ქალები და მობილობა

კვლევა სახელწოდებით „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

კვლევითი დოკუმენტი, შეისწავლის ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერულ ასპექტებს და ასევე განიხილავს ყოველდღიური გადაადგილების თავისებურებებს, გადაადგილების საშუალებებს, ამ გადაადგილების საშუალებასთან დაკავშირებულ გენდერულ ბარიერებსა და ქვეყანაში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკას.

მსგავსი კვლევა ქვეყანაში აქამდე არ ჩატარებულა და მის ფარგლებში მოხდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული გენდერული ასპექტების იდენტიფიცირება. კვლევას თან ახლავს რეკომენდაციები. ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას და მობილობის კუთხით ქალთა საჭიროებების გამოკვეთას, მეორე მხრივ კი, კვლევის მიგნებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.

კვლევის მიგნებები ნათლად გამოკვეთს მობილობის კუთხით არსებულ ტენდენციებს და აჩვენებს იმ ბარიერებსა და წინაღობებს, რასაც ქალები საქართველოს 4 რეგიონში ყოველდღიური გადაადგილებისას აწყდებიან. მობილობის ანალიზი აჩვენებს, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული პოლიტიკა ქვეყანაში სპორადულია და უმეტეს რეგიონებში საერთოდ არ არსებობს.

„ მნიშვნელოვანია, ყველა რეგიონში მცხოვრებ პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმდეს და ჰქონდეს წვდომა შრომის ბაზარზე. კორონავიურისით გამოწვეული პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკის სტრუქტურულმა ტრანსფორმაციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ყოველდღიურ გადაადგილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი ვირტუალური მობილობა ქმნის ქვეყანაში მცხოვრები საშუალო კლასის მოსახლეობისთვის დასაქმების უფრო მოქნილ შესაძლებლობას, იგი ნეგატიურ გავლენას ახდენს იმ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მობილობაზე, რომლებსაც არ აქვთ დაგროვილი ადამიანური კაპიტალი, შესაძლებლობები და კვალიფიკაცია ახლად აღმოცენებულ დასაქმების სფეროებში მონაწილეობისათვის. ამ კუთხით, წინამდებარე კვლევა, მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი წყაროა ქვეყანაში მობილობის კუთხით არსებული ცოდნის დაგროვებისათვის და აუცილებელია, რომ ის ტენდენციები, რაც გენდერულ ჭრილში, ქალების გადაადგილების კონკრეტულ ბარიერებთან მიმართებით გამოიკვეთა, გამოკვლეულ და განხილულ იქნას უფრო ფართო ჭრილში, რათა შესაძლებელი იყოს ქვეყანაში მობილობასთან დაკავშირებული თანმიმდევრული და საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება“ – კვლევა  „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები.“

მკვლევარებმა რეკომენდაციით მიმართეს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საქართველოს მთავრობას:

საქართველოს მთავრობას

მობილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგროვდეს და გაანალიზდეს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის, გენდერულ ჭრილში, ყოველდღიურ გადაადგილების რეჟიმებში გენდერული განსხვავებების უკეთ აღსაქმელად და გადაადგილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის სწორად დასაგეგმად და განსახორციელებლად.

ადგილობრივ თვითმმართველობებს

  • მუნიციპალიტეტების დონეზე მოხდეს გადაადგილების ბარიერების, გადაადგილების სისტემის ხარვეზებისა და შესაძლებლობების კვლევა, მათ შორის, გენდერულ ჭრილში;
  • შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები გადამზადდნენ მობილობის გენდერული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • მობილობის პოლიტიკა, მათ შორის, სოციალური და ურბანული სატრანსპორტო სქემა, იმგვარად დაიგეგმოს, რომ ითვალისწინებდეს მოსახლეობის მობილობის პოტენციალს და რესურსებს;
  • ტენდერით შესყიდული სატრანსპორტო მომსახურება მიესადაგოს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებს;
  • გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (გარე განათების, საფეხმავლო გზების, დასასვენებელი ადგილების, გაჩერებების და სხვ.) მოწყობისას, გათვალისწინებული იყოს ქალთა, და განსაკუთრებით, სპეციალური საჭიროებების მქონე ქალთა საჭიროებები;
  • სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალები ჩართულები იყვნენ, მათ შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე გადაადგილების, ტრანსპორტირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე;

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე..

ვიზუალიზაცია: პუბლიკაციისთვის გამოვიყენეთ გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ახლდა კვლევას და წარმოადგენს კვლევითი ჯგუფის ნამუშევარს.

 

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით