რუსთავში ერთი შენობის რეაბილიტაციისთვის, 4 თვეა, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
თითქმის 4 თვეა, რუსთავში, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.
აქ, გასული წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის 11 ნომრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაშავდა.
დღეს ადგილზე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თითქმის სრულად არის შემოღობილი ჩამონგრეული შენობა, თუმცა ამასთან ერთად გადაკეტილია 6 შენობასთან და ადგილზე არსებულ კომერციულ ობიექტებამდე მიმავალი საავტომობილო გზა.
QvemoQartli.ge დაინტერესდა, რატომ არის გადაკეტილი, თვეების მანძილზე, რუსთავის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის ნაწილი და რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების სპეციალური ზომების გატარება, მხოლოდ, დაზიანებული შენობის მიმართ.
ადგილზე დაცვა და სამშენებლო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს ვხვდებით. საუბრობენ, რომ მათთვის უცნობია რატომ არის მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. დაცვა სატელეფონო საუბრის საშუალებას გვაძლევს მოქალაქესთან, რომელსაც მათი „კრიმპოლის“ ხელმძღვანელად მოიხსენიებს. სატელეფონო საუბრისას გვიხსნიან, რომ ამ ეს არ არის მათი გადაწყვეტილება და კითხვით რუსთავის მერიას უნდა მივმართოთ.
რუსთავის მერიაში კი აცხადებენ, რომ გზის ნაწილი ჩაკეტილია, რადგან ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს და ეს უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
QvemoQartli.ge