რა უთხრეს სახალხო დამცველს მარნეულში?!
დღეს, მარნეულში პროექტის ფარგლებში”კულტურული და სოციალური ვიზიტი ქვემო ქართლის რეგიონში“ შეხვედრა გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან.
სამოქალაქო და სამთავრობო სექტორს, ლევან იოსელიანისთვის და მისი აპარატისთვის, სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა.
ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის ნაწილი, დისკუსიის დროს შემდეგ საკითხებს შეეხო:
თვითმმართველობების გაუმართავი სოციალური პოლიტიკა – სოციალური სერვისების ნაკლებობა, არსებულის დაბალი ხარისხი და ერთჯერადი დახმარებები, რომელიც ვერც ერთ მოწყვლად ჯგუფს ვერ უგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას;
დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევები. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის ნაწილის მიერ გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სამუშაო ადგილების შესახებ არსებული ინფორმაცია არის წარმოდგენილი, მხოლოდ ქართულ ენაზე და ენობრივი ბარიერის გამო, საქართველოს აზერბაიჯანელების ნაწილს, არ აქვს მასზე წვდომა;
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სასკოლო განათლების მიმართულებით. მწვავე პრობლემად დასახელდა სკოლაში პედაგოგთა კვალიფიკაციის, სასწავლო რესურსების (ლაბორატორიები) და დირექტორების საკითხი. ის გარემოება, რომ მარნეულში სკოლის დირექტორების უმრავლესობა არ არის სერთიფიცირებული და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მათი დანიშნვა პოლიტიკური მოტივებით ხდება – წინასაარჩევნოდ სარგებლის მიღების მიზნით.
შეხვედრისას ყურადღების ცენტრში იყო ბავშვთა ქორწინების თემა. აღნიშნულზე სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ საკითხი არის მათი აპარატის ყურადღების ცენტრში და კომპეტენციის ფარგლებში, კეთდება მათი მხრიდან მაქსიმუმი.
ე.წ ქურდული მენტალიტეტის გაძლიერება ქვეყანაში და განსაკუთრებით ახალგაზრდების მენტალობაში ამგვარი ცვლილებები, იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილის საუბრის მთავარი თემა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობების გამჭვირვალობის კუთხით არსებულ პრობლემებზე, გაჭიანურებულ და არაკვალიფიციურად წარმართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ საუბარი შეეხო, მარნეულის ცენტრალური ქუჩების გაჭიანურებულ რეაბილიტაციას და იმ საკითხს, რომ ეს თემა, უკვე დიდ პრობლემად იქცა მარნეულში მცხოვრები შშმ პირებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.
კულტურის თემატიკაზე კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უყურადღებობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც დგას, თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის და აღიარების მიუხედავად, ფოლკლორული ანსამბლი „სარვანი.“
თავის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე ისაუბრეს, საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებმა. აცხადებდნენ, რომ თვითმმართველობა მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სომხური თემიც ცხოვრობს, არ ახდენს მნიშვნელოვანი ინფორმაციის თარგმნას და გავრცელებას სომხურ ენაზე.
აღნიშნული საკითხების ჩამონათვალი არ არის სრული.
დისკუსია სხვა თემებსაც შეეხო და წარმოადგენდა ერთგვარ გამოძახილს და სურვილს, ხელისუფლებამ გამოიჩინოს მეტი ღიაობა და მზაობა სამოქალაქო სექტრთან თანამშრომლობის.
სახალხო დამცველის აპარატმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს, იმუშავებს შესაბამის აქტორებთან და გაითვალისწინებს, მიღებულ ინფორმაციას, ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის მომზადების დროს.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, „მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის და კანონის უზენაესობის ფონდთან” ერთად. ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის ორგანიზატორი სამირა ბაირამოვა.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლია, მხოლოდ, საიტის მითითებით