” წევრი მარიამ კობიაშვილი.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.