კუმისის ტბა გლობალური დათბობის პირისპირ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამაზე მეტყველი, უკვე არაერთი მკაფიო მაგალითი არსებობს.

ერთ-ერთ ასეთს,  ქვემო ქართლის რეგიონში არსებული კუმისის ტბის მდგომარეობა წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე წელიწადში შეიძლება გაქრეს. ტბაში, წყლის დონე ყოველდღიურად იკლებს.

ადგილობრივები  წყლის დონის შემცირების რეალურ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა გვიყვებიან, რომ კუმისი ახლა ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია.

ადგილობრივი ამბობს, რომ ბოლო ორ წელიწადში, ტბის დონის მკვეთრმა კლებამ, ტბაში თევზის იმ სახეობის განადგურებაც კი გამოიწვია, როლებიც  ყველაზე რთულ გარემოშიც ცოცხლობს. მისი თქმით, ეს უკვე ტბის „სიკვდილს“ ნიშნავს.

„ არ ვიცი გლობალურ დათბობას უკავშირდება თუ რას, მაგრამ ფაქტია, ადრე საკმაოდ ღრმა იყო კუმისის ტბა. ორ მეტრამდე იყო დაახლოებით. ვთევზაობდი ხოლმე და საკმაოდ ბევრი თევზი იყო. საკმაოდ დიდ კარასს ვიჭერდი ხოლმე. ახლა ეს სახეობა საერთოდ აღარაა, ეს კიდევ იცით რას ნიშნავს?! ტბა მკვდარია!

ადრე, ალგეთი და მტკვარი აწვდიდა წყალს ჩვენს ტბას. ეს წყლები ხელს უშლიდა იმ წყალმცენარეს არსებობაში,  რომელიც ახლა მთელ ტბაშია მოდებული. მტკვრის წყალი პრაქტიკულად კლავს ამ ბალახს, ამიტომ ერთადერთი საშველი მტკვრის წყლის შემოდინება იქნება“, – აცხადებს ადგილობრივი არჩილ თავბორიძე.

კიდევ ერთი მოსახლე, რომელსაც ჩვენ შევხდით, სულ რამდენიმე წელია რაც ახალ კუმისში, ამ  ტბის სიყვარულის გამო  დამკვიდრდა. გვიხსნის, რომ ახლა მისთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისია, რადგან სოფელში არსებულ მრავალ პრობლემას,  ყველაზე „მიმზიდველი გარემოება“ ვეღარ შველის. ამბობს, რომ  ტბას, ერთ დღეს, მწვანე საფარი ჩაანაცვლებს.

„თევზაობა მიყვარს, მაგიტომაც ვიყიდე აქ სახლი წლების წინ. ორი წლის უკან არ იყო ასეთი სიტუაცია, ვთევზაობდი და სახლში თევზი მომქონდა. ახლა დამშრალია, თევზიც აღარ არის. სულ გამწვანებულია ტბაზე ყველაფერი. რომ მოინდომო, ფეხითაც კი შეძლებ მის გადავლას. სულ ტალახი და ჭაობია ახლა. არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვიცი რომ ტბას შველა სჭირდება, სხვა შემთხვევაში ის გაქრება“ – ამბობს გელა კორკოტაშვილი.

ტბაზე თევზის გაქრობის გარდა, ადგილობრივები სეზონურად გადამფრენი ფრინველების შემცირებაზეც გვიყვებიან.

„ადრე ვნადირობდი ხოლმე, ახლა აქ გადამფრენი ფრინველებიც შემცირდა. წინა წელს კიდევ რაღაც ფრინველი იყო, წელს საერთოდ არა.  ვნადირობდი ხოლმე მწყერზე, იხვზე.. ახლა ეგეც კი ძალიან შემცირებულია. არადა, წლების წინ გედებიც შემხვედრია, გაგიკვირდებათ და ფლამინგოც კი მინახავს აქ.

ერთი წლის უკან იცით სად იყო ნაპირი?! სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, მაგრამ ნახეთ რამდენად შორსაა ახლა ის. ადრე ბავშვები აქედან თავით ხტებოდნენ წყალში და ბანაობდნენ. წინა წელს ტბის დონემ საკმაოდ დაიწია. წყალში თევზიც არ არის. ძალიან ცუდი სიტუაციაა მაგ მხრივ. ტბას წყლის დამატება სჭირდება“, – აცხადებს ადგილობრივი ჯანსულ კინწურეიშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  კუმისის ტბის დღევანდელი მდგომარეობა კლიმატის ცვლილებამ განაპირობა და ტბაზე წყლის დონის მკვეთრი კლების რეალური მიზეზიც, სწორედ გლობალური დათბობაა.

„2021 წლის ივლისის თვეში წყლის დონემ კატასტროფულად იკლო. წყლის დონის მკვეთრად კლების მიზეზის დადგენის მიზნით, შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კუმისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტეოროლოგიური სადგურების და მეტეოროლოგიური რადარის მონაცემები. ანალიზმა უჩვენა, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2021 წლის ივლისის თვეში 1,2 გრადუსით, ხოლო აგვისტოს თვეში 3,0 გრადუსით აჭარბებდა შესაბამისი თვეების ნორმებს (მრავალწლიურ საშუალო მნიშვნელობებს).

რაც შეეხება ატმოსფერულ ნალექებს, 2021 წელს მოსული ნალექების რაოდენობამ ივლისის თვეში ნორმის 60%, ხოლო აგვისტოს თვეში ნორმის მხოლოდ 20 % შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კუმისის ტბაზე წყლის დონის მნიშვნელოვნად დაკლება 2021 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად ტბის ზედაპირიდან წყლის ინტენსიურმა აორთქლებამ, ატმოსფერული ნალექების სიმცირემ და ზემოთხსენებული ხევების დაშრობამ გამოიწვია“ – აცხადებენ სამინისტროში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ტბის დაშრობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზეც საუბრობენ.

„ტბაზე შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია რეაბილიტაცია ჩაუტარდეს მდ. მტკვრიდან და მდ. ალგეთიდან წყალსაქაჩ სატუმბებს/ხელოვნური არხებს, რომლითაც მოხდება წყლის შევსება და კუმისის წყალსაცავი დაუბრუნდება თავის საპროექტო პარამეტრებს.“

კუმისის ტბა რომ მრავალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, იციან გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც. მათი ინფორმაციით, წყალსაცავზე სხვადასხვა ღონისძიებებია გასატარებელი.

„კუმისის წყალსაცავი მრავალი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზია, წყლის არასაკმარისი რაოდენობით შესვლა. როგორც ცნობილია წყალსაცავი წყლით მდინარე ალგეთიდან მარაგდება, თუმცა ყოველწლიურად აღინიშნება წყლის დონის მკვეთრი დაცემა(გვალვის პერიოდში). წყლის დონის დაცემა პირდაპირ კავშირშია წყალში ჟანგბადის რაოდენობის კლებასთანა და ევტროფიკაციის გაზრდასთან, რისი ნათელი მაგალითია წყალსაცავში თევზის დახოცვა (უჟანგბადობის გამო), მცენარეული საფარის სიხშირე და „წყლის ყვავილობა“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კუმისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვიღებთ საქართველოს მელიორაციის კომპანიისგანაც.

„კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე, აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მშრალი, უნალექო კლიმატური პირობების მიზეზით, მნიშვნელოვნად შემცირდა ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და შესაბამისად მდინარეთა ჩამონადენი. მნიშვნელოვნად შემცირდა ალგეთის წყალსაცავის შემავსებელი მდინარე ალგეთის ჩამონადენიც, რის გამო წყალსაცავში არ ხდება წყლის საჭირო მოცულობით აკუმულირება“ – აცხადებენ საქართველოს მელიორაციაში.

კუმისის წყალსაცავი 1962 წელს შეიქმნა. იგი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტბა მოქცეულია იაღლუჯას მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის. მასში თევზსამეურნეო საქმიანობა 1967 წლიდან დაიწყო. კუმისის წყალსაცავი გამოირჩეოდა მაღალი თევზპროდუქტიულობით. მასში  გავრცელებული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული თევზის სახეობები. თევზპროდუქტიულობა აჭარბებდა ისეთ წყალსატევების თევზპროდუქტიულობას, როგორიცაა: ხრამის, სიონის, თბილისის, შაორის და სხვა წყალსაცავები.

ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით