შაუმიანის განათლების სათემო ცენტრი

როგორ სწავლობს 80 წელს მიღწეული ადამიანი ხალიჩის ქსოვას – ეს „შაუმიანის განათლების სათემო ცენტრში“ შეგიძლიათ ნახოთ. ცენტრი, რომელიც 2010 წელს დაარსდა,  ქალებს და არა მარტო მათ, სხვადასხვა კურსებს, აქტივობებს და  ღონისძიებებს სთავაზობს.

სათემო ცენტრი მარნეულში, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ფუნქციონირებს.

მისი დირექტორი ნათია ოქროპირიძე  გვიყვება, თუ როდის და რატომ გაჩნდა ცენტრის დაფუძნების იდეა.

„ 2008 წლის ომის  შედეგად  შაუმიანში, კოდაში პატარა და დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები გადმოსახლდნენ.  „შაუმიანის განათლების სათემო ცენტრი“ მათი ადგილობრივებთან ინტეგრირების მიზნით  გაიხსნა, DVV intrnational-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენი მიზანია იძულებით გადაადგილებული პირების, ეროვნული უმცირესობების, ეკომიგრანტების, ინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება – განათლების დონის ამაღლების და განვითარების გზით“- ნათია ოქროპირიძე.

პროექტები, რომელსაც სათემო ცენტრი საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვანია. ტურები, შეჯიბრებები, სასწავლო კურსები   – თემის ცხოვრებას საინტერესოს ხდის.

როგორც ნათია ოქროპირიძე აღნიშნავს: „ცენტრი აძლევს შესაძლებლობას ადამიანებს შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია ან განივითარონ უნარები, რომ შეძლონ დასაქმება როგორც სხვაგან, ასევე დაიწყონ თავიანთი საქმიანობა.“

ცენტრი აქტიურად მუშაობს  თემის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის. ამისი მაგალითია,  ორწლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც  მოქალაქეებმა ადგილზე არსებული პრობლემები გამოავლინეს, შეისწავლეს და ადვოკატირებაც გასწიეს. ადგილზე, სავარჯიშო ინვენტარიც, სწორედ, ამ პროექტის დამსახურებით მოეწყო.

სათემო ცენტრი აქტიური იყო პანდემიის პირობებშიც.  ქალთა ფონდის დაფინანსებით,  ქალთა შრომით უფლებებზე,  ონლაინ  ტრენინგი, ჩატარდა.  მას ადგილობრივები,  ხიხანში მცხოვრები ეკომიგრანტი და შაუმიანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალები დაესწრნენ.

სოფელ ხიხანში განხორციელდა ასევე ინგლისურის, ხელსაქმის და ფინანსური განათლების შემსწავლელი კურსები.  წითელსოფელში კი ჩატარდა ქართული ენის, კულინარიის და ფსიქოლოგიის კურსები.

„ ვცდილობთ, გავიდეთ ისეთ ადგილებში,  სადაც არ ტარდება აქტიურად ღონისძიებები“, – ამბობს   სათემო ცენტრის დირექტორი.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრ“-მა, ასევე განახორციელა პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“. მისი  მთავარი მიზანია ადგილობრივი ქალების სამეწარმეო უნარებისა და ცოდნის გაზრდის ხელშეწყობა.

ცენტრი ჩართულია GIZ-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში სახელწოდებით: „იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა კავკასიაში.“

პროექტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობის გაზრდას და გააქტიურებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა შაუმიანის ახალგაზრდული კლუბი.

ახალგაზრდული კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებშიც.  გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით შაუმიანის დევნილთა დასახლებაში  დასუფთავების აქცია არაერთხელ გაიმართა.

ადგილობრივების ინტერესებზე იყო მორგებული სათემო პროექტი ,,მომისმინე.” პროექტი ,,საქართველოში დევნილი და ადგილობრივი თემის გაძლიერება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებრივი ცხოვრების მხარდაჭერის“ ფარგლებში, DVV International-მა GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

მიმდინარე წლის აპრილში კი პროექტის ფარგლებში: „საქართველოს თემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების” ჩატარდა ფესტივალი, სახელწოდებით ,,გენდერი ფოკუსში”. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა – ადგილობრივი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა  და ჩატარდა მედიაკონკურსი.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრ“-მა,  ასევე, მონაწილეობა მიიღო, სოფელ მარადისის მოსახლეობის და ეკო კლუბი ,,მია”-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ფესტივალში.

ცენტრის დირექტორის თქმით სექტემბრიდან ახალი პროექტების  განხორციელებას აქტიურად შეუდგებიან.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი“-ს მნიშვნელობაზე გვესაუბრება  ცენტრის  პროექტის კოორდინატორი ლილი მელანაშვილიც: „ ცენტრი  როგორც ხანდაზმულებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის არის სივრცე, სადაც გაუჩნდათ ახალი მეგობრობის – განვითარების, აზრების გაცვლის და ურთიერთობების   შესაძლებლობა.“

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.