რასაც მემუქრებოდნენ ის დამმართეს – ოპოზიციის დაზარალებული მხარდამჭერი (ვიდეო)
20 სექტემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ივანე გველესიანს, უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდა. გველესიანი თავისტვინის შერყევით და სახის ძვლების დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იგი ამჟამადაც კლინიკა „რუსთავში“ გადის მკურნალობას.
გველესიანმა უკვე არა ერთი სატელევიზიო მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობს, რომ თავს უცნობი, სპორტული აღნაგობის პირი, ღამის პირველი საათზე, მისსავე საცხოვრებელ კორპუსთან დაესხა.
რუსთავში ახმეტელის #6-თან, სადაც გველესიანი ცხოვრობს, სისხლის წვეთები ამ დრომდე ჩანს. ისინი ეზოდან იწყება და კიბეებს მიუყვება.
გველესიანი სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ იგი წლების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თუმცა მოგვიანებით დამოკიდებულება შეიცვალა და სწორედ ამიტომ, ცდილობდა დახმარებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას.
„ 15 სექტემბერს მივედი ააიპ „რუსთავის კორპუსი“-ს ხელმძღვანელთან და ალალად ვუთხარი, რომ ვეხმარები გაერთიანებულ ოპოზიციას და არ მინდა ორმაგი თამაში გამომივიდეს-მეთქი.
რაც შეეხება უკანონო ბრძანებების გაცემას „რუსთავის კორპუსში“, ასეთი ბრძანებები არ ყოფილა. „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი ბატონო დავითი, არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
15 სექტემბერს, მე და დავითმა, რომ ვისაუბრეთ თვითონაც მთხოვა, რაღაი ასეთი სიტუაცია არის, დამეწერა განცხადება წასვლაზე“, – საუბრობს ივანე გველესიანი.
ვცდილობთ გავარკვიოთ, საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური არჩევანის გარდა, კიდევ რა გარემოებები უძღოდა წინ მომხდარს.
გველესიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით მისთვის მუქარის შემცველი – „გამაფრთხილებელი“ გზავნილებს გადაცემა ხდებოდა.
„ ისეთივე მუქარები იყო, რაც ახლა გავიარე და რაც დამმართეს.. შემოთვლები იყო, ეს დაგემართება, ეს მოგივა – დაახლოებით ასეთი რაღაც რაც მოხდა.. ეს შემოთვლები არ კეთდებოდა ძალიან შინაური ადამიანების დახმარებით, შეიძლება ვინც მეუბნებოდა იგი ერთი მეათე ადამიანიც კი იყო“,- დასძენს დაზარალებული ივანე გველესიანი.
მომხდართან დაკავშირებით ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ უპასუხა. ლაცაბიძე გამორიცხავს მისი საარჩევნო შტაბის, ან მხარდამჭერების მონაწილეობას გველესიანზე თავდასხმაში. საკითხს ეხმაურება, ააიპ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი, დავით ხაჩიძეც. ამბობს, რომ გველესიანმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და მასზე ზეწოლა არ მომხდარა. მათგან განსხვავებით კი ოპოზიცია ადამიანის პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე, დაგეგმილ თავდასხმაზე და მმართველი ძალის კრიმინალურ ქმედებებში გადასულ – მუშაობის წესზე საუბრობს.
საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყეს. გველესიანის საცხოვრებელ კორპუსში, საგამოძიებო მოქმედებებს, სამართალდამცავები დღესაც ახორციელებდნენ. კონკრეტულად კი ცდილობდნენ გველესიანის მეზობლების გამოკითხვას.
ფოტოს წყარო: newposts
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით