„გავიგუდეთ“ რუსთავში სუფთა ჰაერისთვის მუშაობას აგრძელებს

რუსთავი არაერთი მსხვილი და მცირე საწარმო ფუნქციონირებს. ინდუსტრიული წარმოების
პარალელურად, დიდია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რუსთავის
მოსახლეობის ნაწილი საწარმოებშია დასაქმებული. დაბინძურებული ჰაერი
ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, როგორც მათ ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

გაგარინის და დავით გარეჯის ქუჩები, საწარმოო ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარეა.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი, არაერთხელ გამხდარა საწარმოებიდან წამოსული
გამონაბოლქვი და უსიამოვნო სუნი. ასევე, ის ხმაური, რასაც ქარხნების მუშაობა იწვევს.
თუმცა, როგორც ეს ადამიანები აცხადებენ, ახლა ისეთი სავალალო მდგომარეობა აღარ არის,
როგორც წინა წლებში იყო. ვითარების შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – სამოქალაქო
მოძრაობის „გავიგუდეთ“ საქმიანობაა.

„ საწარმოებთან ახლოს ვცხოვრობთ, სადღაც 200- 300 მეტრში, დაბინძურების მხრივ
სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ცოტა შედეგი არის იმ
ბრძოლით, რასაც „გავიგუდეთ“ ატარებდა. ფანჯრებს ვერ გახსნიდით, თითქმის ყველა
ბავშვს ალერგიული ფონი აქვს. ამ სუნთან დაკავშირებით, პირადად მეც ალერგია მაქვს.
ბავშვებისთვის არის ძალიან ცუდი ეს დაბინძურებული ჰაერი. ამ ეტაპზე, იმდენად რთული
მდგომარეობა აღარ გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს პრობლემა ბოლომდე
აღმოიფხვრება“, – საწარმოების სიახლოვეს მცხოვრები, ეკატერინე ჩიხლაძე.

„გავიგუდეთ“ 2018 წელს მოხალისეობრივ საწყისებზე შეიქმნა. სამოქალაქო მოძრაობის
მთავარი მისიაა, რუსთავში ატმოსფერული ჰაერი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო
მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. ამისთვის, მოძრაობა არა ერთ მნიშვნელოვან პროექტს
ახორციელებს.

„ ატმოსფერული ჰაერის პორტალზე ჩანს, რომ გასულ წელს, 260 დღის განმავლობაში,
რუსთავში ჰაერი იყო ცუდი ან ძალიან ცუდი. რაც არის ძალიან კატასტროფული
მაჩვენებელი. წინა წლებში, კიდევ უფრო მაღალი იყო ამ დღეების რაოდენობა.
რუსთავის შემთხვევაში მთავარი პრობლემა, არის მტვრის მკვდარი ნაწილაკები და
სამრეწველო დაბინძურება. ეს არ არის ჩვენი მოგონილი, თავად გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროც აღნიშნავს, რომ რუსთავში მყარი ნაწილაკებით
დაბინძურებაში, სწორედ, საწარმოო სექტორს შეაქვს ამაში ძალიან დიდი როლი და ამიტომ
მნიშვნელოვანია, რომ საწარმოო სექტორში მოწესრიგებული იყოს, იგივე ფილტრაციის
სისტემა. დაცული იყოს სხვადასხვა წარმოების დროს შესაბამისი რეგულაციები და
ემორჩილებოდნენ კანონს.

რუსთავის შემთხვევაში ნამდვილად არ იყო ხოლმე ასე და 2021 წელს, ჩვენი ჩართულობით
შეიცვალა ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, გამკაცრდა ჯარიმები, სავალდებულო გახდა
თვითმონიტორინგის სისტემა.

მნიშვნელოვანია, რომ ხშირად სწორედ იქ ადგილზე დასაქმებულები სუნთქავენ ყველაზე
მეტად დაბინძურებულ ჰაერს და ამ კანონმდებლობის აღსრულების შემთხვევაში,
წარმოების გაუმჯობესების შემთხვევაში, პირველ რიგში მათი სამუშაო პირობები
გაუმჯობესდება.

