„ადრეული ქორწინება კლავს ბავშვობას“
საზოგადოებაში განათლებული ქალის ყოლა ძლიერი და ნათელი მომავლის საწინდარია. თუ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში, მაშინ უნდა დავიწყოთ დედების გაძლიერებით.
მაგრამ თუ საზოგადოებაში ბავშვებს აიძულებენ შექმნან ოჯახი ადრეულ/საბავშვო ასაკში – ამ ოჯახისა და ქვეყნის მომავალი ნადგურდება, რადგან „გათხოვილი“ ბავშვი ვერ იღებს უმაღლესს და ბევრ შემთხვევაში საშუალო განათლებასაც კი. ეს კი მის, ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალს ანადგურებს. შესაბამისად, განათლების გარეშე დარჩენილო და გამოუცდელი დედა, ასევე გაუნათლებელ შვილს ზრდის.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალს შეუძლია ყველაფერი, თუ ეს შესაძლებლობა მიეცემა – მას შეუძლია შეცვალოს მთელი საზოგადოება უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბავშვებს აიძულებენ ქორწინებას.
ჩვენი რესპონდენტები არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ადრეული/ბავშვთა ქორწინებაზე – გვაზიარებენ პირად ისტორიებს.
„ 14 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, ჩემი ნებით გავთხოვდი და ახლა ვნანობ, რომ ასეთი შეცდომა დამემართა. ოჯახში ბევრი პრობლემა გვქონდა. მრავალშვილიანი და ეკონომიკურად სუსტი ოჯახის წევრი ვარ და გათხოვების გარდა თავის გადარჩენის გზას ვერ ვხედავდი. ასეთ სიტუაციებში გათხოვება თავისთავად პრობლემა არის.
ახლა ვარ სამი შვილის დედა. დედობის გარდა სხვა წარმატება არ მაქვს და მხოლოდ ჩემი შვილებისთვის ვცხოვრობ. ჩემი შვილები სკოლაში დადიან და საშინაო დავალებების შესრულებაში ვერ ვეხმარები, რადგან საშუალო სკოლა არ დამიმთავრებია.. არ მინდა ჩემს შვილებს ისეთივე ბედი ეწიონ, როგორც მე. ვცდილობ, რომ ჩემმა შვილები დაამთავრონ უმაღლესი განათლებას და ჰქონდეთ პროეფესია.
პატარა გოგოებს ვეტყოდი, რომ არ გათხოვდეთ! ისწავლეთ! ეს თქვენთვის ყველაზე საჭირო გზაა“- საუბრობს ჩვენი რესპონდენტი ლ.მ (ინიციალები შეცვლილია)
„ ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა უნივერსიტეტში სწავლა და ექიმობა, მაგრამ ოცნებები ვერ შევისრულე. 16 წლის ასაკში, ოჯახის ზეწოლის შედეგად დავქორწინდი ბიჭზე. ჩემთვის უცნობ ადამიანზე, რომელიც ბევრს სვამდა და გამუდმებით მცემდა. ახლა ჩვენ დავშორდით, შვილი მყავს და ვცდილობ გავზარდო, მაგრამ უმაღლესი განათლება არ მაქვს და ამიტომ სხვა გზა არ მაქვს მინდორში მუშაობის გარდა… მე არ მინდა სხვამაც ასეთი ცხოვრებით იცხოვროს. ამიტომ ვამბობ, რომ ნაადრევად არ დაქორწინდეთ და გადაარჩინეთ თქვენი მომავალი.
ადრეული ქორწინება კლავს ბავშვობას, ოჯახს, საზოგადოებას .. პირადი და საერთო კეთილდღეობისთვის არ გავათხოვოთ ბავშვები“- ი.გ (ინიციალები შეცვლილია).
ავტორი: ელლადა რიზალი
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.