ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქალთა გაძლიერებისთვის

გულიკო შოშიტაშვილი ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციას: „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია.

ორგანიზაცია, წლების მანძილზე, ცდილობს გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მართვაში. მუშაობს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თეთრიწყაროს ძირითად გამოწვევებზე საუბრისას, გულიკო შოშიტაშვილი ყურადღებას ლოკალური მედიის არ არსებობაზე, ქალების მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე და ჩართულობის/აქტიურობის პრობლემაზე ამახვილებს. განსაკუთრებულად გამოყოფს ქალების როლს, სოციალური პროგრამების ფორმირებაში. თვითმმართველობებს კი ქალთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმების შემუშავებისკენ მოუწოდებს.

 

ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ არის ერთ-ერთია იმ შვიდი ორგანიზაციიდან, რომელიც CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში შეირჩა, ქვემო ქართლის რეგიონში.

პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარებათ.

ამ მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციები უკვე დაესწრნენ პირველ ტრენინგს, რომელიც სოციალური სერვისების შესახებ გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალური პროგრამების საუკეთესო პრაქტიკებზე.

ამავე პროგრამის მონაწილე, ასევე ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ორგანიზაცია გახლავთ: “სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი”.

საზოგადოებრივ ორგანიზაციას გვანცა შიშინაშვილი ხელმძღვანელობს. ის და მისი გუნდი აკადემიური კუთხითაც იკვლევენ ქალთა მიმართ არსებულ გამოწვევებს. კერძოს, ეცნობიან და აანალიზებენ ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების წარმოებულ ანტიფემინისტურ გზავნილებს. ასევე იკვლევენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერულ პოლიტიკას. ორგანიზაცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე გამოკვეთს, მათი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას.

CENN- ის პროექტის ფარგლებში “სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრს” აქვს შესაძლებლობა იმუშაოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების დახვეწის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, უკვე შექმნილია პარტნიორთა ჯგუფი, სადაც ადგილობრივი საჯარო და სამოქალაქო სექტორი ერთად მუშაობს. გვანცა შიშინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა მათი ორგანიზაციისთვის. თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობით სოციალური სერვისების დამატება/გაუმჯობესება არის ის, რისი საჭიროებაც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.