2022 წლის ბოლოს შეჯამდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ჩვენი ჩართულობით
შემუშავდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვეუბნება, რომ 13-16
%-ით გაუმჯობესდა ჩვენს ქალაქში ჰაერის ხარისხი და ასევე, საწარმოების მიერ
გაფრქვეული მყარი ნაწილაკების მასა შემცირდა დაახლოებით 40%-ით. თუმცა, ეს არის
ძალიან მინიმალური პროგრესი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი არის სამუშაო და ამ ყველაფერში,
რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საზოგადოების ჩართულობის გარეშე ვნახეთ, რომ 2018 წლამდე, სანამ „გავიგუდეთ“
დაიწყებდა ამ საკითხის ადვოკატირებას, ფაქტობრივად არავინ არ აქცევდა ხოლმე ამ თემას
ყურადღებას“, – სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“აქტივისტი, თინათინ მაღედანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერდაცვითი კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, საწარმოების
ნაწილმა ფილტრაციის სისტემა შეიძინა, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძრურების
მაჩვენებელი მაინც მაღალია. მაღედანის თქმით, კანონის აღსრულების პრობლემაა და
ხშირად, საწარმოები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. აღნიშნავს, რომ
თვითმონიტორინგის სისტემა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რაც ქალაქში ჰაერის
დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს.

„რუსთავის შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემაა კანონმდებლობის აღსრულება და
საწარმოების ნაწილს დღემდე არ აქვს მოწესრიგებული ფილტრაციის და
თვითმონიტორინგის სისტემა. ყველაზე კარგი გზა, რომ გააკონტროლო საწარმო რამდენად
იყენებს ფილტრაციის სისტემას, არის სწორედ ეს თვითმონიტორინგი, ანუ გაფრქვევის
წყაროზე, მილში მონტაჟდება სენსორი, რომელიც ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში
გადასცემს სამინისტროს ინფორმაციას გაფრქვევის შესახებ. ამიტომ, ფილტრებზე საუბრის
ნაცვლად მნიშვნელოვანია, რამდენს აქვს ეს თვითმონიტორინგის სისტემა, იმიტომ რომ
ფილტრი შეიძლება ჰქონდეს საწარმოს, მაგრამ ღამით როცა ჩვენ ვერ ვხედავთ არ ამუშაოს,
ან არ ამუშაოს სრული დატვირთვით.

ამ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროდან, რომ დაახლოებით 17 აქტიური საწარმოდან, რომლებსაც ეხება ეს ახალი
რეგულაციები, ცხრას უკვე აქვს დამონტაჟებული თვითმონიტორინგის სისტემა, ხოლო რვა
მონტაჟის პროცესშია, ან შეძენილი აქვს და ჩამოსვლას ელოდება. ანუ, საკმაო პროგრესი
გვაქვს ამ მიმართულებით. სწორედ, ეს 17 საწარმოა ქალაქის ძირითადი
დამაბინძურებელი“, – თინათინ მაღედანი, სამოქალაქო აქტივისტი.

მოძრაობა „გავიგუდეთ“ წარმომადგენელი თინათინ მაღედანი, ე.წ „რუსული კანონის“
შესახებაც საუბრობს. გვიხსნის, რომ კანონის მიღება, მოძრაობის საქმიანობას შეუძლებელს
გახდიდა.

„ საერთაშორისო ფონდებმა უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი მოძრაობის საქმიანობის
გაგრძელებაში. ეს დახმარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება,

თუნდაც ექსპერტის, იურისტების, გვჭირდებოდა შეკრების ადგილი, ოფისი, რომლის
თანხაც იცით რომ არ არის საქართველოში იაფი. ერთი შეხედვით ვიღაცას შეიძლება
გარკვეული თანხა, გრანტი, მოეჩვენოს დიდად, მაგრამ როდესაც ამას ადმინისტრაციულ
ხარჯებზე გადაანაწილებენ მიხვდებიან, რომ ეს დაფინანსება იყო ნამდვილად საჭირო და
აუცილებელი.

კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა არ შემწყდარიყო დაფინანსება, მაგრამ სამოქალაქო
სექტორის ბევრი წარმომადგენელი არ ვაპირებდით რეგისტრაციას აგენტებად იმ სასიკეთო
საქმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ვაკეთებთ. თვითონ, ევროკავშირის
წარმომადგენლები და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს
გაართულებდა ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დაფინანსებების მოზიდვას და შესაძლოა ამას
ჰქონოდა გავლენა ჩვენ საქმიანობაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა გარკვეულ იარლიყებს მოგაკერებენ, ისეთ თემაში და ისეთ
ქალაქში როგორიც რუსთავია, ისედაც ძალიან რთულია ადამიანები ჩართო აქტივიზმში და
როდესაც, გარკვეული იარლიყი გაქვს მოკრული და ფაქტობრივად, სახიფათო საქმის
მკეთებელ ადამიანად და ორგანიზაციად წარმოგაჩენენ, უფრო ჭირს რომ მოქალაქეები ამ
ყველაფერში ჩართო, რაც შემდგომ კლავს აქტივიზმს და მსგავს საკითხებზე მუშაობას“, –
თინათინ მაღედანი სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ.“

 

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).