თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ

პროფესიით იურისტი, ბელა გაზდელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. ბელა თეთრიწყაროს სკოლაში მანდატურად მუშაობს. გავლილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის სპეციალური მასწავლებლის, ლოგოპედის და ფსიქოლოგის კურსები.

მისი ინიციატივაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი, სადაც მოზარდები ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეციალური მასწავლებლის მომსახურებას/მხარდაჭერას მიიღებენ.

„ გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  10 წლის ბავშვის დედა. ძალიან რთული გზა გავიარეთ იმისთვის, რომ იქამდე მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ, იმისთვის, რომ  ესწავლა მას მეტყველება. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ახლაც გვაქვს პრობლემა და ეს სრულად მოგვარებული არ არის.

დიდი ფინანსური ძალისხმევა დაგვჭირდა..

ჯერ იყო საბავშვო ბაღის პრობლემა – პედაგოგები არ იყვნენ მზად შშმ ბავშვებთან სამუშაოდ, შემდეგ დადგა სკოლის საკითხი, სადაც მსგავსი ვითარება დაგვხვდა. მოგვიწია თბილისში ბინის დაქირავება და სამი წლის განმავლობაში ბავშვის იქაურ სკოლაში ტარება. ამ ყველაფერს თან  ერთვოდა ფსიქოლოგის და ლოგოპედის მომსახურება, რაც ხშირ შემთხვევაში, საათობრივად 35-40 ლარი ღირს.

ამისი საშუალება აქვს ყველა მშობელს?!

ჩვენც უკვე ვეღარ შევძელით და ახლა ბავშვი თეთრიწყაროს სკოლაში გადმოვიყვანეთ“- საუბრობს ბელა გაზდელიანი.

ამბობს, რომ შვილთან ახლოს ყოფნისთვის, გაიარა გადამზადება და სკოლის მანდატურად დაიწყო მუშაობა. გვიყვება, რომ სკოლას დღეს არც მატერიალური და არც ინტელექტუალური რესურსი არა აქვს შშმ ბავშვების მხარდაჭერისთვის.

სწორედ ამ და სხვა გამოწვევების გამო, ფიქრობს, რომ აუცილებელია თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნა.

„მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი სახელით, მე სხვა მშობლების სახელითაც ვაცხადებ, რომ აუცილებელია ასეთი ცენტრის შექმნა, სადაც ბავშვებს ადგილზე ფსიქოლოგიც, ლოგოპედიც და სპეციალური მასწავლებელიც მოემსახურება. ვაკვირდებით სხვა მუნიციპალიტეტებში, როგორ შეიქმნა ეს ცენტრები, რა ხდება მათთან.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ინიციატივის შესახებ არ მისაუბრია ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან“, – საუბრობს გაზდელიანი.

დღის ცენტრის შექმნის საჭიროებასთან ერთად ის ყურადღებას ამახვილებს საბავშვო ბაღების სისტემის ნაკლოვანებაზეც. ამბობს, რომ აუცილებელია ბაღების გაერთიანებას თუნდაც ერთი, ან ორი მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგი და ლოგოპედი ჰყავდეს, რომელიც გარკვეული გრაფიკით იმუშავებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში.

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.