ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები – ამოცნობის და გამკლავების გზები
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, გენდერული ნიშნით ჩადენილ ნებისმიერ ძალადობას გულისხმობს, რასაც ქალებისთვის სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად არაერთი ქალი განიცდის რაიმე ტიპის ძალადობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის 665 შემთხვევა მოხდა, მათ შორის ყველაზე მეტი 540 ფსიქოლოგიური ძალადობა იყო.
ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა, რეალურად კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, გაცილებით მეტი დანაშაული ხდება.
ძალადობის ამ ფორმებსა და მასთან გამკლავების გზებზე ფსიქოლოგ თამარ გოგოლაძეს ვესაუბრებით.
„ ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ვერბალურ ან არავერბალურ კომუნიკაციას, რომლის მიზანიცაა მეორე ადამიანის კონტროლი ან მისთვის ემოციური ზიანის მიყენება. ფსიქოლოგიური ძალადობა სხეულზე ნაიარევებად არ რჩება, მაგრამ ის დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფსიქიკის გავლით ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს დამაზიანებელ ზემოქმედებას. ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოჩენა უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკური ძალადობის და ხშირ შემთხვევაში ამ უკანასკნელის წინამორბედიც არის ხოლმე.
ფსიქოლოგიური ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს: დაშინება, იძულება, შევიწროება, დაცინვა, დამცირება, გასლაითინგი, დევნა, იზოლირება, მანიპულაცია, კონტროლი, სახელების შერქმევა და ხანდახან სიჩუმეც კი. გასლაითინგის შემთხვევაში მოძალადეს გამუდმებით ეჭვი შეაქვს მსხვერპლის მიერ ფაქტების აღქმასა და მისი მოგონებების სისწორეში, ამით ირიბად აღვივებს მსხვერპლში საკუთარ თავის მიმართ დაეჭვებას და ხშირად მსხვერპლი საკუთარი ცნობიერების ადეკვატურობის კითხვის ნიშნის ქვეშაც აყენებს. სიჩუმე კი წარმოადგენს მეორე ადამიანთან კომუნიკაციის შეწყვეტას იმ მიზნით, რომ მოძალადემ მსხვერპლს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს და აიძულოს მოძალადის სურვილამებრ მიიღოს გადაწყვეტილებები. როგორც წესი, მოძალადე ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ რომელიმე ფორმას კი არ იყენებს, არამედ – რამდენიმე ფორმას ერთმანეთის მონაცვლეობით. ხანდახან, თუ მაგალითად დაშინება არ ამართლებს, მოძალადე ცდილობს სანაცვლოდ მსხვერპლში დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობები გააძლიეროს. თუ ასეც ვერ აღწევს თავის მიზანს, მოძალადე უბიძგებს მსხვერპლს რომ ეჭვი შეიტანოს საკუთარ აღქმაში, მოგონებებში, ბრალს დებს მას რომ გაგიჟდა, სრულ ჭკუაზე ვერაა. შედეგად მოძალადემ შესაძლოა მიაღწიოს იმას, რომ მსხვერპლს ეჭვი შეაქვს საკუთარ ადეკვატურობაში, ვერ ენდობა საკუთარ თავს და მოძალადე პარტნიორზე ხდება სრულად დამოკიდებული. ხშირად მოძალადე ინსტინქტურად ირჩევს ისეთ ადამიანს, რომელიც ისედაც მოწყვლადია სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობების მიმართ. აღზრდისას ბავშვთა დიდ ნაწილს მშობლები ხშირად აგრძნობინებენ თავს დამნაშავედ ისეთი რამეების გამო, რაც ბავშვის პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება ან შესაძლოა მშობლები ხშირად და უადგილოდ არცხვენდნენ ბავშვს. ძალიან დიდი შანსია ზრდასრულობაში ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი კვლავ გახდეს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი როგორც ოჯახურ, ასევე პარტნიორულ, მეგობრულ ან თუნდაც სამსახურებრივ ურთიერთობებში.
ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოჩენა რთულია როგორც გარე დამკვირვებლისთვის, ასევე ძალადობის სუბიექტისთვის. მოძალადე ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლმა ურთიერთობაში წარმოშობილ ნებისმიერ უსიამოვნებაში საკუთარი თავი დაიდანაშაულოს. მოძალადე ცდილობს მსხვერპლს შეუცვალოს წარმოდგენა საკუთარ თავზე, დაწიოს მისი თვითშეფასება და თვითპატივისცემა. ზოგი მოძალადე ამას არ სჯერდება და მსხვერპლს ახლობელი ადამიანებისადმიც უკარგავს რწმენას, შედეგად მსხვერპლი ნელ-ნელა ჩამოშორდება მისთვის მანამდე სანდო ადამიანებს და სრულიად მარტო და დასუსტებული რჩება მოძალადის წინაშე.
ფსიქოლოგიური ძალადობის ყველა სცენარი განსხვავებულია. მსხვერპლი ხშირად ჩაკეტილ წრეზე დადის, ის ეჭვობს, რომ უსამართლოდ ექცევიან, მაგრამ იქვე აღმოცენდება აზრები, რომ თავად მიიყვანა მეორე ადამიანი მსგავს მოპყრობამდე და რაღაცით დაიმსახურა ასეთი ქცევა ან ეჭვობს, რომ შესაძლოა თავად აღიქვამს ყველაფერს არასწორად. მსხვერპლს უჭირს დარწმუნდეს საკუთარი ემოციური სინამდვილის ჭეშმარიტებაში, ამგვარი დაეჭვებისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო ის დიდხანს რჩება ძალადობრივ ურთიერთობაში და მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა ხანგრძლივდება. თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხართ, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ასეც იყოს. თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ქვემოთ მოყვანილია ძირითადი ნიშნები, რომლებიც ფსიქოლოგიური ძალადობის ამოცნობას გაგიადვილებთ:
ა. თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ ოჯახურ / პარტნიორულ / მეგობრულ/ სამსახურებრივ ურთიერთობაში;
ბ. როცა ცდილობთ არსებულ პრობლემებზე საუბარს, სავარაუდო მოძალადისგან ყოველთვის წინააღმდეგობას აწყდებით, იგი ან უარყოფს პრობლემას ან ცდილობს სრულად თქვენზე გადმოიტანოს პასუხისმგებლობა და ყველა უსიამოვნება თქვენ დაგაბრალოთ. იშვიათად არის შემთხვევებიც, რომ იგი „აღიარებს“ დანაშაულს და ითხოვს პატიებას, თუმცა კვლავ და კვლავ იმეორებს იგივე დანაშაულებრივ ქმედებას;
გ. გრძნობთ, რომ თქვენი ემოციები და მოსაზრებები ამ ურთიერთობაში უგულვებელყოფილია.
დ. საკუთარი ღირსების გრძნობა დაგიქვეითდათ და ფიქრობთ, რომ თქვენი მოსაზრებები და არჩევანი არაფერს ნიშნავს კონკრეტულ ურთიერთობაში. თქვენი პიროვნება თანდათან თითქოს უხილავი ხდება;
ე. სავარაუდო მოძალადე რისხდება ყოველთვის, როცა უპირისპირდებით ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ მის ქმედებას;
ვ. პოტენციურმა მოძალადემ ძალიან ცოტა რამ იცის თქვენი ღირებულებების შესახებ და არ ადარდებს ისინი;
ზ. ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ყოველთვის დანის პირზე დადიხართ, ნებისმიერი მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს პოტენციური მოძალადის უკმაყოფილების ან რისხვის მიზეზი. ყოველი სიტყვის თქმისას ფრთხილობთ, რადგან შესაძლოა პასუხად სიცივე, უგულებელყოფა ან შეურაცხყოფა მიიღოთ;
თ. თავს ძალიან იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობთ, გიჭირთ სიტყვებით აღწეროთ თქვენი მდგომარეობა;
ი. მუდმივად სტრესს განიცდით, გაქვთ ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება და გაწუხებთ უძილობა“ – ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე.
ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე ასევე, საუბრობს რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ქალს ამ ფორმით ძალადობამ.
„ფსიქოლოგიური ძალადობისგან დამდგარი ზიანი საკმაოდ დიდია და შესაძლოა გახდეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების საფუძველი, მაგალითად დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფსიქიკა ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამს ფსიქიკურ და ფიზიკურ საფრთხეს, სხეულის რეაქცია ორივე შემთხვევაში ერთნაირია, იცვლება ჩვენი სისხლის მიმოქცევა და გულისცემის სიჩქარე, ხდება კუნთების მობილიზება; სისხლის მიწოდება ძლიერდება გულის, ფილტვების, კუნთების მიმართულებით და მცირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის, თავის ტვინის, რეპროდუქციული ორგანოების მიმართულებით. საფრთხის შემცველ სიტუაციებში ასეთი ცვლილებები გამართლებული და გადარჩენისთვის აუცილებელიცაა, მაგრამ როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში საფრთხისთვის მობილიზებული სხეულითაა და როცა ეს დღეები თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება, შინაგანი ორგანოები ზიანდება და მათი ფუნქციონირებაც იზღუდება.
ტრავმის მეხსიერების „გამოდევნა“ ძალიან რთულია როგორც ფსიქიკიდან, ასევე სხეულიდან. თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ძალადობა გამოვლილი ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური რეაგირება ძალიან განსხვავებულია ნებისმიერ თუნდაც უმნიშვნელო ცხოვრებისეულ მოვლენაზე, ჩვენ შესაძლოა გადაჭარბებულადაც მოგვეჩვენოს მათი რეაქციები, მაგრამ სწორედ ეს უჩვეულო რეაქციებია ნიშანი, რომ ადამიანს არანორმალური ცხოვრებისეული სიტუაციის გაძლება მოუწია.
ფსიქოლოგიური ძალადობიდან თავის დაღწევის შემდეგ ადამიანს სჭირდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური რეაბილიტაციის კურსი, ვგულისხმობ ფსიქოთერაპიას, არტ თერაპიას, სხეულზე მიმართულ პრაქტიკებს, როგორიცაა იოგა, მასაჟები, ცეკვა, ცურვა, საბრძოლო ხელოვნებები და ა.შ. სხეულზე მიმართული პრაქტიკები აუცილებელია, რადგან ადამიანმა კვლავ ისწავლოს საკუთარი სხეულისა და მისი რიტმის მოსმენა. ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანს შიშის ტყვედ აქცევს, მუდმივად შეშინებული ფსიქიკა კარგავს თანდაყოლილ, სრულყოფილ კავშირს სხეულთან და სრულფასოვანი ცხოვრების მიღწევა კი ამ კავშირის აღდგენის გარეშე შეუძლებელია.“ – თამარ გოგოლაძე, ფსიქოლოგი.
რაც შეეხება გამკლავების გზებს და პრაქტიკულ რჩევებს.
„ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ ხშირად ადამიანს აქვს განცდა, რომ მახეშია გაბმული, არაფრის უნარი აქვს და სიტუაციისგან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებს. ბევრი ქალი თუ გოგონა იწყებს ფიქრს, რომ მათ დაიმსახურეს ასეთი მოქცევა და ასეთი ცხოვრება. დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა ადამიანის დემობილიზაციას ახდენს, თანაც როცა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა დამოუკიდებლობა ხანგრძლივადაა შეზღუდული, მათ უკვე უჭირთ უმნიშვნელო გადაწყვეტილებების მიღებაც კი, ასეთ დროს მათ სხვების მხარდაჭერა სჭირდებათ. მხარდამჭერები შესაძლოა აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლის ახლობლები ან ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვასა და მათ გაძლიერებას ემსახურებიან. თუ ძალადობის მსხვერპლი საკმარის ძალას მოიკრებს და დაანახებს მოძალადეს, რომ არ სჯერა მისგან თავსმოხვეული ალტერნატიული რეალობის, რომ სწამს საკუთარი ღირსების და დაიცავს მას, მოძალადე შესაძლოა შეშინდეს კიდეც და უკან დაიხიოს, მაგრამ არსებობს მცირე შანსი რომ მან ისევ თავდასხმის სტრატეგია აირჩიოს, ამიტომ მეტი უსაფრთხოებისთვის ყოველთვის სჯობს, რომ მოძალადესთან კონფრონტაციისას მსხვერპლის სიახლოვეს ყოველთვის იყვნენ მისი დაცვისთვის მზადმყოფი ადამიანები ან მსხვერპლმა ისე დააღწიოს თავი მოძალადეს, რომ არ მოუწიოს პირდაპირი კონფრონტაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური მოძალადეების დიდი ნაწილის თვითგადარჩენის ძირითადი სტრატეგია მანიპულაციაა, ფსიქიკური ინტეგრაციის შენარჩუნებისთვის ისინი გამუდმებით აკოწიწებენ საკუთარ რეალობას, რომელშიც მუდამ მართლები არიან და ხშირად საკუთარ თავს აღიქვამენ გარემოებებისა და სხვა ადამიანების მსხვერპლად. ნუ ეცდებით ამ რეალობის დანგრევას, ეს თითქმის შეუძლებელია, თქვენი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს მოძალადისგან თავის დაღწევა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური მოძალადის შველას ან შეცვლას ნუ შეეცდებით, ძალიან დიდი ვარაუდით თქვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.
- თქვენ სრული უფლება გაქვთ გქონდეთ პირადი საზღვრები, ინდივიდუალური სივრცე, რომელშიც უახლოესი ადამიანებიც ვერ შემოიჭრებიან. ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ ნებისმიერი იმ ადამიანის მოტივაცია, რომელიც უარყოფის პირადი სივრცის ქონის აუცილებლობას, პატივს არ სცემს თქვენს პირად საზღვრებს და თვითნებურად იჭრება მასში;
- მარტოდ დარჩენილ ადამიანს უჭირს რეალობაში ორიენტირება, რაა სინამდვილე და რაა ჩვენი გამონაგონი? მსგავსი კითხვები ძალიან მტანჯველია, როცა ადამიანი სულ მარტო რჩება. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს უამრავი ნაკლი აქვთ, ისევე როგორც ჩვენ. ხშირად ფსიქოლოგიური მოძალადე სწორედ ახლობლების სხვადასხვა ნაკლს აღმოაჩენს საოცარი სიზუსტით და მათზე მიგვითითებს, ჩამოგვაშორებს ამ ადამიანებთან და იზოლაციაში გვტოვებს. იზოლაცია არაა ბუნებრივი მდგომარეობა არც ერთი ადამიანისთვის. არ დარჩეთ მარტო, ეცადეთ გააძლიეროთ კავშირები თქვენთვის სანდო ადამიანებთან;
- ხშირად ფსიქოლოგიური მოძალადე მანიპულირებს არა მხოლოდ ძალადობის ობიექტზე, არამედ გარშემომყოფებზეც, ამ გზით ის საკუთარი ძალადობრივი ქცევის ვალიდაციას ახდენს. ასე რომ, თუკი სხვა ადამიანებიც გეუბნებიან, რომ თქვენი პარტნიორის ქმედებები სწორია და თქვენ სასიკეთოდაა მომართული, მაგრამ თქვენ მაინც დამცირებულად, შეშინებულად გრძნობთ თავს, ნუ უარყოფთ თქვენს ემოციურ რეალობას.“
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, საუბარია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე, რომელიც ამ დრომდე ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება ქვეყნისთვის.
„საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საჭიროებს იმ ქცევის, შეხედულებებისა და ჩამოყალიბებული ურთიერთობების შეცვლას, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას ამყარებს და ძალადობის ნორმალიზებას ახდენს. გენდერული როლები, რომლებიც შინამეურნეობაში ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, საფუძვლად უდევს ქალის მიმართ ძალადობის ნორმალიზებას.
ეს, განსაკუთრებით, ოჯახის დონეზე ვლინდება, სადაც ძალადობა ხშირად კაცის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია. აღნიშნული კი ხაზს უსვამს კაცებსა და ბიჭებთან მუშაობის მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ – ვკითხულობთ კვლევა
აქვე, საგულისხმოა ისიც რომ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს შორის მე-5 მიზანი, გენდერული თანასწორობის საკითხია. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვან პრიორიტეტად, ქალების და გოგონების მიმართ, ყველა ფორმის ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა სახელდება. მიზნის მიღწევა, ყველა ხელმომწერი ქვეყნისთვის 2030 წლამდე სავალდებულოა, მათ შორისაა საქართველოც.
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.