TDI – სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი, კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს მუქარის მსხვერპლია

ტოლერატობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
” სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი, კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს მუქარის მსხვერპლია.
14 მარტს სამირა ბაირამოვამ სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ქალაქ მარნეულში ოფისის გახსნისა და მათი ღიად კრემლისტური, აგრესიული პოლიტიკის მიმართ. სამირამ ალტ-ინფოს მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
ამ მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ, სამირა ძალადობრივი დაჯგუფების მძიმე მუქარის სამიზნე გახდა. ბოლო დღეებში ფაშისტურმა დაჯგუფებამ მუქარის გზავნილები გააჟღერა სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების და აქტივისტების მიმართაც, ვინც მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისების გახსნა გააპროტესტა, მათ შორის ხულოში, მესტიაში, ოზურგეთში, ქობულეთში და სხვა რეგიონებში.
ალტ-ინფო, რომელიც პოლიტიკური პარტიის ფორმით დარეგისტრირდა, არის რუსეთის აგრესიული პროპაგანდის ინსტრუმენტი საქართველოში, ებრძვის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების პრინციპებს, საქართველოს სუვერენიტეტს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. დაჯგუფების მიერ 2021 წლის 5-6 ივლისს მოწყობილი მასშტაბური ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე ფაქტობრივად დაუსჯელი დარჩა. არ დამდგარა მასობრივი ძალადობის არცერთი ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხი. უფრო მეტიც, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, კრიმინალურ დაჯგუფებას არავითარი დაბრკოლება არ შექმნია, დაეფუძნებინა პოლიტიკური პარტია და ოფისები გაეხსნა საქართველოს ყველა რეგიონში.
მიგვაჩნია, რომ 5 ივლისის სისხლიანი ძალადობის ორგანიზატორების მიერ გაგზავნილი მუქარა რეალური საფრთხის შემცველია.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოიძიოს და აღკვეთოს სამირა ბაირამოვას და სხვა აქტივისტების მიმართ მუქარის თითოეული ფაქტი აღკვეთოს კრიმინალური დაჯგუფება ალტ-ინფოს საქმიანობა და მისი ლიდერები მიეცენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს სამირა ბაირამოვას და პრორუსული კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების ყველა მსხვერპლ მოქალაქეს, აქტივისტსა და ჟურნალისტს” – ნათქვამია განცხადებაში.
QvemoQartli.ge