3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო
არც თუ ცოტას გვაქვს ნანახი, როგორ გამოიყურება ადამიანებისგან დაცლილი, მიტოვებული სოფელი. რატომ ტოვებენ სოფლებს?!
ხშირად დაცარიელებული სოფლების უკან სუსტი თვითმმართველობა – მთავრობის არაეფექტური რეგიონული პოლიტიკა დგას. ამ ყველაფერს კი საბიუჯეტი თანხების წყალში გადაყრის სახე აქვს.
სწორედ წყალი და ამ შემთხვევაში სარწყავი წყალი შეიძლება გახდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის [შაუმიანის ტერიტორიული ერთეული] დაცარიელების მიზეზი. მოსახლეობა საუბრობს, რომ სარწყავი წლის უქონლობის გამო უჭირთ მოსავლის მოყვანა. ადგილი კი ისეთია, რომ ბუნების ძალების და წვიმის იმედად ვერ იქნები.
თემაზე ადგილობრივები რეზო შავაძე და ეთერ ლომსანიძე საუბრობენ. ხიხანში ახლა მთავარი მსჯელობის საკითხია, რა ბედი ეწია პროექტს, რომელიც სოფლის სარწყავი სისტემის მოსაწყობად დაიწყო და ახლა ადგილიდან არ იძვრის. გვიყვებიან, რომ „საქართველოს მელიორაციამ“ დაიწყო პროექტის განხორციელება და მათი ინფორმაციით სამუშაოები გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სარწყავი წყლის ნაცვლად გადათხილი ტერიტორიები და მათში ჩაყრილი, მიტოვებული მილები დარჩათ. სოფელში ამბობენ, რომ მსხვილფეხა საქონლის ამოყვანა ამ ორმოებიდან ხშირად უწევთ და პროექტიდან, ხიხანმა ვერანაირი სიკეთე ვერ ნახა.
QvemoQartli.ge სხვადასხვა უწყებებს მიმართა იმისთვის, რომ გაერკვია ვინ, რა პროექტს, რა თანხებით და რა ვადებით – ასრულებდა აღნიშნულ სოფელში.
მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველოში საკითხზე მოგვწერეს: „ სარწყავი წყალი განეკუთვნება მელიორაციის სამსახურის კომპეტენციას. ჩვენი ინფორმაციით იგეგმება აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების წარმოება, თუმცა დააზუსტეთ ქვემო ქართლის სერვის ცენტრთან.”
მივყევით თემას და მივმართეთ წერილით 10 მარტს შპს ,,საქართველოს მელიორაციას“ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს]. წერილის მიღება დაგვიდასტურეს, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, 1 აპრილს კომუნიკაცია მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ვცადეთ. ამით კი მივიღეთ შემდეგი პასუხი:
„ ხიხანის პროექტთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა, რის შემდეგაც გიპასუხეთ თქვენ კითხვებზე“.
იმის გათვალისწინებით, რომ სოფელ ხიხანში ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სარწყავი წყლის პროექტის განხორცილებისას მოხდა თანხების გაფლანგვა, მივმართეთ პროკურატურას. უწყებამ [საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დახმარებით] განგვიმარტა, რომ ამ მიმართულებით საქმე აღძრული არ არის.
მართალია, მთავარ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის შესახებ, ჩვენი კოლეგების არქივში აღმოვაჩინეთ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სარწყავი წლის პროექტი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ტერიტორიული ერთეულიც [შედის სოფელი ხიხანიც] უნდა მოეცვა, 2016 წლის დეკემბერში დაიწყო შპს საქართველოს მელიორაციამ. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 700 ათას ლარს აღემატებოდა. როგორც მელიორაცია ასევე სოფელ ხიხანის მკვიდრნი მას „საუკუნის პროექტს“ უწოდებნენ.” იმედების მასშტაბის სრულად შესაფასებლად, დაუთმეთ ვიდეოს 1:04 წამი.
2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“
პროექტის შედეგად ხიხანს სარწყავი წყალი არ მიუღია. სოფელს დარჩა გადათხილი მიწები და მილები. ხიხანი წელს ორმა ოჯახმა დატოვა. ადგილობრივები დარდობენ, რომ სხვა ოჯახებიც წავლენ, რადგან წყლის გარეშე მოსავალი ვერ მოჰყავთ.
ასე, რომ როდესაც ნახავთ მიტოვებულ სოფელს, ნუ იფიქრებთ რომ აქ, ზარმაცი ადამიანები ცხოვრობდნენ და ადვილი არსებობისთვის ქალაქებში გადავიდნენ.
შეიძლება თქვენ ცდებოდეთ და ცარიელი სოფლის უკან უპასუხისმგებლო სახელმწიფო უწყებები იდგნენ.
სამაია რზაევა
მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით.