გლობალური დათბობა და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა – კუმისის ტბაში წყლის დონე კრიტიკულად შემცირდა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება დიდი მოგზაურობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამ მოგზაურობას, წყალმცურავი ფრინველების ნაწილი, ყოველ წელს, ასრულებს და შესვენებისთვისა, თუ გამოზამთრებისთვის წინასწარ აქვს ადგილი შერჩეული. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული კუმისის ტბაა.

კუმისის ტბა ყოველ წელს ათობით სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველს და მათ შორის გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს მასპინძლობს.

ჰარმონია რომელიც ათეული წლებია გრძელდება, შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს, რადგან ყოველ წელს იკლებს კუმისის ტბაში წყლის ოდენობა.

კუმისის ტბის წყლის რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს 2021 წელს მიაღწია.

გარემოსდამცველი დაჩი შოშიტაშვილი ამბობს, რომ ტბაში წყლის დონის კლება უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია. იგი დაკვირვების საწარმოებლად, პერიოდულად მოდის ტბასთან. გვიხსნის, რომ ადგილი სადაც რამდენიმე თვის წინ წყალი იყო, ახლა მშრალია და მასზე წყალმცენარეების კვალიც შესამჩნევია.

„ კლიმატის ცვლილება შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ტბაში წყლის დონის კლებასთან, რადგან ალგეთის წყალსაცავს, რომელიც კუმისის ტბას ამარგებდა წყლით, არ ჰყოფნის წყლის ოდენობა იმისთვის რომ ერთი მხრივ მოსახლეობის საჭიროებებიც დააკმაყოფილოს და მეორეს მხრივ, ტბისაც“, – საუბრობს გარემოსდამცველი ორგანიზაციის  „ბუნების კონსერვაცია საქართველო“ -ს წარმომადგენელი, დაჩი შოშიტაშვილი.

ამბობს, რომ ტბა ათობით სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველთან ერთად, გლობალურად კრიტიკულად შემცირებული თეთრთავა იხვის გამოსაზამთრებელი ადგილია.

კუმისის ტბას თავისი არა ერთი გულშემატკივარი ჰყავს. ამ გულშემატკივრების რიცხვში პირველ ადგილზე არიან თავად ტბის გარშემო არსებული სოფლის,  ახალი კუმისის, მაცხოვრებლები.

ნინო ფანცულაია ერთ-ერთი მათგანია. ტბის მეზობლად მცხოვრები ამბობს, რომ ყოველთვე უყურებს როგორ ქრება ნელ-ნელა წყალი. მან არაერთ უწყებას მიმართა, მაგრამ ტბის გადასარჩენად, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ ჩანს.

„ ერთის მხრივ, არის ხელისუფლების უყურადღებობა ამ პრობლემის მიმართ და მეორე მხრივ გლობალური დათბობა“, – საუბრობს ადგილობრივი ნინო ფანცულაია.

კუმისის ტბა, რომელზეც ადგილობრივებს და გარემოსდამცველებს გული შესტკივათ, 59 წლის წინ, ხელოვნურად შეიქმნა, როგორც წყალსაცავი. მას ასაზრდოებდა ატმოსფერული ნალექი და ორი მდინარე: მტკვარი და ალგეთი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვწერენ, რომ 2021 წელს კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია წყლის დონის კლებამ ტბაში. ამისი მიზეზი კი არის:

„   წყლის დონის მკვეთრად კლების მიზეზის დადგენის მიზნით, შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კუმისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტეოროლოგიური სადგურების და მეტეოროლოგიური რადარის მონაცემები. ანალიზმა უჩვენა, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2021 წლის ივლისის თვეში 1,2 გრადუსით, ხოლო აგვისტოს თვეში 3,0 გრადუსით აჭარბებდა შესაბამისი თვეების ნორმებს. რაც შეეხება ატმოსფერულ ნალექებს, 2021 წელს მოსული ნალექების რაოდენობამ ივლისის თვეში ნორმის 60%-ს, ხოლო აგვისტოს თვეში ნორმის მხოლოდ 20 %-ს შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კუმისის ტბაზე წყლის დონის მნიშვნელოვნად დაკლება 2021 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად ტბის ზედაპირიდან წყლის ინტენსიურმა აორთქლებამ, ატმოსფერული ნალექების სიმცირემ და ზემოთხსენებული ხევების დაშრობამ გამოიწვია“, – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ის, რომ გლობალური დათბობა არის კუმისის ტბის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი გვწერენ „საქართველოს მელიორაციის კომპანიიდანაც.“

უწყებაში აცხადებენ:

„ კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე, აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მშრალი, უნალექო კლიმატური პირობების მიზეზით, მნიშვნელოვნად შემცირდა ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და შესაბამისად მდინარეთა ჩამონადენი. მნიშვნელოვნად შემცირდა ალგეთის წყალსაცავის შემავსებელი მდინარე ალგეთის ჩამონადენიც, რის გამო წყალსაცავში არ ხდება წყლის საჭირო მოცულობით აკუმულირება.

მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ალგეთის წყალსაცავში აკუმულირებულია მხოლოდ 8,83 მლ.კბმ. წყლის მოცულობა, ხოლო მისი სასარგებლო მოცულობა კი 60,0 მლნ. კბმ-ს შეადგენს. ცნობილია, რომ ალგეთის წყალსაცავიდან გამომავალი ტბისი-კუმისის მაგისტრალური არხი ემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის თეთრიწყაროს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 5520 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მორწყვას. აღნიშნული ფართობის მოსარწყავად, წყალსაცავში ამჟამად აკუმულირებული წყლის მოცულობა დანამდვილებით არ არის საკმარისი“,  –  „საქართველოს მელიორაციის კომპანია.“

გამოსავლის ძიებაში საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ერთმანეთს წერილებს სწერენ. ბოლო ამგვარი, წერილი თანახმად, რომელიც რეკომენდაციის სახით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ მისწერა, მიმდინარე წლის აგვისტოში, ვკითხილობთ რომ ამ უკანასკნელის (სააგენტოს) რეკომენდაციით აუცილებელია  კუმისის ტბის წყლით მომარაგება დამატებითი საშუალებებით, მდინარე მტკვრის გამოყენებით. ასევე რეკომენდაციების თანახმად საჭიროა კუმისის ტბის გაცემა მართვაში „ექსტენსიური აკვაკულტურის“ ნებართვის საფუძველზე. ეს უკანასკნელი კი მოსარგებლისგან, გარემოს დაცვის სხვა რეგულაციებთან ერთად, მოითხოვს წყლის რესურსის მოფრთხილებას და არსებული ეკოსისტემის შენარჩუნებას.

მოხდება თუ არა აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება, ამ დროისთვის, არ არის ცნობილი.

 

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით