ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის შესახებ: „უცხოური გავლენების აგენტი“

კანონპროექტი სახელწოდებით „უცხოური გავლენების აგენტი“ მედია  და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა.

საკითხზე პოზიციის გამოხატვა ვთხოვეთ ქვემო ქართლის მაჟორიტარ დეპუტატებს.

ირაკლი შატაკიშვილი – რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი: „ მე ზოგადად ვიზიარებ ჩვენი გუნდის „ქართული ოცნების“ პოზიციას. ჩვენმა ლიდერებმა, როგორც განაცხადეს პარტიის, ანუ პრინციპების დონეზე ვეთანხმებით და მხარს დავუჭერთ. პრინციპი კი მთავარი, როგორც მოგეხსენებათ არის გამჭვირვალობა. პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტი გაიგზავნება ჩვენს პარტნიორებთან, ვენეციის კომისიაში.

ვენეციის კომისიიდან მიღებული დასკვნის შესაბამისად მოხდება დამატებითი მსჯელობა განხილვის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

გოგი მეშველიანი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი: „ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი უკვე ინიცირებულია. რაც შეეხება ფინანსური გამჭვირვალობის ნაწილს, მე მიმაჩნია, რომ საჭიროება არსებობს და ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენს საზოგადოებას ექნება დეტალური ინფორმაცია გრანტის მხარჯავი დაწესებულების შესახებ, დამფინანსებლის შესახებ და ა.შ

ყველა სხვა დეტალი და ნიუანსი მე ვფიქრობ, იმსახურებს დეტალურ განხილვას. გვექნება მუხლობრივი განხილვა, ყველა საკითხზე, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. გვექნება სიღრმისეული განხილვა, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრინციპების დონეზე, გამჭვირვალობის საკითხს რაც შეეხება, მე ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვექნება დეტალური განხილვა ყველა ნიუანსზე, რაც ამ კანონს შემოაქვს პრაქტიკაში.

მე, ლოკალურ დონეზე რა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მაქვს თანამშრომლობა, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა მაქვს. ეს ადამიანები საკმაოდ ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე პირადად მიმაჩნია, რომ კანონმა უნდა მიიღოს ისეთი კონფიგურაცია, რომ მათ საქმიანობაში რამე უხერხული მომენტები არ იყოს. ამიტომ ვამბობ მე, რომ იქნება ძალიან დეტალური განხილვა. იმისათვის, რომ ყველა ნიუანსი გავიაროთ, რომ ზედმეტი შეკითხვები არც სამოქალაქო სექტორს ჰქონდეს და არც ჩვენს საზოგადოებას.

მე მიმაჩნია, რომ ეს ინიცირებული კანონი არ არის რუსული კანონის ანალოგი და კალკი. ამ კანონმა ამიტომ არ უნდა შელახოს სამოქალაქო სექტორის საქმიანობა. ამიტომ საკმაოდ ინტერაქტიული განხილვები იქნება ამ კანონის. მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და გვექნება ღია მსჯელობა“.

აღნიშნული კანონპროექტის შესახებ შეფასებები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა და საერთაშირისო ორგანიზაციებმაც გააკეთეს.

“ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის. ასეთ კანონს შეუძლია, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში ასე ნათლად დააფიქსირა არაერთხელ”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

“საქართველომ ბევრი იშრომა, აეშენებინა დემოკრატია. ეს კანონპროექტი ძირს უთხრის იმ პროგრესს, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა. ამიტომ მოისმინეთ შეშფოთება გაეროსგან, ევროკავშირისა და აშშ-ისგან, საქართველოს მეგობრებისგან. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ შემოგვაქვს კანონი“, — აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

„ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა“, – გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით