საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან მოაქვთ.

„ აქ წყალი არ არის მილებით, ანუ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. თითქმის ყველა ოჯახს აქვს, საკუთარი სახსრებით ჭები გაკეთებული და ძრავებით ამოაქვთ მიწიდან წყალი. ოღონდ ეს წყალი დასალევად არ არის ვარგისი, მას უბრალოდ საოჯახო საქმეში ვიყენებთ. იყო შემთხვევები, რომ ბავშვებმა დალიეს, მაინც ზოგჯერ ვერ მიადევნებ თვალს – მერე კი ცუდად გახდნენ. ასევე ვისაც ყიდვის ან ჩამოტანის საშუალება არ აქვს ისინიც სვამენ“,- საუბრობენ სოფლის მაღაზიაში შეკრებილი ადგილობრივები.

ამავე სოფელში მცხოვრები რამიზ გუსეინოვიც ამბობს, რომ სოფელს სასმელად ვარგისი წყალი არ აქვს.

„ დააკვირდით, ჩვენი თანასოფლელი ქალები, ყველანი წელზე თავსაფარ შემოხვეულები დადიან. იცით, რატომ?! ამ წყლის გამო, უკვე არავის უვარგა თირკმლები“, – საუბრობს, გუსეინოვი.

დასძენს რომ ამ პრობლემის გარდა, ქესალოში სხვა საკითხებიც არ არის მოგვარებული. გვიხსნის, რომ ბევრმა ვერ ისარგებლა იმ დახმარებით, რაც პანდემიის დროს იყო დაწესებული. საუბრობს, რომ მათ ამის შესახებ უბრალოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია.

ადგილობრივების ნაწილი, ყურადღებას ამახვილებს სოფელში გაკრულ „ქართული ოცნების“ ათობით პლაკატზე. ამბობენ, რომ ეს მათზე შთაბეჭდილებას არ ახდენს  – „ კონკრეტულ, მოგვარებულ საქმეებს“ ითხოვენ კანდიდატებისგან.

კითხვით, რა ხდება სოფელ ქესალოში სასმელ წყალთან დაკავშირებით? როგორია ამ წყლის ხარისხი? მივმართეთ გარდაბნის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს, მარიამ სოლოღაშვილს.

სამწუხაროდ, ქალბატონმა მარიამმა თემაზე არც პასუხისმგებელ პირთან გადაგვამისამართა და უკვე ტრადიციულად, ოფიციალური უწყების კომენტარის გარეშე დაგვტოვა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით