კვლევა გენდერულ სტერეოტიპებსა და მავნე წეს-ჩვეულებებზე
„ გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში“ – ასეთი სახელწოდების კვლევა ჩატარდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ს მიერ, სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ბოლნისი, ზუგდიდი, ქედა, ხარაგაული, ხაშური.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მუშაობენ და მათი შერჩევაც, კვლევისთვის, ამ ნიშნით მოხდა.
კვლევითი დოკუმენტი ცენტრმა გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.
კვლევის მონაცემების შეკრიბეს, 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში. გამოიყენეს, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდები. ჩატარდა გამოკითხვა, სიღრმისეული ინტერვიუები და სამაგიდე კვლევა.
„კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, მოქმედი გენდერული ნორმებისა და მავნე წეს-ჩვეულებების შესწავლა“ – ქალთა საინფორმაციო ცენტრი.
კვლევისათვის სპეციალურად შემუშავებული ანკეტის საშუალებით, გამოიკითხა 214 რესპონდენტი, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ 5 ხელმძღვანელ პირთან, ფოკუს-ჯგუფებში ჩართული იყო 20 რესპონდენტი.
კვლევის ავტორი ლელა ხომერიკია. მას კვლევითი სამუშაოს შესრულებაში ტექნიკური მხარდაჭერა გვანცა ჩიქოვანმა გაუწია.
ძირითადი მიგნებები
მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინების ფაქტები მაინც ხდება. რესპონდენტთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მათ მუნიციპალიტეტებში კვლავ გავრცელებულია, თუმცა რესპონდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, კერძოდ 43% მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ცალკეულ შემთხვევებს. გამოკითხულთა 48% თვლის, რომ მათ მუნიციპალიტეტებში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების პრაქტიკა არ არის გავრცელებული. სიღრმისეული ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, შესამჩნევია პროგრესი.
ოჯახის შექმნის მიზნით გოგონების მოტაცების ტრადიცია წარსულს ბარდება. რესპონდენტთა 81%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, გოგონების მოტაცება აღარ ხდება და ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი ფაქტების შესახებ არ სმენიათ. რესპონდენტთა მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებს იშვიათად, მაგრამ მაინც აქვს ადგილი, მაგრამ არ ხმაურდება.
წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად, მაგრამ კვლავ გვხვდება მშობლების მიერ შერჩეულ პირზე, გოგონების, მშობლების ნებით დაქორწინების პრაქტიკა.
კვლავ მყარია ოჯახების განსხვავებული დამოკიდებულება გოგონასა და ვაჟის დაბადების მიმართ, ვაჟის დაბადებას კვლავ მეტი უპირატესობა ენიჭება.
მყარია სტერეოტიპი, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა ბავშვი მალევე, სასურველია, პირველივე წელს, უნდა გააჩინოს.
კვლავ მყარად მოქმედებს სტერეოტიპი, რომ მშობლების უძრავი ქონების მემკვიდრეს მხოლოდ ვაჟი წარმოადგენს.
გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. რესპონდენტთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს. თუმცა, გამოკითხულთა გარკვეულ რიცხვს, კერძოდ, 6%-ს მიაჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს ცოლს.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი (75%) მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებს უნდა მიმართოს. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმდენივე პროცენტი (77%) ეთანხმება დებულებას რომ მსხვერპლმა „დახმარება უნდა სთხოვოს მშობლებსა და ნათესავებს სიტუაციის რეგულირებისათვის“.
სხვადასხვა ინსტიტუციების საქმიანობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურად გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს.
ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა საკმაოდ დიდი რიცხვი, კერძოდ, დაახლოებით მესამედი პასუხობს, რომ არ იცის პოლიციის ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურია თუ არა. ხარაგაულში გამოკითხულთა შორის, ასეთი რესპონდენტების რიცხვი 40%-ზე მეტს შეადგენდა, ქედაში კი ნახევარზე მეტს.
დაბალია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობის შეფასება. კერძოდ, მხოლოდ გამოკითხულთა 21%-მა მიიჩნია, ამ სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობა ეფექტურია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 46% კი აღნიშნავს, რომ არ იცნობს მუნიციპალიტეტის საქმიანობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში.
სტერეოტიპი, რომ საოჯახო საქმეების შესრულება ქალის პასუხისმგებლობაა კვლავ მყარია. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, კერძოდ 82% ოჯახის სიმეტრიული მოდელის მომხრე იყო და ეთანხმებოდა დებულებას, „ქალიცა და კაციც უნდა გამოიმუშავებდეს ფულს, ქალიცა და კაციც უნდა უვლიდეს ოჯახს“, პასუხებით, უფრო დეტალურ კითხვაზე თუ ვინ უნდა ასრულებდეს კონკრეტული რეპროდუქტიული შრომის სახეებს, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: სახლი უმეტესწილად ქალმა უნდა დაალაგოს, ასე მიიჩნია რესპონდენტების 72%-მა, საჭმელი უმეტესწილად ქალმა უნდა გააკეთოს, ასე თვლის გამოკითხულთა 64%, ხოლო 83%-ის აზრით, სარეცხი, უმეტესწილად ქალმა უნდა გარეცხოს.
კვლევა, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე..
ფოტოს წყარო: agenda.ge
QvemoQartli.ge