სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში

ახალი კვლევის ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველომ ჩაატარა, ავტორებმა საზოგადოებას წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი სპეციალიზებული კვლევაა და ამ დრომდე პრობლემის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემაა. მის შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება.

კვლევაში ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც. გამოკითხულთა 98% ფიქრობს, რომ ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, 95%-ს კი მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენები უნდა დაისაჯონ. ამას გარდა, 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.

კვლევის თანახმად, საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

კვლევითი დოკუმენტის მიგნებებში, ცალკე არის გაანალიზებული და წარმოჩენილი  სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირებთან და შემსწრეებთან დაკავშირებული საკითხები. ირკვევა, რომ შემსწრეები უფრო დიდი ალბათობით მაშინ ერევიან, როცა დამნაშავე მათივე რანგის თანამშრომელია, ხოლო თუკი საქმე ზემდგომ პირს ეხება, ისინი ჩარევისგან, ჩვეულებრივ, თავს იკავებენ. ხოლო, იმ რესპონდენტთა ერთმა მეოთხედმა, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდიათ, არჩია, არ დაეფიქსირებინა დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართება. დანარჩენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა (დაახლოებით 40%-მა) კი სამუშაო ადგილის ხელმძღვანელი ან უშუალო ხელმძღვანელი დაასახელა პირად, ვინც ბოლო შემთხვევის დროს ავიწროებდა სექსუალურად. იკვეთება, რომ შემსწრეთა მხრიდან შეტყობინების გაკეთება ყველაზე ნაკლებად სასურველი ქმედებაა, როცა საქმე სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება. შემსწრეთა მხოლოდ 3%-მა შეატყობინა ინციდენტის შესახებ სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო 6%-მა აღნიშნა, რომ არაფერი მოუმოქმედებია. უმრავლესობამ (62%) დააფიქსირა, რომ ემოციური მხარდაჭერა გაუწია მსხვერპლს.

კვლევითი ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, გამოწვევების დასაძლევად შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

რეკომენდებულია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა.

საჯარო უწყებებმა უნდა განიხილონ სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო მოხელეებისთვის რეგულარული და, თუკი ეს შესაძლებელია, სავალდებულო ტრენინგების ჩატარება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფენომენის, კანონმდებლობის, რეაგირების არსებული მექანიზმებისა და შედეგების შესახებ მათი ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ ჰქონდეთ მაღალი მგრძნობელობა. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ მოხდეს მაგალითის მიცემა და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წახალისება.

შეტყობინების წასახალისებლად, საჯარო უწყებებმა რეგულარულად უნდა ჩაატარონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები სექსუალური შევიწროების კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმირების გაზრდისთვის და როგორც მსხვერპლთა, ასევე შემსწრეთა მიერ შეტყობინების წასახალისებლად.

შეტყობინების წასახალისებლად საჯარო უწყებებმა უკეთ უნდა დაიცვან როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა, ასევე მოწმეთა კონფიდენციალობა.

სხვა საკითხებთან ერთად, სექსუალური შევიწროების პრევენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია წახალისდეს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა დაწინაურება.

კვლევითი ანგარიში, სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით