მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებზე ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნების გამოწვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის მონაცემების თანახმად, რუსთავის მუნიციპალიტეტი 66%-ით ქვეყანაში, მეორე ადგილს იკავებს. თუმცა, ამის მიუხედავად არის რიგი საკითხები, სადაც მუნიციპალიტეტთან მიმართებით გამოყენებულია შეფასება – 0%.

ინდექსის ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსთავის მერიის ოფიციალურ გვერდზე არ იყო გამოქვეყნებული, „ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ“; „ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დასაქმებულ პირთა შესახებ“  და „მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების აუდიტის ანგარიშები და დასკვნები.“

ამასთან ერთად, ინდექსის ანგარიშის მომზადების პერიოდში, რუსთავის მუნიციპალიტეტს სრულად ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია  იურიდიული პირების ხელმძღვანელების შესახებ. რის გამოც შესაბამის კრიტერიუმში მათ 100% მიანიჭეს.

რუსთავის მერიის ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, თვითმმართველობას თორმეტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჰყავს, ესენია:

  • რუსთავსერვის ცენტრი;
  • რუსთავის კორპუსი;
  • ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი;
  • ბაგა–ბაღების გაერთიანება;
  • მუნიციპალური არქივი;
  • მოხუცებულთა სახლი;
  • სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“;
  • საზ/ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი;
  • საბიბლიოთეკო გაერთიანება;
  • რუსთავის ისტორიული მუზეუმი;
  • რუსთავის მუნიციპალური თეატრი;
  • ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი;

ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ზოგიერთი სამსახურის სტრუქტურის, მათი საქმიანობის აღწერისა და მიზნების ნახვა. ასევე, ანგარიშების ხილვა მხოლოდ რამდენიმე ააიპ-ის შემთხვევაში, თუმცა ეს ანგარიშები არ არის განახლებული.

რატომ არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია ააიპ-ებში დასაქმებულ პირთა შესახებ, ასევე, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების, აუდიტის ანგარიშებისა და დასკვნების შესახებ ცნობები, ამ კითხვებით, რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ. რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციები საჯაროა და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, რუსთავის მუნიციპალიტეტს ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეკავა. ბოლო შეფასებით, (2021წ)  რუსთავის მუნიციპალიტეტი, მერიებს შორის პირველ, მუნიციპალიტეტებს შორის, კი მეორე ადგილზე იყო.

რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაცია მერიის საქმიანობის შესახებ იყოს  გამჭვირვალე.

ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ვებ გვერდის განახლებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და საჯარო გავხადოთ ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ მოქალაქეების ჩართულობას მერიის მუშაობის პროცესში.

რაც შეეხება, თუ რატომ არ არის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია  მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებულია და მაგალითისთვის შეგვიძლია მოგაწოდოთ რამდენიმე ბმული.

რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნების საკითხს, მოგეხსენებათ, სახელმწიფო აუდიტის ყველა ანგარიში საჯაროა, გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის ოფიციალურ ვებ გვერდზე და შესაბამისად,  ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის” – რუსთავის მერია.

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით