ბოლნისის თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა – ბოლო ადგილიდან პირველზე გადანაცვლება

თვითმმართველობის ინდექსის, უახლესი მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლში ლიდერობა რუსთავის მუნიციპალიტეტმა ბოლნისს დაუთმო. დღეს ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლება, ინდექსის მიხედვით, არის ქვემო ქართლის ყველაზე კარგი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტი – ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნაწილში.

2023 წლის ინდექსის შედეგებით ბოლნისს 43% აქვს, მაშინ როდესაც 2021 წელს მისი შედეგი – 13% იყო. ამ შედეგს წინ უძღოდა, სამუშაო პროცესი, რომლის მიზანიც ბოლნისის მერიის და საკრებულოს გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობის/შედეგების გაუმჯობესება იყო.

ჩვენმა ორგანიზაციამ „ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge” ადგილობრივ პარტნიორთან  „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ ერთად, 2022 წელს, დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის.“ ინიციატივის მხარდამჭერი გახლდათ, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC).

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მერიასა და საკრებულოსთან თანამშრომლობა დაიწყო ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში მერაბ ცინდელიანმა. ვმართავდით, როგორც საინფორმაციო, ასევე სამუშაო შეხვედრებს ბოლნისის მერიასა და საკრებულოსთან. მუნიციპალიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელშიც აქტიურად მუშაობდნენ ბოლნისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. ექსპერტთან ერთად, მათ შეისწავლეს ის საკითხები, რომელიც პრობლემური იყო გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე.

ერთობლივი მუშაობით, ამჯერად ბოლნისი გახდა ქვემო ქართლის ლიდერი მუნიციპალიტეტი, თვითმმართველობის ინდექსის უახლესი, მონაცემების თანახმად.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით