„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის“ წარმატების ფორმულა

16  – დიდი ალბათობით „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისთვის“ საყვარელი და იღბლიანი რიცხვია. 2016 წლის 16 ნოემბერს, შეიქმნა ცენტრი ოფიციალურად და ამის შემდეგ, ნელ-ნელა ხდება წარმატების ფორმულის შემქმნელიც.

მუშაობენ ქალაქ თეთრიწყაროს რუსთაველის ქუჩაზე.

მიუყვები ერთფეროვან შენობებს და მათ ფონზე, ადვილად შეამჩნევ გარემოსთვის უჩვეულო ფერებით და გზავნილებით მოხატულ შენობას. ეს თეთრიწყაროს ახალგაზრდების შეკრების და ახალი იდეების შექმნის ადგილია.

ცენტრის ყველა ოთახში, რაღაც ხდება. ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფი ასევე სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებას ესწრება. დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც ინატრებდნენ, ალბათ, ასეთ დინამიკას.

ლუსინე (ლუსო) დოსტიბეგიანი  ამ ამბის მთავარი გმირია. მის იდეას და მეგობრების მხარდაჭერას, მოჰყვა ყველაფერი, რითიც დღეს თეთრიწყაროს ახალგაზრდები სარგებლობენ.

გვიყვება, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ახალგაზრდები ერთმანეთთან საუბრისთვის ხან სკვერში და ხანაც, მეგობრების სახლებში იკრიბებოდნენ. მათ არ ჰქონდათ ადგილი, სადაც მომავალს ერთად დაგეგმავდნენ და თავიანთ იდეებს გააცოცხლებდნენ.

დაესწრნენ სხვადასხვა ტრენინგებს, ბევრი ისწავლეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამოქალაქო სექტორი და შემდეგ, შექმნეს თავიანთი ორგანიზაცია. ის რაც ერთ წინადადებაში ახლა მარტივად დაიწერა, ცხადია, სულაც არ იყო ასეთი მარტივი რეალობაში.

ახალგაზრდებს თეთრიწყაროს თვითმმართველობამ შეკრებისთვის და მუშაობისთვის შენობა 2 წლით დაუთმო. ამ შენობაში კი ასეთი გარემო, რასაც დღეს ვხედავთ, სულაც არ იყო.

არ ჰქონდათ წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. სახურავი, რომელიც დღემდე რეაბილიტაციას საჭიროებს, თავდაპირველად გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. ცენტრმა თავისი ძალებით აღადგინა ყველა კომუნიკაცია, მოაწყო ოთახები და შექმნა საკონფერენციო და სატრენინგო სივრცეები. ეს ერთის მხრივ, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით და მეორეს მხრივ, ცენტრის ახალგაზრდების მოხალისეობრივი შრომით მოხერხდა.

ასე, 8 წლის განმავლობაში მიტოვებული შენობისგან, თეთრიწყაროს ახალგაზრდებმა შექმნეს სივრცე, სადაც სიამაყით დაჰყავთ უცხოელი სტუმრები და აცნობენ, თავიანთ საქმიანობას.

კითხვაზე, რა წარმატების ფორმულა აქვს ცენტრს, ლუსო ამბობს რომ ეს საქმის სიყვარული და კონკრეტული შედეგების მიღწევაა.

ცენტრიც თავს სწორედ კონკრეტული შედეგებით იწონებს. ერთის მხრივ, უკვე გასცდა ქალაქ თეთრიწყაროს და საკომუნიკაციო ქსელი აქვს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელთან –  აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე და ამასთან ერთად, ცდილობს, უპასუხოს სოფლების საჭიროებებს. გასულ წელს, მათ შემდეგი პროექტი განახორციელეს:

გაგვიცანი-თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი;

ჰუმანიტარული დახმარება COVID-19 კარანტინის მიმდებარე თემებში;

„ალაგთ ჰამბავი” – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების/ტერიტორიების ტოპონიმიკის კვლევა;

ახალგაზრდების გაძლიერება გარემოსთვის;

ცვლილებები ჩვენს ხელშია – ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლების გაძლიერება სამართლებრივ და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით;

მანქანის შემოწირულობის შესაძლებლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან;

სამღერეთის ყორღანი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სოფ. სამღერეთში აღმოჩენილი ძვ.წ. XXI-XX საუკუნეების ყორღანის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება;

„ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთ“ – 47 ძაღლს ჩაუტარდა შემდეგი პროცედურები: სტერილიზაცია-კასტრაცია, დეჰელმეტიზაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, საიდენტიფიკაციო საჭდით დათაგვა;

სოციალური საწარმო “ორბის ბუდე”;

სასოფლო ამბულატორიების აღჭურვა;

სოფელ სამშვილდეში წყლის რეზერვუარის რეკონსტრუქცია;

“ ვფიქრობ, რომ ნდობა კონკრეტული შედეგების მიღწევით დავიმსახურეთ. აქ, მთავარია რომ არ გავჩერდეთ ამ მიღწეულზე. ჩვენ ორგანიზაციას აქვს თავისი ძირითადი მიმართულებები და ამასთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები არ არიან შეზღუდულები. მაგალითად, გუნდის წევრს ნათოს, აინტერესებს გოგონების ცნობიერების ამაღლება, ფატის კულტურის სფერო და დაინტერესებულია თეატრების აღდგენით. იმის თქმა მინდა, რომ თავისი ინტერესის შესაბამისად მუშაობენ და ეს გუნდი  – ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი“- ლუსო დოსტიბეგიანი, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ცენტრის მეგობრებს შორის არის, ახლა უკვე მათი აქტიური წევრი, 19 წლის რიმა საგრადოვი. მან ცენტრის კარი 2021 წელს შემოაღო და ახლა თავის თანატოლებსაც ურჩევს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და ახალი უნარების შეძენა სცადონ.

„ ცენტრმა მომცა მეტი თავდაჯერებულობა, პრეზენტაციის უნარები და გავხდი უფრო თავდაჯერებული“, – საუბრობს რიმა საგრადოვი. გვიყვება, რომ ცენტრმა თავისი იდეის განხორციელების შესაძლებლობა მისცა  – მან მეგობრებთან ერთად, სწორედ, ამ ორგანიზაციის დახმარებით, თეთრიწყაროს ქუჩებში მცხოვრები ძაღლებისთვის სახლები დაამზადა.

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ცდილობს რეაბილიტაცია ჩაუტაროს შენობის სახურავს. ასევე, დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის ზრდის გამო, ცენტრს კვლავ სჭირდება მხარდაჭერა. აქ, ახლა კლდეზე ცოცვის კედლის მოწყობას გეგმავენ და ემზადებიან, სხვა არა ნაკლებად ამბიციური იდეების განხორციელებისთვის.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.