„ აქედან ჩემს შვილებს პურს მაინც მივუტან“ – უფასო სასადილოს ბენეფიციარი ქალები

რუსთავში წლებია ოთხი უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ქალაქში, რამდენიმე ასეული ქალისთვის  დღე ამ დაწესებულებაში მოსვლით  იწყება. მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სასადილო პურითა და საკვები პროდუქტებით ეხმარებიან.

ბენეფიციარი ქალები საკვების წასაღებად დილის 11:00-15:00 საათამდე მოდიან. მათ უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს:

„ 3 წელია, უფასო სასადილოთი ვსარგებლობ. პენსიონერი ვარ, მაგრამ ეს პენსია არ მყოფნის. გადასახადები უნდა გადავიხადო და თან, საჭმლისთვისაც ფული არ მრჩება. საკმარისი არ იყო ჩემი პენსია და ამიტომ მივმართე სასადილოს. ეს დიდი შეღავათია.. ყოველდღე მაინც ვერ დავდივარ, რადგან ცუდად ვარ. შვილიშვილი მყავს, მაგრამ ის  ჩანთას არ დაიკავებს და არ წამოვა“ – უფასო სასადილოს ბენეფიციარი ქალი.

ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ამ ქალების ნაწილი, ყოველდღე ვერ ახერხებს პროდუქტის წასაღებად მოსვლას. ამიტომ ზოგჯერ ამ დახმარების გარეშე რჩებიან.

როგორც რესპონდენტების ნაწილი  ამბობს, მათ დღეს სხვის ნაცვლად მოაკითხეს დაწესებულებას:

„ წნევის პრობლემა აქვს ჩემს მეზობელს და ვერ დადის, ამიტომ მე მიმაქვს მასთან პროდუქტი.

ეს დიდი მიღწევაა, კარგია, რომ უფასო სასადილოები არსებობს – მშიერი დადის ხალხი. ამით კი ელემენტარული პური მაინც აქვთ. ბევრ ქალს არ აქვს საშუალება საჭმელი იყიდოს.“

სასადილოს ბენეფიციარ ქალებს შორის მარტოხელა დედებიც არიან.  როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ამ დაწესებულების იმედად არის:

„ მეორე წელია უფასო სასადილოს ბენეფიციარი მქვია. მარტოხელა დედა ვარ და აქედან პროდუქტების წაღება დიდი დახმარებაა ჩემთვის. იმედი მაქვს,  რომ აქედან ჩემს შვილებს პურს მაინც მივუტან.“

უფასო სასადილოთი სარგებლობს ჩვენი მორიგი რესპონდენტიც. მას მარტოხელა პირის და სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ამბობს, რომ სასადილოს ბენეფიციართა შორის მოსახვედრად  შესაბამისი განცხადება  დაწერა, პასუხი 1 კვირაში მიიღო და წლებია ამ სერვისით სარგებლობს. თუმცა სხვა მოსაგვარებელი პრობლემებიც აქვს:

„ სასადილოში ყოველდღე ავტობუსით მოვდივარ. სახლში მარტო მე ვარ და პური, საჭმელი რაც მიმაქვს მყოფნის. ზოგჯერ  ცოტა საჩუქრებიც არის. იაფფასიანი რაღაცეები მოაქვთ, მაგალითად, ახალი წლისთვის, მაგრამ მთავრობაში  მილიარდები არ ყოფნით და მაგათი ახალი  წელი და ჩემი ერთია?!   პრობლემები მაქვს.. კარები, ფანჯრები დატეხილი მაქვს სახლში. ნეტა მაგაზეც დამეხმარებოდნენ.“

„ქალები და სიღარიბე საქართველოში“ ამ სახელწოდების დოკუმენტი 2022 წელს გამოქვეყნდა. მასში ქალების სიღარიბის გამომწვევი მიზეზებზეა საუბარი.

როგორც ირკვევა, ეკონომიკური არააქტიურობა და დასაქმების ადგილების დაბალი შემოსავლიანობა ქალების სიღარიბის რისკს განაპირობებს.  დოკუმენტში ასევე  აღნიშნულია, რომ საქართველოში ქალები ყოველთვიურად 34.2 %-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები.

„ საქართველოში იმ ოჯახების სიღარიბის ალბათობა, სადაც ოჯახის მარჩენალი ქალია უფრო მაღალია იმ ოჯახებთან შედარებით, სადაც ოჯახის მარჩენალ კაცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომქალებისსიღარიბე მჭიდრო კავშირშია მათ ოჯახურ მდგომარეობასთან. ოჯახებში, სადაც ყველა სრულწლოვანი წევრიც ქალია, 39.3 პროცენტი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, იმ ოჯახებთან შედარებით, სადაც ყველა სრულწლოვანი წევრი კაცია. ასევე,  განქორწინებული ქალები 10 პროცენტით უფრო მეტი ალბათობით ცხოვრობენ სიღარიბეში, ვიდრე ქორწინებაში მყოფი ქალები ’’ – ვკითხულობთ კვლევაში.

ფოტოს წყარო: რადიო თავისუფლება

ავტორი: მირანდა ფუტკარაია 

სტატია მომზადდაქალთა ფონდის საქართველოშიდაშვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელიაქვემო ქართლის მედიადა იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.