მარნეულის მერიამ QvemoQartli.ge-ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვა

მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, QvemoQartli.ge უშედეგოდ ცდილობს, მარნეულის მერიისგან მიიღოს ინფორმაცია, მათი შიდა აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაცია ითხოვს მოგვაწოდონ საჯარო ინფორმაცია მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წელს, მომზადებული დასკვნების/ანგარიშების და რეკომენდაციების შესახებ.

უპასუხოდ დატოვებული წერილების შემდეგ, „ ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მარნეულის მერიას.

საჩივრის განხილვა დღეს შედგა მარნეულის მერიაში, სადაც მოულოდნელად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისთვის შექმნილმა კომისიამ სხდომის დახურული ფორმატით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ „მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბექა გავაშელმა არ განმარტა.

„ ქვემო ქართლის მედიის– QvemoQartli.ge“ ხელმძღვანელი მანონ ბოკუჩავა კი აცხადებდა, რომ როგორც მხარე მომხრეა პროცესის სრული გამჭვირვალობის და ითხოვს, მასზე დასწრების უფლება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს. ასევე ორგანიზაცია განმარტავდა, რომ კომისია არ განიხილავს პერსონალურ, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოს, შესაბამისად, მისი დახურვის საჭიროება არ დგას.

კომისიამ არ გაიზიარა ორგანიზაციის მოთხოვნა და სხდომის სივრცე დაატოვებინა, როგორც რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს, ასევე „ქვემო ქართლის მედიის“ კორესპონდენტს.

შედეგად „ ქვემო ქართლის მედიამ“ მოითხოვა, სხდომა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ესწრებოდა სხდომას, ისე რომ არ იყო აღნიშნული სარჩელის განხილვისთვის შექმნილი კომისიის წევრი.

სხდომაზე „ქვემო ქართლის მედიის“ ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქვემო ქართლის ოფისის იურისტი, ნანა ტყაბლაძე იცავდა. მან სხდომის წევრებს გააცნო საკითხთან დაკავშირებით  არსებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.

სხდომაზე, მერიის კომისიის წევრებს არ გაუკეთებიათ განცხადება/კომენტარი და არ დაუსვიათ რაიმე სახის დამაზუსტებელი კითხვები.

ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის შედეგს, ორგანიზაციას მარნეულის მერია, 26 აპრილს გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ შიდა აუდიტებთან დაკავშირებით „ქვემო ქართლის მედია“ ინფორმაციას ითხოვს რუსთავის და გარდაბნის მერიისგანაც. რუსთავის მერიიდან მიღებული უარის შემდეგ, ორგანიზაცია საია-ს ქვემო ქართლის ოფისის დახმარებით სარჩელს ამზადებს და უახლოეს დღეებში, მიმართავს სასამართლოს. ხოლო, გარდაბნის შემთხვევაში  – ელის ადმინისტრაციულ საჩივარზე უწყების რეაგირებას.

QvemoQartli.ge