ინდექსის მიხედვით გარდაბნის საკრებულო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულყოფილად არ აქვეყნებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 კვლევის მიხედვით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 53%-იანი შედეგი აქვს.

თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევა სამ ძირითად ნაწილად იყოფა. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და  მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.  აღნიშნული საკითხების მიხედვით სტატიაში მიმოვიხილავთ  გარდაბნის საკრებულოს  2021 წლის ინდექსის შედეგებს.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული  გამოქვეყნების, რიგ ქვე ბლოკებსა  და კრიტერიუმებში  დაბალი შეფასება აქვს.

გარდაბნის საკრებულოს 0%-იანი მაჩვენებელი აქვს შემდეგ კრიტერიუმებში:  საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი-0%, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგების შესახებ – 0%, ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ – 0%, ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მომსახურებაზე  გაწეული ხარჯების შესახებ – 0%, ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ – 0%, ასევე ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ და ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ. 

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ გარდაბნის წარმომადგენლობით ორგანოს, სხვა ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნების ნაწილში მნიშვნელოვანი ჩავარდნა  აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის საკრებულოს სამივლინებო ხარჯების ნაწილში 0%-იანი მაჩვენებელი არ აქვს, შედეგი მაინც დაბალია  (18%).  შესაბამისად Qvemoqartli.ge-მა გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურს კონკრეტული კითხვებით მიმართა.  ჩვენ საკრებულოს წარმომადგენელს ვკითხეთ თუ რატომ არ შეუძლიათ, გარდაბნის მცხოვრებლებს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ  რა რაოდენობის თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, საკრებულოს თანამშრომლების სამივლინებო და სხვა ხარჯებში.

კითხვები უპასუხოდ დარჩა, რადგან გარდაბნის საკრებულომ ოფიციალური კომენტარი არცერთ საკითხზე არ გააკეთა.

ელექტრონული მმართველობა

ელექტრონული მმართველობა მოიცავს 4 ქვებლოკსა და 27 კრიტერიუმს. საიდანაც  გარდაბნის წარმომადგენლობით ორგანოს 6 კრიტერიუმში 0%-იანი შედეგი აქვს.  მათ შორისაა: ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ, საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, სამოქალაქო ინიციატივა, SMS შეტყობინების სერვისი, ვებ გვერდიდან ახალი ამბების გამოწერის საშუალება. და კრიტერიუმი, რომელმაც განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება , „ინფორმაციის არსებობა რამდენიმე ენაზე“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიაა, შესაბამისად  არსებობს ენობრივი ბარიერი, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უზრუნველყოფდეს მოქალაქეების რამდენიმე ენაზე ინფორმირებას.

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება

რაც შეეხება მოქალაქეთა მონაწილეობას და ანგარიშვალდებულებას. ამ შემთხვევაში ორი კრიტერიუმი იკვეთება, სადაც გარდაბნის საკრებულოს 2021 წლის ინდექსის მიხედვით 0%-იანი შედეგი აქვს.

ესენია: მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება, და საკრებულოს წევრების საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.

ამრიგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ბლოკის, კრიტერიუმების ნაწილში, რადგან გაცილებით მეტ ხარვეზს ვხვდებით ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ინფორმაციის დეფიციტი ძირითად შემთხვევაში ხარჯებს უკავშირდება, რის მიმართაც  ყოველთვის არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

ცნობისთვის, 2019 წლის ინდექსის მიხედვით გარდაბნის საკრებულოს ჯამში 30%-იანი შედეგი ჰქონდა, ხოლო 2017 წელს – 26%.  მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით  გარდაბნის საკრებულოს ინდექსის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მაინც შეინიშნება ხარვეზები რომელიც არ შეესაბამება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ წარმომადგენლობით ორგანოს სტანდარტს.

ავტორი: ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით