„ეკო ცენტრი“ – გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებისთვის
„ეკო ცენტრი“ წარმოადგენს რუსთავში მოქმედ გარემოსდაცვით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის შესახებ მის დამფუძნებელთან, თინათინ მაღედანთან ვსაუბრობთ.
როდის და რა მიზნით შეიქმნა ცენტრი?
„ეკო ცენტრი“ 2021 წელს დავაარსე და, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზანი მაინც გარემოსდაცვითი განათლება და სამოქალაქო აქტივიზმის/პასუხისმგებლობის წახალისებაა ჩვენს თემში და შემდგომ უკვე, ქვეყნის მასშტაბით.
სახელს რაც შეეხება, „ეკო ცენტრი“ იმიტომ შევარჩიე, რომ მინდა ეკოცენტრული მიდგომის პოპულარიზაციაც შევძლოთ. ეკოცენტრიზმი, ჩემი აზრით, არის მდგრადი განვითარების უმთავრესი გზა, რადგან ეს მიდგომა სიცოცხლის ცენტრად აყენებს არა ადამიანს, არამედ მთლიანად დედამიწას, რათა განვითარებამ საფრთხე არ შეუქმნას იმ ბუნებრივ სისტემებს, რომლებიც განაპირობებენ სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ეგოცენტრიზმსაც შევეწინააღმდეგოთ, რაც საზოგადოებისთვის არამხოლოდ გარემოსდაცვითი კუთხით იქნება მნიშვნელოვანი, არამედ სხვა ყველა მიმართულებითაც.
წესდების მიხედვითაც ჩვენი ძირითადი მიზნებია:
- სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
- გარემოს დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- მდგრადი განვითარების პოპულარიზაცია და ადვოკატირება;
- გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება;
- სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
- ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება;
- კანონის უზენაესობაზე, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება;
- დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა;
- ტოლერანტული და თანასწორი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
- სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ამ დროისთვის რომელი პროექტები/ინიციატივები გაქვთ განხორციელებული?
რადგან 2019 წლიდან ვარ სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტი. მოძრაობის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, „ეკო ცენტრის“ საქმიანობა საწყის ეტაპზე სრულად მოერგო „გავიგუდეთ“-ის საჭიროებებს და ყველა საგანმანათლებლო, გამწვანების თუ სხვა აქტივობა კვლავ ხორციელდებოდა „გავიგუდეთ“-ის სახელით. ჰაერის დაბინძურების პრობლემის შემცირებასთან ერთად „ეკო ცენტრს“ მიეცემა საშუალება, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს საგანმანათლებლო საქმიანობა და ადვოკატირება არა მხოლოდ ჰაერის, არამედ ზოგადად გარემოსდაცვითი მიმართულებით. ამ ეტაპზე, უკვე დავიწყეთ ნარჩენებისა და რუსთავის ჭალის ტყის საკითხის წინ წამოწევა.
ჩვენს ოფისში მოხალისეობრივად გავხსენით პლასტმასას შემგროვებელი პუნქტი და უკვე ნახევარ–ტონამდე პლასტმასი შევაგროვეთ მოსახლეობის დახმარებით. ასევე, დღითიდღე იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც მაკულატურაც მოაქვთ ჩვენს ოფისში. ამ ნარჩენების ნაწილს დონაციის სახით გავცემთ გადამამუშავებელ საწარმოებზე, ნაწილს ვყიდით და მიღებული თანხით ვყიდულობთ ნერგებს, რომელთაც შემოდგომას ჩვენს ქალაქში დავრგავთ.
დღემდე ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა აქტივობით ირიბად მაინც სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ საქმიანობა გავაძლიეროთ და ადგილზე შევქმნათ გარემოსდამცველების და აქტიური მოქალაქეების ქსელი.
ამაში გვეხმარებიან ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციები და ფონდები, მაგალითად, USAID/აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ღია საზოგადოების ფონდი, ქალთა ფონდი საქართველოში.
ერთ თვეში სრულდება USAID/EWMI-სა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა ფარგლებში ასობით ადამიანთან გვქონდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ კომუნიკაცია. ორგანიზება გავუწიეთ ტურებს საწარმოო ზონაში, შევისწავლეთ არაერთი საწარმოს ტექნიკური დოკუმენტი, დავესწარით საჯარო განხილვებს და ჩვენ მიერ მომზადებული კომენტარები გავუზიარეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩავატარეთ ვიდეოების კონკურსი ჰაერის დაბინძურების თემაზე, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სკოლებთან და ამ სფეროთი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან თუ ინდივიდებთან, ჩავწერეთ რამდენიმე ვიდეო საქართველოში ცნობილი ექიმების მონაწილეობით, რომლებიც საუბრობენ დაბინძურებული გარემოსა და სხვადასხვა დაავადების ურთიერთკავშირზე, საზოგადოებას მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ როგორც ვიზუალური, ისე სხვა საინფორმაციო მასალების მეშვეობით, მათ შორის, საწარმოო ზონის მონიტორინგის ამსახველი კადრების გავრცელების გზით, დავიწყეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის კვლევა, მოხალისეობრივად ვუვლით რამდენიმე გამწვანებულ ტერიტორიას და სხვ. ამ ყველაფრის მიზანი მოხალისეობრივი კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება/ანგარიშვალდებულების გაზრდაა. ასევე, განხორციელებული აქტივობებით ხელი შევუწყვეთ ჰაერის დაბინძურების თემის აქტუალურობის შენარჩუნებას და საზოგადოებაში ზოგადად გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სხვადასხვა ეკო-კლუბებთან და ახალგაზრდებთან ჩატარებული შეხვედრები თუ ტრენინგები, რადგან ეს ადამიანები შემდგომ გარემოსდაცვითი საკითხების ძალიან დიდი მხარდამჭერები ხდებიან ხოლმე.
გარდა ამისა, გვაქვს „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ, რომ გარემოსდაცვით ადვოკატირებაში წავახალისოთ ქალებისა და გოგონების ჩართულობა და გავაძლიეროთ ისინი. ამ მიზნით, უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, ორდღიანი ტრენინგი გარემოსდაცვითი ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, კინოჩვენება ქალი გარემოსდამცველების შესახებ, რათა მოტივაცია გავუღვიძოთ ქალებსა და გოგონებს, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია მაკულატურის შეგროვების წასახალისებლად, მოვაწყვეთ საინფორმაციო ტური რუსთავის ჭალის ტყეში. გარდა ამისა, სულ მალე იგეგმება პრაქტიკული ტრენინგი პროექტების წერისა და მარტივი ვიზუალური მასალების მომზადების შესახებ, რათა ქალებმა და გოგონებმა თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში შეძლონ ამ ცოდნის გამოყენება.
ამასთან, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ბრძოლების დაახლოებისა და ერთმანეთის გაძლიერების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა გარემოსდაცვით ჯგუფებთან, მათ შორის, ქალ აქტივისტებთან „დიღმის ჭალებიდან“ და „იპოდრომიდან“.
რა ხელის შემშლელი ფაქტორები გაქვთ საქმიანობაში?
ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი მაინც ის არის, რომ ქვეყანაში იმდენად არასტაბილური სიტუაციაა, რომ გარემოსდაცვითი საკითხებისთვის რომ პოლიტიკის დღის წესრიგში ადგილი შექმნა, საკმაოდ რთულია. ასევე, რთულია ისიც, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დაბალია ცნობიერება, თუმცა, ეს როგორც შესაძლებლობა ეგრეც შეგვიძლია დავინახოთ და საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა სულ 2-3 საათიანი შეხვედრის შემდგომ, როგორ სხვანაირად იწყებენ ადამიანები ფიქრს. რთულია ისიც, რომ ხშირად სხვების დაუდევრობის გამო გვიწევს ერთსა და იმავე საქმეს რამდენიმეჯერ მივუბრუნდეთ. მაგალითად, გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახისთვის ცეცხლის წაკიდების არაერთი შემთხვევა იყო, აზიანებენ ირიგაციას რაც ასობით ლარის და უზარმაზარი ადამიანური, დროითი და ემოციური რესურსის ხელახალი დახარჯვის ტოლფასია.
გარდა ამისა, რადგან პატარა ორგანიზაცია ვართ, რა თქმა უნდა, არც ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსებისა და ფონდების მოძიებაა მარტივი. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენი პატარა გუნდი, ვფიქრობ მაქსიმუმს აკეთებს, რომ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში გარემოსდაცვითი და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. იმედია, მალე კიდე უფრო გავიზრდებით, გავძლიერდებით და მეტს შევძლებთ.
QvemoQartli.ge
სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით