წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა

მალხაზ ზოიძე ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორია.  წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მოსვლამდე,  2012-2015 წლებში, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

მალხაზ ზოიძის მუნიციპალური აიპის ხელმძღვანელად დანიშნვის შემდეგ, შპს ეძანმა პროფილი შეიცვალა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყო.

2011-2016 წლების სხვადასხვა პერიოდებში, შპს ეძანის დირექტორი და მეწილე მალხაზ ზოიძის დის ქმარი – რამაზ შავაძე იყო. შპს ეძანი რამაზ შავაძემ 2011 წელს დააარსა. ეს კომპანია, ძირითადად, სამშენებლო მასალებისა და კვების პროდუქტების მაღაზია იყო, რომელიც პარალელურად კერძო სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებდა.

შპს ეძანის ყოფილი მეწილე და დირექტორი – რამაზ შავაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა სწორედ მალხაზ ზოიძის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დაიწყო, თუმცა ცოლის ძმის მხრიდან კომპანიის ტენდერებში გასამარჯვებლად თანამდებობის გამოყენებას უარყოფს.

ბატონო რამაზ, როგორ მოხდა, რომ თქვენმა კომპანიამ ტენდერების მოგება თქვენი ცოლის ძმის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო?

მანამდე არც გვქონია, არ ვმუშაობდით და როგორ გვექნებოდა ტენდერებში მოგებები…

2011 წელს დაარსდა თქვენი კომპანია…

ჰოდა მანამდე არ ვმუშაობდით ტენდერებზე და მაშინ დავიწყეთ მუშაობა…

როდესაც თქვენი სიძე თანამდებობაზე დაინიშნა?

ეგ არაფერშუაში არ არის, რა შუაშია თანამდებობა?! თანამდებობა მაგასთან არაფერშუაში არ არის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მაგ პერიოდისათვის, ერთი-ორი წელი ვმუშაობდით და მერე დავანებეთ თავი მაგ ტენდერებს.

10 პირდაპირი ხელშეკრულება გაქვთ მიღებული იმ უწყებებიდან, რომელსაც ბატონი მალხაზი ხელმძღვანელობდა.

ეხლა მასთან არ ვმუშაობთ. ეხლა არ ვიცი ამ ბოლოს თუ რამე იყო. ადრე როცა ერთად ვიყავით ასეთი ვარიანტი არ არსებობდა და…ჩვენ ყოველთვის ვღებულობდით მონაწილეობას და როცა ვიღებდით – ვაკეთებდით. ადრე ერთად ვმუშაობდით და ერთ-ორი წელია ერთად აღარ გვიმუშავია. ეხლა თუ თვითონ მუშაობს მე არ ვიცი – მას უნდა კითხოთ.

ანუ შპს ეძანში ერთად იყავით თქვენ და ბატონი მალხაზი?

ჰო, ადრე კი. 2016 წლამდე ბატონი მალხაზი და მე ვმუშაობდით ერთად. იმის მერე მე აღარ მქონია მაგ ფირმასთან შეხება, მის სახელზეა ყველაფერი, მან თუ რამე იმუშავა არ ვიცი, არ ვყოფილვარ იმის მერე.

რამაზ შავაძის თქმით, ის და მალხაზ ზოიძე შპს ეძანში ერთად საქმიანობდნენ და სახელმწიფო ტენდერებსაც ერთად ასრულებდნენ. ამავდროულად, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის იმ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც შპს ეძანი სამუშაოების შესასრულებლად შეარჩია. ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ მალხაზ ზოიძეს შეეძლო გადაწყვეტილება სუბიექტურ საფუძვლებზე მიეღო.

მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე 2012 წლის 1-ლი მაისიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობის დროს მისივე სიძის რამაზ შავაძის კომპანიამ წალკის მუნიციპალიტეტისა და მისი საბიუჯეტო კომპანიებისაგან დაახლოებით 400 000 ლარის ტენდერები მოიგო, მათ შორის 45 ათასი ლარის პირდაპირი შესყიდვა. ამ თანხაში შედის შპს ეძანის მიერ მოგებული 14 ტენდერი  და 12 პირდაპირი შესყიდვა.

მალხაზ ზოიძე

12 პირდაპირი შესყიდვიდან 28 262 ლარის ღირებულების 10 შესყიდვა შპს ეძანს თავად მალხაზ ზოიძის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულმა კომპანიებმა –  წალკის წყალმომარაგებისა და წალკის კეთილმოწყობის სამსახურებმა გაუფორეს.

მალხაზ ზოიძე ხელშეკრულებებსაც თავად აწერს ხელს და შესრულებულ სამუშაოებსაც თავად იბარებს.

ბატონო მალხაზ, 10 პირდაპირი შესყიდვა აქვს მიღებული თქვენი სიძის კომპანიას თქვენივე უწყებებისაგან. ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს…

ზეპირად არ მახსოვს რა. ახლა არ შეიძლება ასეთი რამე! სტატია დაწერეთ, ჯერ ჩამოდით ჩემს გარეშე. ჩემს თანამშრომლებს შეხვდით, თუ არ მოგეწონებათ აქედან დაიწყეთ სტატიის დაწერა და მერე ვუპასუხოთ ტენდერებს. ცუდს ნუ ეძებთ. ადამიანო, შენი პროფესია ისიც არის რომ სიკეთე გამოაჩინო და სხვამ მიბაძოს ამას.


შპს ეძანს, ტენდერები აქვს მოგებული იმ უწყებისგან რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ ახლა და ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან, რომელთაც ხელმძღვანელობდით წარსულში. ხელშეკრულებებსაც თქვენ აწერთ ხელს და მიღება-ჩაბარების აქტებსაც.

ეხლა რაიმე მორგებული იყო ტენდერი?!

ძირითადად მარტო მონაწილეობს და პირდაპირი ხელშეკრულებებიც აქვს..

ტენდერში თუ დევს განსაკუთრებული პირობა, რომ აი ასეთი უნდა იყოს ფირმა, ეს გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ეს უნდა ჰქონდეს, აქ უნდა მოღვაწეობდეს?! აი ასეთი პირობა რამე დევს?! ღია ტენდერში ვინც გინდა იმან მიიღოს მონაწილეობა, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას?! ჩემთან პირდაპირ კვეთაში არ არის და არც ინტერესთა კონფლიქტში არ მოდის.

თქვენი სიძის კომპანია არის

ჯერ ერთი არ ვიცი, ზეპირად რა გითხრათ. ახლა მე რომ გკითხოთ რაღაც ისეთი, რაც წლებია გასული, მიპასუხებთ?! არ ვიცი და ტყუილი გითხრათ?! მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც მე ვმუშაობ, არცერთი ტენდერი არ ყოფილა ჩაწყობილი.

ორგანიზაცია 2 წელია ტენდერებს აცხადებს ღიად, ნებისმიერს რომ მონაწილეობა შეუძლია მიიღოს და არ უსაზღვრავს რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჰქონდეს, ამდენი ფულის უნდა ჰქონდეს მონაგები. რამოდენიმე ჯერ გამოაცხადეს ტენდერები და ხალხი არ შემოდის. არავის არ უნდა წალკაში.

არ შეიძლება გული ატკინოთ ყველას. ისინი, ვინც არაფერს არ აკეთებენ, არც აშავებენ, ზოგადად. მე დანაშაული კი არ მაქვს, მაგრამ ესეთი მიდგომა… გინახავთ დასუფთავებული წალკა?! ჩამობრძანდით, მესტუმრეთ, ძალიან კარგად მიგიღებთ. მარტო ცენტრალურ ქუჩაზე კი არა, მთლიანად. როგორ, რა რეჟიმით მუშაობს ხალხი.. ეს კეთილი მხარე დაინახეთ. როგორ არ შეიძლება დასწყდეს ადამიანს გული, გეკითხებით ახლა?! ჩემი ცხოვრება კეთილდღეობას და მუშაობას შევალია. ეს ორგანიზაცია ნულიდანაა დაწყებული, მარტო კედლებში შევედით.

შპს ეძანს სახელმწიფო ტენდერები 2016 წლის შემდეგ აღარ მოუგია. დღესდღეობით აღნიშნული კომპანია სრულად მალხაზ ზოიძეს ეკუთვნის. 2017 წლის გაზაფხულზე რამაზ შავაძემ კომპანიის 100%-იანი წილი ცოლის ძმას საჩუქრად გადასცა.


[მასალის პირველი ფოტოს წყარო: commons.wikimedia.org]

ნინო მელიქიშვილი

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით