აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა
რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგეგმება 15 შენობის ფასადის განახლება. შესაბამის სამუშაოებზე, ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT), რუსთავის მერიამ მიმდინარე წელს გამოაცხდა.
[NAT – ელექტრონული ვაჭრობა დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე]
2 421 779 ლარის სამუშაოების შესყიდვაზე, სატენდერო პირობებში ჩაწერა, რომ პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:
„ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 7 925 822 ლარი.
პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა“ – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
თვითმმართველობა ასეთი მომთხოვნი არ ყოფილა პრეტენდენტების მიმართ, კვალიფიციური კადრების კუთხით. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, მერია პრეტენდენტისგან ითხოვდა, კომპანიას დასაქმებული ჰყოლოდა მინიმუმ ერთი საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტი.
ტენდერში, რომელიც აუქციონის გარეშე ჩატარდა მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და ყველა ზემოთ ხსენებული მოთხოვნა ადვილად დააკმაყოფილა. გამაჯვებულ შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსთან“ მერიამ სამუშაოების შესასრულებლად 2 388 364 ლარის ხელშეკრულება დადო.
კომპანიამ სატენდერო პირობების თანახმად წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისთვის“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6 296 366 ლარს, ასევე მათ გამოცდილებაში შედის შპს ლოპოტასთვის შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 14 მილიონ 520 203 ლარი. აგრეთვე კომპანიამ წარმოადგინა ორ პროფესიით ინჟინერ-მშენებელთან დადებული ხელშეკრულება.
QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი 7 925 822 ლარი, როგორც გამოცდილების დამადასტურებელი ერთ-ერთი მოთხოვნა?
კითხვებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პასუხობს ამბობს, რომ აღნიშნული პროექტისთვის თანხის მხოლოდ 5% დაიხარჯება რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, დანარჩენს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. აცხადებს, რომ ტენდერის ჩატარების ფორმაზე თვითმმართველობას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და ეს საკითხი შესყიდვების სააგენტოსთან ერთად გადაწყდა. დასძენს, რომ როგორც წესი ამ ტიპის „დახურულ“ ტენდერს ატარებენ იმისთვის, რომ პრეტენდენტებმა ფასი ხელოვნურად არ დაწიონ და შესასრულებელ სამუშაოებთან შედარებით არალოგიკური თანხა არ დაწერონ. თუმცა დასძენს, რომ მისი აზრით რისკები ამ ტიპის ტენდერსაც ახლავს. რაც შეეხება პირობებში კონკრეტული თანხის ჩაწერას გვიხსნის, რომ ეს თანხა განისაზღვრა იმ თვეების რაოდენობის მიხედვით, რაც კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად მიეცა. აცხადებს, რომ არსებობს ფორმულა, რითაც ითვლიან მსგავს თანხას. მერიის შესყიდვების განყოფილების წარმომადგენელი, რომელიც მერთან ინტერვიუს ბოლოს შემოგვიერთდა, დასძენს, რომ ფორმულა „სარეკომენდაციო ხასიათისაა“ და მასზე მსჯელობს სატენდერო კომისია.
ფორმულის გაცნობაზე კი უარი გვითხრეს და განმარტეს, რომ წარმოადგენს შიდა-სამუშაო მასალას.
QvemoQartli.ge წერილობითი ფორმით მიმართავს შესყიდვების სააგენტოს იმის დასადგენად, თუ რა ფორმულებს სთავაზობს სააგენტო მუნიციპალიტეტებს და რა სახის კომუნიკაციას აწარმოებს თვითმმართვლობებთან სხვადასხვა ტიპის შესყიდვაზე ტენდერის ფორმის შესარჩევად.
მანონ ბოკუჩავა