Georgian Construction Group – მოხდა ხეების სანიტარული ჭრა და გადარგვა

დღეს, ჩვენ შპს „ნიუ მოლის“ მიერ რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გწერდით, რომელიც მე-12 მიკრო რაიონში სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობას გულისხმობს.

აღნიშნული მშენებლობის შედეგად, ობიექტის მიმდებარედ რამდენიმე ხე მოიჭრა. საკითხმა ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებაც მიიქცია და ფოტომასალაც მალევე სოციალური ქსელებით გავრცელდა.

ჩვენი რედაქცია ეცადა ორ კითხვაზე მიეღო პასუხი:

1 – ვინ და რა უფლებით მოჭრა ხეები?

2 – რატომ მოხდა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, მაგრამ ამასთან ერთად, თანხის გადახდის გარეშე, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილის კომპანია შპს „ნიუ მოლისთვის“ გადაცემა?

შესაბამისი კითხვებით მივმართეთ, როგორც კომპანიას, ასევე რუსთავის მერიას. ამ უკანასკნელმა ჩვენგან ოფიციალური წერილი მოითხოვა, რაც მედიასთან ურთიერთობის მანკიერი პრაქტიკაა, რომლის დამკვიდრებასაც, ცხადია, ხელს ვერ შევუწყობთ.

სამწუხაროდ, მხოლოდ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა შპს „ნიუ მოლთან“. ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა (ბატონი თემური), რომელმაც არც გვარის და არც სტატუსის თქმა არ ისურვა განაცხადა, რომ ტერიტორია მათ 6 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით მიიღეს. ასევე განმარტა, რომ ხეები არ მოუჭრიათ, უბრალოდ გადარგეს და მზადაა ნებისმიერ დროს, გვანახოს მათი გადარგვის ადგილი.

მოგვიანებით წერილი სამუშაოების მწარმოებელი კომპანია Georgian Construction Group-ისგან მივიღეთ.

„ მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენს სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ხე მცენარეების სანიტარულ ჭრასა და გადარგვასთან დაკავშირებით.

გასული წლის ოქტომბერში განხორციელდა გამხმარი ხე მცენარეების სანიტარული ჭრა.

მიმდინარე წლის 11 მაისს ასევე განხორციელდა 8 ერთეული ხე მცენარის გადარგვა, შესაბამისი ნებართვითა და სრული წესების დაცვით. ასევე გადარგულ ხეებზე ხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და მოვლა პატრონობა“ – წერია Construction Group წერილში, რომელსაც ახლავს ფოტომასალა და  განმარტებით ბარათი ხეების გადარგვის თაობაზე.

კომპანიის მოწოდებული ერთ-ერთი ფოტო

იმის გათვალისწინებით, რომ ხეების გადარგვა რიგ შემთხვევაში მათი გახმობით სრულდება, ჩვენი რედაქცია ეცდება დააკვირდეს შეასრულებს თუ არა, გადარგულ ხეებზე, ზრუნვის ვალდებულებას კომპანია.

ასევე, შევისწავლით დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც კომპანია „ნიუ მოლს“ გადაეცა აღნიშნული ობიექტი.

შეგახსენებთ, რომ შპს „ნიუ მოლის“ მსხვილი მეწილეები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის მმართველი პარტიისთვის და მისი მხარდაჭერილი პრეზიდენტისთვის, 70 000 ლარი აქვს ჩარიცხული.

შპს „ნიუ მოლის“ წილის 45%-ის მფლობელი, მამუკა ხელაიაც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას მმართველი გუნდისთვის,  2017 წლიდან დღემდე 55 000 ლარი აქვს ჩარიცხული.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით