სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობაში ჩართულობის „ფასადური მექანიზმის“ გარდაქმნისთვის

ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჩემი ხელის უფლება.“ ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც ჩართულობის არსებული მექანიზმის დახვეწაა.

ACSDG-ის ხელმძღვანელთან, გულიკო შოშიტაშვილთან ვსაუბრობთ მრჩეველთა საბჭოების გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

 როგორც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომრე რა გამოწვევები შეგხვდათ  მუშაობისას?

2018 წელს მიმიწვია თეთრიწყაროს მერიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში წევრად და პირველ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ამირჩიეს თავმჯდომარედ. საქართველოში არსებული მაშინდელი პრაქტიკით ამ სათათბირო ორგანოს რეალურად არ შეეძლო იმ ფუნქციის შესრულება, რისთვისაც ის საერთოდ ჩაფიქრებული იყო და არც თეთრიწყარო იყო ამ მხრივ გამონაკლისი.

საქმე იმაშია, რომ იმ დოკუმენტში, დებულებაში, რომელიც არეგულირებს მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს, ნათქვამია:

საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) გაანალიზოს და შეაფასოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები; ბ) მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად მოგვარებისთვის; გ) მოამზადოს ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზე (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ).

მაგრამ ამ მიზნების შესასრულებლად, ანუ გასაანალიზებლად, შესაფასებლად და პასუხების მოსამზადებლად რომ დროა საჭირო, ეს არსად წერია ამავე დოკუმენტში/დებულებაში. ამიტომ, საბჭოს მუშაობის მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ერთსა და იმავე სხდომაზე ხდებოდა საკითხის წარმოდგენაც და საბჭოს რეკომენდაციების გაცემაც, ჩვენმა შემადგენლობამ შეცვალა და ჩამოვაყალიბეთ ახლებური სამუშაო რეჟიმი.

კერძოდ: ერთ სხდომაზე მერია გამოიტანდა საკითხს განსახილველად და გარკვეული დროის შემდეგ (გონივრულ ფარგლებში) მოწვეულ მორიგ სხდომაზე საბჭო წარადგენდა თავის მოსაზრებას მასზე, იმსჯელებდა წევრების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და ერთობლივად მიღებულ რეკომენდაციებს ოქმის სახით აწვდიდა მერიას. ოღონდ ეს რეჟიმი არ ასახულა დებულებაში და ამაზე ორივე მხარე (საბჭო და მერია) სიტყვიერად შევთანხმდით.

ასეთი რეჟიმით მუშაობას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება და ის, რომ საბჭოს წევრები უანგაროდ გასცემდნენ მას, აჩვენებს, რომ ისინი საკმარისად მოტივირებულები და აქტიურები იყვნენ. ჩვენს შემადგენლობას მართლაც სურდა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებოდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და ექცია საბჭო რეალურად ქმედითად და ეფექტურად.

თუმცა, ჩვენს მიერ გაცემულ არცერთ რეკომენდაციაზე და რჩევაზე არასდროს მიგვიღია უკუკავშირი მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღებებისგან, საბჭო არასდროს იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, გაიზიარა თუ არა მერიამ ესა თუ ის რეკომენდაცია. მეტიც, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია, საკრებულოს სხდომაზე გატანამდე ორი დღით ადრე შესთავაზეს საბჭოს განსახილველად, რაც მან, რასაკვირველია ვერ გააკეთა. რადგან განხილვა და რეკომენდაციების მომზადება კი არა, ბიუჯეტის გაცნობაც კი ამ დროში ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენი შემადგენლობისთვის კი ფორმალური რეკომენდაციების გაცემა პრინციპულად მიუღებელი გახლდათ.

ასეთმა კომუნიკაციამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთათვის საბჭოს პოზიციას არანაირი ფასი არ ჰქონდა. ისე რომ, სათათბირო ორგანოსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგის რეჟიმი ვერ/არ დამყარდა.

შედეგად, საბჭოს წევრთა მოტივაციამ ნელ-ნელა იკლო და საბოლოოდ მათ სრულიად დაკარგეს კიდეც ინტერესი საბჭოში მუშაობის მიმართ.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან არშემდგარი ორმხრივი კომუნიკაციის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იქეთა მხარეს კანონი არ ავალებს კარგ/ორმხრივ კომუნიკაციას, რაც მას ჩართულობის ზედა, უკეთეს საფეხურზე აიყვანდა. მარტივად რომ ვთქვათ, კანონი თვითმმართველობას ავალებს მისცეს საზოგადოებას შესაძლებლობა თავისი პოზიციის გამოხატვისთვის და ათქმევინოს მას თავისი აზრი, ოღონდ არ ავალებს, რომ დიალოგის რეჟიმი ჰქონდეს საზოგადოებასთან, ანუ კანონი ეუბნება – მოუსმინეო და აღარ ავალებს უპასუხე კიდეცო, სამაგიეროდ მასვე უტოვებს არჩევანს რა გააკეთოს საზოგადოების აზრის მოსმენის შემდეგ – უპასუხოს თუ არ შეიმჩნიოს. კანონი  გადაწყვეტილების მიმღებს ამ არჩევანის წინაშე მარტოს ტოვებს და ის, თუ ამ ორიდან რომელს აირჩევს თვითმმართველობა დამოკიდებულია მის მოტივაციასა და კეთილ ნებაზე. არადა ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ადამიანური თვისებაა – არ გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე სთხოვენ. მაგრამ ცნობილი და გავრცელებულია ასევე ის ფაქტიც, რომ ყველანაირი პრობლემის მოგვარების გასაღები დიალოგზე გადის, თუკი, რასაკვირველია გინდა მოგვარება. დღეს არსებული ჩართულობის ინსტრუმენტების ფასადურობის სათავე, ვფიქრობ, რომ ამ არჩევანშია.

სწორედ ის გარემოება, რომ კანონი არ უზღუდავს თვითმმართველობას უკუკავშირზე ინტერპრეტირების შესაძლებლობას, არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თუკი გვინდა, რომ ჩართულობა თვითმმართველობისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ორმხრივად რეალურად საჭირო შესაძლებლობად და ინსტრუმენტად ვაქციოთ.

რა რეკომენდაციები გაქვს ჩართულობის ამ მექანიზმის დახვეწისთვის?

პირველ რიგში, საბჭოს დებულება უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს საბჭოს რეკომენდაციაზე რეაგირებისა და საბჭოსთან უკუკავშირის, გაზიარების ვალდებულება გაუჩნდეს და ეს თავისივე ბრძანებით უნდა გაამყაროს. დიალოგის შესაძლებლობა მერსა და თავის სათათბირო ორგანოს შორის მხარეების კეთილი ნების იმედად არ უნდა დარჩეს.

ვფიქრობ, თუკი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო აღიჭურვება ამგვარი დებულებით, ერთის მხრივ ის წაახალისებს მოტივირებულ ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ სათათბირო ორგანოს მუშაობაში, მისი წევრობა პრესტიჟული, საინტერესო და საპასუხისმგებლო გახდება და მეორეს მხრივ, დებულებით გაზრდილი პასუხისმგებლობა საბჭოსთან უკუკავშირზე და მისი რეკომენდაციების გაზიარებაზე მუნიციპალიტეტის მერს არ  მისცემს მოდუნების საშუალებას და დააზღვევს შეცდომებისგან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტურობას გადაწყვეტილებების მიღებისას და უკეთ მოარგებს მათ ადგილობრივების საჭიროებებს.  დიალოგის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი მეტად დააახლოვებს საზოგადოებასთან და ის, უბრალოდ მერი კი არა, საუკეთესო მერი გახდება.

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით