რთული გზა საზოგადოებაში დაბრუნებისთვის – ყოფილი პატიმარი ქალების პრობლემები
პატიმარი ქალები საზოგადოების ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფია. მათთვის საზოგადოებაში დაბრუნების სურვილი დიდი, მიზანი კი რთულად მისაღწევია.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი პატიმარი ქალები საზოგადოების მხრიდან, მეტ-წილად, უარყოფით დამოკიდებულებას ხვდებიან. მათ მიმართ სხვადასხვა სტიგმა მოქმედებს – უნდობლობა, შიში.
ყოფილი პატიმარი ქალები ღიად და საჯაროდ არ საუბრობენ იმ დაბრკოლებების შესახებ, რაც გათავისუფლების შემდეგ ექმნებათ. საკითხზე მსჯელობენ და მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ასეთია, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“.
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა პატიმარი, პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებული ქალების რესოციალიზაციის ხელშეწყობის საკითხებზე.
„ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ცირა ჭანტურაია იმ გამოწვევებზე საუბრობს, რასაც ყოფილი პატიმარი ქალები აწყდებიან:
„ ქალები განიცდიან სტიგმას და ხშირად ასევე დისკრიმინაციას – მაგალითად, მათ უჭირთ ნასამართლობის გამო სამუშაოს მოძიება და დასაქმება. პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზოგიერთ ქალს ოჯახი არ იღებს და უსახლკაროდ, ასევე რესოციალიზაციისთვის საჭირო მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, ბედის ანაბარად. განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ქალებს საკუთარ შვილებთან ურთიერთობების პრობლემები აქვთ და გათავისუფლების შემდეგ საჭიროებენ დახმარებას ამ კავშირების აღსადგენად. პატიმრობის გამოცდილების გამო ბევრ ქალს აღენიშნება ფსიქოლოგიური პრობლემები,“- ცირა ჭანტურაია, „ ციხის საერთაშორისო რეფორმა.“
ყოფილი პატიმარი ქალების რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოების წევრების მხრიდან მიუღებლობა და განრიდება რესოციალიზაციაში ხელისშემშლელია.
„ საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენები ქალი პატიმრების შესახებ ხელს უშლის მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის საკითხისა და მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობის ფართო საზოგადოების წინაშე აქტუალიზება არსებითად მნიშვნელოვანია ქალ პატიმრებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი ძირითადი უფლებების დაცვის ხელშესაწყობად,“ – აღნიშნულია მასალაში „ქალი პატიმრები საქართველოში -პრობლემები და რეკომენდაციები“ .
როგორც უკვე აღინიშნა, მწვავე პრობლემების წინაშე დგანან უსახლკარო, მიუსაფარი ყოფილი პატიმარი ქალები.
„ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ზღუდავს ნასამართლევი პირის საჯარო სამსახურში დასაქმებას, ხოლო კერძო სექტორი ყოფილი პატიმრების დასაქმებაზე თავს იკავებს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის სუბიექტური, რაც პირისადმი უნდობლობაში გამოიხატება. ასევე, ობიექტური – დაბალი კვალიფიკაცია, პროფესიის არ ქონა ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა“ – ვკითხულობთ დემოკრატიის ინსტიტუტის პუბლიკაციაში „ყოფილი პატიმრების დასაქმების პრობლემა.
„ ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ცირა ჭანტურაია რესოციალიზაციის პროცესში სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტების როლზე საუბრობს :
„ სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ გამონახა სახსრები უსახლკარო, მიუსაფარი ყოფილი პატიმარი ქალების თავშესაფრით დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მუნიციპალური თავშესაფრები, ისინი ნასამართლობის მქონე ადამიანებს არ იღებს.
საჭიროა, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახური ზედამხედველობასთან ერთად, ასევე ქმედით დახმარებას უწევდეს სამსახურის მოძიების თვალსაზრისით.
ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესში თავისი როლი აქვთ ასევე მუნიციპალიტეტებს, თუმცა ამის შესახებ ან არ არიან ჯეროვნად ინფორმირებული, ან არ ხდება სათანადო მუშაობის გაწევა და რესურსების გამოყოფა სოციალურად დაუცველი ყოფილი მსჯავრდებული ქალების რესოციალიზაციის ხელშეწყობის“ მიმართულებით,“ – „ ციხის საერთაშორისო რეფორმა“.
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს