„ იმისთვის რომ შეძლო სხვების მხარდაჭერა, შენც მუდმივად უნდა ვითარდებოდე “ – ბოლნისის ახალგაზრდული სახლი

ერთმანეთის გაძლიერებისთვის – შეიძლება ასეც ვუწოდოთ იდეას, რომელმაც ბოლნისელი ახალგაზრდები გააერთიანა. შედეგად, 2020 წელს შეიქმნა ორგანიზაცია  „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“.  მისია გახლავთ, ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის არაფორმალური განათლების გადაცემა.

გუნდი სამი მუდმივი წევრისაგან შედგება. ასევე ჰყავს, 40-მდე მოხალისე.

„ ახალგაზრდებს უხარიათ ჩვენთა მოსვლა. გვთხოვენ გავაკეთოთ ახალი პროექტები, რათა შევცვალოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც უკავშირდება მხოლოდ სკოლას, სახლს და მასწავლებლებს.

თავდაპირველად მუშაობის სხვადასხვა მიმართულება გვქონდა – ახალგაზრდების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, თუმცა გვქონდა სპორტული მიმართულება, კულტურული მიმართულება და სხვა. რაც დრო გავიდა, მივხვდით რომ ახალგაზრდა გოგონების განვითარება არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და მიზანი, რომ მათ მივცეთ რაღაც ახალი და გავუფართოოთ თვალსაწიერი.

ფემინიზმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგეგმავთ რომ გოგონებზე ვიყოთ ორიენტირებულნი და აქ, ჩავდოთ ჩვენი რესურსი. თუმცა, არის კიდევ სხვა იდეები – ვხედავთ სხვადასხვა პრობლემებს რაზეც არ საუბრობენ და ამიტომ, მომავალში გვინდა მაქსიმალურად ჩავერთოთ ასეთი საკითხების მოგვარებაში”, – ანა უგრეხელიძე, ბოლნისის ახალგაზრდული სახლის ხელმძღვანელი.

ანა გვიყვება, ამ დროისთვის, მათ ბოლო პროექტზე. ეს ინიციატივა სწორედ ფემინიზმს ეხებოდა და მისი სახელწოდება გახლდათ: „ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის”.

პროექტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, რომელშიც ბოლნისელებთან ერთად, თეთრიწყაროელი და დმანისელი ახალგაზრდებიც ჩაერთნენ.

„ პროექტმა ახალი, ფართო ფანჯარა გახსნა ჩვენთვის. ცხადია, ისედაც ვიცოდით თუ რა პრობლემები არსებობდა, თუმცა ამჯერად მათი მასშტაბი უკეთ დავინახეთ.

გვქონდა ბანაკი, სადაც ფემინიზმზე ვისაუბრეთ, ასევე ფსიქოლოგთან შეხვედრაც. 15 გოგო უნდა წაგვეყვანა, ბოლნისის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან და 47 განაცხადი შემოვიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრას, მუდმივად, ითხოვდნენ. ამან დაგვანახა იმ სესიების და იმ თერაპიული აქტივობების საჭიროებაც, რაც პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ”, – აღნიშნავს ანა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ახალგაზრდების საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინიციატივებს მოხალისეობრივადაც ასრულებს. ხშირად მართავენ ფილმის ჩვენებას, ასევე, მინი-ფეხბურთის ტურნირებს და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

მათი ორგანიზებით იმართება ტრენინგები ლიდერობაზე,  კომუნიკაციასა და ჯგუფურ მუშაობაზე.

„ ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან იმიტომ, რომ თავადვე გეგმავენ რეალურად ყველაფერს. ისე არ ხდება, რომ აი, ანის უნდა რაღაც და მოდი გავაკეთოთ – ერთად ვსხედვართ და განვიხილავთ რა არის საჭირო და საინტერესო”, – ამბობს ანა უგრეხელიძე.

ანა უგრეხელიძე პროექტის მონაწილესთან ერთად

დიდ ენთუზიაზმთან ერთად, ანა და მისი გუნდი სრულად აცნობიერებს, რომ ორგანიზაციის გაძლიერებისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი იდეის გაცოცხლებისთვის, დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ მხარდაჭერა, ჩვენთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი რომ არ არსებობდეს,  ჩვენი ორგანიზაცია ვერ იცოცხლებდა, ან თუ იცოცხლებდა ეს დროებითი იქნებოდა.

ჩვენი მხარდამჭერი არის „ქალთა ფონდი საქართველოში” და უკვე მათი ორი პროექტი გვქონდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა გააძლიერონ ჩვენნაირი ორგანიზაციები და ის სულისკვეთება რაც გვაქვს არ გაქრეს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიეთ თუნდაც იმით, რომ შევქმენით თავისუფალი სივრცე, სადაც ახალგაზრდები მოდიან და საუბრობენ ღიად. ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, ახალ იდეებს აჟღერებენ, ხანაც კამათობენ და ასე ვითარდებიან. ჩვენ ახლა გვჭირდება ის მხარდაჭერა, რაც ორგანიზაციას განვითარებაში და წინსვლაში დაეხმარება”, – ანა უგრეხელიძე.

ანა, გარდა იმისა, რომ ბოლნისის ახალგაზრდული სახლის ხელმძღვანელია, ასევე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ის ტრენერია, სამოქალაქო ლიდერობის და ასევე, მეწარმეობის კუთხით. მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებთან სამუშაოდ არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება და საჭიროა მრავალფეროვნება.

„ პროფესიით გეოგრაფი ვარ, თუმცა არასდროს მიმუშავია ამ მიმართულებით. ყოველთვის ვსწავლობ იმას რაც მომწონს. სხვადასხვა მიმართულებით ვვითარდები და  ვიღებ ცოდნას.

ფოტო ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივობიდან

თუ გინდა რომ ახალგაზრდებთან იმუშაო, შეუძლებელია ერთ ადგილას იდგე და გაჩერდე – მუდმივად უნდა ვითარდებოდე შენც, რომ შემდგომში სხვები განავითარო” – აღნიშნავს, ანა უგრეხელიძე ბოლნისის ახალგაზრდული სახლის ხელმძღვანელი.

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.