რუსთავი წინასაარჩევნოდ – „სისხლიანი ბანერი“ და ოპოზიციის დაზიანებული საარჩევნო პოსტერები
ბანერი „სისხლიანი ლაქებით“ უკვე რუსთავშიცაა. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – ამ სიტყვებს ფონად „სისხლის ლაქები“ ადევს. ბანერზე გამოსახულნი არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის – ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერი, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე.
რას ფიქრობენ აღნიშნულზე რუსთაველები?! ამის გასარკვევად სოციოლოგიურ გამოკითხვას ასე სახელდახელოდ, ცხადია, ვერ ჩავატარებდით, ამიტომ აზრი შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტებს ვკითხეთ. მათგან მოვისმინეთ ფრაზები:
„აქეთ კორონა გვაშინებს და აქეთ ესენი“, „დაბალი დონე“, „ უკვე პლაკატებითაც ძალადობენ.“
გამოკითხულთა დიდი ნაწილის ძირითადი სულისკვეთება ასეთი იყო.
ბანერი, რომელზეც ვსაუბრობთ, „სისხლთან“ და ადამიანების დემონიზების მცდელობასთან ერთად, სხვა პრობლემებსაც ავლენს. 18 სექტემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ანონიმურად საარჩევნოდ განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებით, საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ორ დღის შემდეგ კი ამავე ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკითხის გარკვევისკენ მოუწოდა, ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს და გასაჯაროვდეს ბანერების დაფინანსების წყარო და რაოდენობა.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი საქართველოს საარჩევნო კოდექსით მკაცრად არის განსაზღვრული. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე“ – ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
მოცემულ მომენტში თბილისში, ქუთაისში, თელავსა და გორში გამოფენილი სიძულვილის ბანერების იდეის ავტორად ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე სახელდება. გაბრიაძე ამბობს, რომ აპოლიტიკურია და ამ ნაბიჯით მან საზოგადოებას, უბრალოდ, ოპოზიციის წარსული შეახსენა.
საკითხზე მოკვლევა ცესკომ დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას 10 დღეში გააცნობენ საზოგადოებას.
სანამ სიძულვილის ბანერი მშვიდად არის გამოფენილი, რუსთავის მეგობრობის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, თვალები აქვთ ამოშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერებზე გამოსახულ კანდიდატებს.
რუსთავის ლეონიძის ქუჩა არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩამოხეული და შავი საღებავით დაზიანებული არა ერთი ბანერის ხილვა შეგიძლიათ. დაზიანებულია „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის საარჩევნო პოსტერები. ასევე, დაზიანებულია ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების სარეკლამო პოსტერები.
„ასე ებრძვიან ჩვენს პლაკატებს. ქართული ოცნების და მისი „სათნო“ კანდიდატის სახე ესაა“, – წერს დავით კირკიტაძე, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ საიტის მითითებით.