“დემარშის მოწყობა ღონისძიებაში, სადაც ჩვენ ვიყავით მომხსენებლები, არ მგონია რომ სწორი ყოფილიყო“ – სამირა ისმაილოვა

სამირა ისმაილოვა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ ხელმძღვანელია. ორგანიზაციამ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ფოტო კოლაჟის თანხლებით, სადაც ნოვრუზ ბაირამისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წერს. ფოტო მასალაში ჩანს, რომ შეხვედრას „რუსული კანონის“ მხარდამჭერი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანიც ესწრება.

QvemoQartli.ge კითხვებით სამირა ისმაილოვას დაუკავშირდა.

ჟურნალისტი: ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია, რომ ნოვრუზ ბაირმის შესახებ გქონდათ შეხვედრა, სადაც ესწრებოდა ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი. გვაინტერესებს, თქვენ მოიწვიეთ ღონისძიებაზე?

სამირა ისმაილოვა: ჩვენ ვიყავით მომხსენებლები ამ ღონისძიებაზე. ვაორგანიზებდით პროგრამულად, თვითონ ინიციატივა მუნიციპალიტეტის მხრიდან მოდიოდა ამ შემთხვევაში, კულტურის ცენტრის მხრიდან. ვინაიდან ჩვენ გვაქვს მემორანდუმი და ვთანამშრომლობთ, სათემო ახალგაზრდული ცენრტრების განვითრების ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. ვთანამშრომლობთ აქტიურად კულტურის ცენტრთან და სტუმრები უშუალოდ იყვნენ მათი მოწვეულები.

ჟურნალისტი: ბატონი გოგი არის ერთ-ერთი დეპუტატი რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ „რუსულ კანონს“ და თქვენ როგორც სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ხელმძღვანელს, არ გიქმნიდათ დისკომფორტს/უხერხულობას მისი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში?

სამირა ისმაილოვა: იცით რა არის, ბატონ გოგისთან ჩვენ ადრეც გვქონდა თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია „რუსულ კანონს“ არც არავინ არ ამართლებდა და ჩვენი პოზიციაც ძალიან ბევრჯერ, ყველგან დავაფიქსირეთ. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მოწვეული არ იყო და ბუნებრივია იქ, რაღაც დემარშის მოწყობას, ღონისძიებაში სადაც ჩვენ ვიყავით მომხსენებლები, არ მგონია რომ სწორი ყოფილიყო. ზოგადად, კანონთან მიმართებით ბუნებრივია ჩვენი პოზიცია, ყველა პლატფორმაზე, ყველა საშუალებით, ჩვენ ყველგან გვაქვს დაფიქსირებული. როგორც მე პირადად ერთ რიგით მოქალაქეს, ასევე, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ორგანიზაციას მთლიანობაში.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით