ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება კვლავ პრობლემად რჩება

სტატიაში ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტის: ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელს განვიხილავთ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით რეგიონში ყველაზე დაბალი 13%-იანი მაჩვენებელი აქვს. მერიას – 14 %, ხოლო საკრებულოს- 12 %.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს, არც  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში აქვს დადებითი შედეგები.  2021 წლის კვლევამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი 12 %-ით შეაფასა.  აღნიშნული ბლოკის თითქმის ყველა ქვე ბლოკში დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმი 0 %-ით არის შეფასებული. მაგალითად, როგორიცაა :

  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯების შესახებ;
  • ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ;
  • ინფორმაცია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი ფინანსური სახსრების შესახებ და ა.შ

რაც შეეხება 2017, 2019 და 2021 წლის დინამიკას, 2017 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ნაწილში 12% ჰქონდა, 2019 წელს – 18 %, ხოლო 2021  წელს -12 %. საბოლოოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  შედეგი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში 1%-ით გაუარესდა.

რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტს. 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში მუნიციპალიტეტი  28 %-ით შეფასდა. მერიას 26%, ხოლო საკრებულოს 34% აქვს.

დმანისის მუნიციპალიტეტს 0 %-იანი შედეგი ორ ქვე ბლოკში, „ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ“ და ”ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ“ აქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქვე ბლოკების ყველა კრიტერიუმი 0%-ით არის შეფასებული.

რაც შეეხება ჩატარებული კვლევების  დინამიკას, დმანისის მერიასა და საკრებულოს გასული 5 წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში 11%-იანი გაუმჯობესება აქვს.  2017 წლის კვლევის მიხედვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი 17 %-ით შეფასდა, 2019 წელს – 24%, ხოლო 2021 წელს-28%-ით.

წალკის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ინდექსის კვლევის მიხედვით 23%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.  რაც ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი 19 %-ით გაუმჯობესდა.

მიუხედავად ამისა, გარკვეული კრიტერიუმები წალკის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოსთვის გამოწვევად რჩება.

მაგალითად ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.

ჩამოთვლილი ქვე ბლოკების ყველა კრიტერიუმში წალკის მერია და საკრებულო 2021 წელს 0 %-ით შეფასდა, რაც ნიშნავს იმას, რომ წალკის მოსახლეობისთვის,  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების, შესყიდვების და ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ მიუწვდომელია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში, 30%-იანი შედეგი აქვს. მუნიციპალიტეტს   დაბალი შეფასება აქვს  ადმინისტრაციული ხარჯებისა და  მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.  0 %-ით კი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმები:

  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გასხვისებული და სარგებლობაში გადაცემული ქონების შესახებ;
  • მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯების შესახებ;
  • მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წლიური საქმიანობის და ფინანსური ანგარიში და ა.შ

რაც შეეხება გასული წლების დინამიკას, 2017 წლის ინდექსის კვლევის მიხედვით თეთრიწყაროს  მერიასა და საკრებულოს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი 18% იყო, 2019 წელს – 59 %, ხოლო 2021 წელს – 30%.  2019 და 2021 წელს ჩატარებული  კვლევების მიხედვით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შედეგი საჯარო ინფორმაციის  პროაქტიული გამოქვეყნების  მიმართულებით 29%-ით გაუარესდა.

ამრიგად, ქვემო ქართლის მოსახლეობას, ძირითადად ხელი არ მიუწვდება ისეთ მონაცემებზე როგორიცაა: ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.

ინფორმაციისთვის,  თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობასაც.

ავტორი: ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით