“ ვგრძნობ, რომ უფრო დაცული ვარ“ – გოგონები სპორტის სამყაროდან
(მზიკო როსნაძე)
ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არსებობას კვლავ აგრძელებენ. სპორტი, ერთ-ერთი სფეროა სადაც ეს, ალბათ, ყველაზე კარგად ჩანს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სპორტი „ქალის საქმე“ არ არის, რადგან ეს დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს. გოგონები და ქალები, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში ყოველდღიურად, არაერთ წარმატებას აღწევენ, საპირისპიროს ამტკიცებენ.
რუსთავს, არაერთი წარმატებული ქალი სპორტსმენი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდების ინტერესი, ამ სფეროს მიმართ მკვეთრად გაიზარდა.
ვცადეთ, გაგვერკვია როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ გოგონების მიმართ, რომელთა კარიერაც სწორედ სპორტს დაუკავშირდა.
ერთ-ერთი პირველი რესპონდენტი, 19 წლის ნანა ბედიანაშვილია. ის შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენია.
ნანა უკვე ორი წელია, რაც „ბრძოლა წესების გარეშეს“ ეუფლება. გვიყვება, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ქალ სპორტსმენებთან დაკავშირებით, ხშირად „დამცინავია“ – მითუმეტეს ისეთი სპორტის სახეობაში, რასაც ის წარმოადგენს. ამბობს, რომ ამის მიუხედავად, მისი სიყვარული სპორტისადმი შეუცვლელი და უპირობოა.
„ ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს სპორტი იყო ის, რაც მე მომწონდა და სადაც მე მინდოდა მოღვაწეობა გამეგრძელებინა. მშობლებმა ცოტა იუარეს თავიდან, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა თუ ხელს შემიწყობდნენ და შეეგუვნენ ამ საკითხს.
ბიჭების უმეტესობა, ვინც ამ სპორტის სახეობაშია, არ თვლის იმას რომ გოგოები არ უნდა იყვნენ აქ. უმეტესად საზოგადოება თვლის, რომ – „გოგო არის და რა უნდა ამ სპორტში“.
როცა გამოცდიან და ივარჯიშებენ, მერე მიხვდებიან, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნები თუ ბიჭი – ეს ელემენტარულად ჯანმრთელობისთვისაც კარგია.
მხოლოდ იმას ხედავენ რომ ცემა-ტყეპაა აქ და სხვა არაფერი, მაგრამ ეგრე არ არის.
ეს სპორტი გეხმარება ყველანაირად. როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
სიძნელეები არაფერია. პირიქით მიხარია, რომ ამ სპორტში ვარ. ვგრძნობ, რომ უფრო დაცული ვარ“,- ამბობს ნანა ბედიანაშვილი.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი კი 17 წლის მზიკო როსნაძეა, რომელიც უკვე 4 წელია რუსთავში, გოგონათა კალათბურთის გუნდის წევრია. სპორტსმენობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ ტურნირზე, მისი სკოლა დამარცხდა.
მზიკოს არჩევანი, ოჯახისთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან მისი მშობლებიც სპორტში არიან, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება, მისი თქმით, დისკრიმინაციულია.
„ სკოლის ჩემპიონატები ტარდებოდა, სადაც ჩემმა სკოლამ წააგო და იქ დამცინავი საუბრები წამოვიდა – მაშინ გამიჩნდა მოტივაცია, რომ ჩემი სკოლის სახელით მე მომეგო ეგ ჩემპიონატი, მაგიტომ შევედი კალათბურთზე და შემოვრჩი დღემდე.
მშობლებმა კარგად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, რადგან თვითონაც სპორტსმენები არიან და პირიქით გაუხარდათ.
მამაკაცებს რომლებიც კალათბურთში არიან, ორ ტიპად დავყოფდი. ზოგი დამცინავად იღებს, – „გოგოა და რა უნდა გააკეთოს“. ნაწილი კი გოგონების სპორტში ყოფნას ჩვეულებრივად იღებს და აღიარებს კიდევაც, რომ ზოგი ქალი მოთამაშე სჯობნის.
ჩემი სამომავლო გეგმებიც სპორტს უკავშირდება. ვემზადები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, თავიდან სამედიცინოს ვფიქრობდი „რეაბილიტაცია სპორტის“ განხრით და ახლა, საჯარო მმართველობა მინდა – ესეც სპორტის განხრით“, – მზიკო როსნაძე.
გვიყვება განსხვავებაზე, რაც სპორტში გოგონებსა და ბიჭებს შორის იკვეთება.
„ ახლა პანდემიურ პერიოდში რუსთავის პარკში ვვარჯიშობთ. ერთი პერიოდი აპირებდნენ დარბაზის გახსნას და ისევ ჩაკეტეს. რატომღაც, ბიჭების დიდი ჯგუფია მხოლოდ დარბაზში შესული სავარჯიშოდ და ჩვენ, გოგოების დიდი გუნდი – არა. ალბათ, ესეც „გოგოები სპორტში“ ერთ-ერთი დამოკიდებულებაა. ძალიან გაგვიხარდება თუ შეგვიშვებენ ჩვენც. ბევრი ნაკრების მოთამაშე გვყავს, უფრო მისახედი ჩვენი გუნდია. საერთო ჯამში 30-ზე მეტნი ვართ, გუნდში კი 16 საუკეთესო ვთამაშობთ. გვაქვს სხვადასხვა საამაყო მიღწევებიც“, – მზიკო როსნაძე.
ინფორმაციისთვის, სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის მხრივ არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება განახორციელა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გამოიკვეთა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გენდერული უთანასწორობა სპორტში, არის მსოფლიო მასშტაბის გამოწვევა, რომელიც შესაძლოა მრავალი სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. ესენია:
- მასობრივ სპორტში მამაკაცთა და ქალთა არათანაბარი ჩართულობა;
- კაცებთან შედარებით ქალთა დაბალი ფიზიკური აქტივობა;
- სპორტულ სექციებსა და ფიზიკურ აღზრდაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა; სტერეოტიპული დამოკიდებულებები „კაცთა“ და „ქალთა“ სპორტის შესახებ;
- პროფესიულ სპორტში ქალი სპორტსმენების დაბალი ჩართულობა;
- ქალი სპორტსმენების მონაწილეობით სპორტული შეჯიბრებების მედია გაშუქების დაბალი სიხშირე;
- სპორტული ორგანიზაციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა არათანაბარი მონაწილეობა;
- ქალებისა და კაცების არათანაბარი ხელმისაწვდომობა სფეროში არსებულ რესურსებსა და მატერიალურ სიკეთეებზე და სხვა.
ნინო ბერიძე
მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით