საწარმოში, რომელიც საერთაშორისო ბრენდებისთვის მუშაობს, ანაზღაურება თვეში 113 დოლარამდეა

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, არსებობს რისკი დასაქმებული იაფ მუშახელად იქცეს. სწორედ, ამ და სხვა პოტენციური რისკების გამო QvemoQartli.ge თავისი მწირი რესურსების ფარგლებში, ცდილობს დააკვირდეს რამდენად სამართლიან შრომით პირობებს უქმნიან საწარმოები დასაქმებულებს.

რუსთავში, გასულ წელს, მთავრობის სრული მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა შპს “ქართლი ტექსტილმა”. როგორც ჩვენი კოლეგების, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” სიღრმისეულ ნამუშევარში ვკითხულობთ, „ქართლი ტექსტილის“ საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოს ამოქმედებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში კომპანიას სესხის პროცენტის ნაწილს სააგენტო უფინანსებს.

„ქართლი ტექსტილი“ შპს “აჭარა ტექსტილის” ერთ-ერთი საწარმოა. “აჭარა ტექსტილს” საწარმოები აქვს ბათუმში, ბობოყვათსა და ფოთში. შპს “ქართლი ტექსტილის” მესაკუთრეები არიან ჯემალ და ქემალ ბილგინგულლუოღლუები. შპს “აჭარა ტექსტილს” კი თურქეთში რეგისტრირებული კომპანია, ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ” ფლობს.

„ქართლი ტექსტილს“ რუსთავში საწარმოს მშენებლობისთვის, მიწა 1 ლარად გადასცეს და ასე დაიწყო დიდი სამკერვალოს შექმნის სამუშაოები.

„ქართლი ტექსტილის“ შენობების მოწყობა რუსთავში არნახული სისწრაფით მიმდინარეობდა. პრაქტიკულად რამდენიმე კვირაში, იქ სადაც ბევრი არაფერი იყო, საწყის ეტაზე, ერთმანეთს მიბჯენილი შენობები და მეთვალყურეობის კამერებით აღჭურვილი გალავანი აშენდა.

დღეს, საწარმოსთან  დილით და დღის ბოლოს, იკარუსის ტიპის ავტობუსების კოლონა დგას. ეს საწარმოს ტრანსპორტია, რომელსაც სამსახურში მოჰყავს და მიჰყავს თანამშრომლები.

„ქართლი ტექსტილის“ მუშაობის გარკვეული ასპექტების მიმართ უკმაყოფილებას, მისი ყოფილი თანამშრომლების ნაწილი გამოხატავს. ანონიმურობის დაცვის პირობით, ეს ადამიანები გვიყვებიან:

კომენტარი I – „ მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ დილის 09:00 დან 19:00 საათამდე, იქ შენი ფიქსირებული ანაზღაურება მინიმალურია – 330 ლარი. თავიდან, რომ  მიდიხარ გეუბნებიან, რომ გექნება ბონუსები და გაიზრდება ამით ხელფასი. ბონუსები არსებობს ნამდვილად, მაგრამ როგორ გითხრა, მუშაობ ბრიგადასთან ერთად, გაქვს ძალიან დიდი გეგმა შესასრულებელი და ძალიან ხშირად ბონუსზე შენ ვერ გადიხარ“.

კომენტარი II – „სადილისთვის არის ერთსაათიანი შესვენება, რომელიც რეალურად შეიძლება 15-20 წუთიან შესვენებად იქცეს. საწარმო თვითონ კვებავს თავის თანამშრომლებს და თან საკმაოდ კარგად, უბრალოდ შეიძლება სადილობა ვერ შეძლო.

მოკლედ, მოყავხართ აი ამ ძალიან კარგი საკვების მისაღებად და იქ, იმხელა რიგში დგახარ, ნახევარ დროს რიგში კარგავ. მერე სწრაფად უნდა ჭამო, რადგან თუ დაგაგვიანდება, კარგი დღე არ დაგადგება – მანდ ყველანაირ დაგვიანებაზე ჯარიმებია, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით აგვიანებ.

ამ ვითომ დიდ შესვენებასთან ერთად გაქვს, ორი 10-10 წუთიანი შესვენებები, კონკრეტულ დროს. ანუ შენ რომ დაგჭირდება მაშინ კი ვერ იყენებ ამ პატარა შესვენებებს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ადამიანები ვართ ყველანი და გარკვეული საჭიროება, შეიძლება სხვა დროს გაგიჩნდეს.. პრობლემაა, ასეთ დროს მიატოვო სამუშაო“.

კომენტარი III – „ არაგონივრული სიმკაცრის და დაბალი ანაზღაურების გამო, საწარმოს ბევრი თანამშრომელი ტოვებს. ამიტომ აკლდებათ ხშირად ხალხი და მუდმივად იღებენ ახლებს. ჩემ პერიოდში იქ ქართველი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების ადამიანები მუშაობდნენ. უშუალოდ სამკერვალოში სრული უმრავლესობა ქალია”.

საწარმოში არსებულ ანაზღაურებაზე, შიდა განაწესზე და რესპონდენტების დასახელებულ პრობლემებზე, კომენტარი „ქართლი ტექსტილის“ დირექტორს გია ლომინაძეს ვთხოვეთ.

ლომინაძე აცხადებს, რომ მათ საქართველოში საერთო ჯამში 5 000 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, აქედან 1 300  რუსთავში. გვეკითხება, საწარმო რომ არღვევდეს დასაქმებულთა უფლებებს, მათთან ამდენი ადამიანი რატომ იმუშავებდა?! ასევე, განმარტავს რომ „ქართლი ტექსტილი“ შეკვეთებს იღებს ისეთი ბრენდებისგან, როგორიც Nike და Adidas-ია. საუბრობს, რომ მათი დამკვეთები იმდენად დიდ ყურადღებას უთმობენ დასაქმებულთა შრომით უფლებებს, რომ ამას წინათ, ბანკიდან ცნობის მიტანაც დაავალეს, სადაც ოფიციალურად იქნებოდა მითითებული, რომ საწარმოს არც ერთ თანამშრომელს ხელფასიდან არ ეჭრება საკომისიო გადასახადის თანხა.

„ ჩვენთან მკერავის, ოფიციალური ფიქსირებული შემოსავალი არის 350 ლარი, მაგრამ ხელზე რეალურად 500 ლარზე ნაკლებს არავინ იღებს. ბონუსებით გამოსდით მინიმუმ 500 ლარი. მე არ მაქვს უფლება დეკლარაცია განახოთ, სადაც ამ ადამიანების ინფორმაცია არის, ეს პერსონალური მონაცემებია, თორემ აუცილებლად გაგაცნობდით.

მუშაობას იწყებენ დილის 09:00 საათიდან და ასრულებენ 19:00 საათამდე. აქვთ საათ-ნახევრიანი შესვენება, აქედან 11:00 საათზე ისვენებენ 15 წუთით, 13:00 საათზე ერთი საათით და 17:00 საათზე 15 წუთით. მუშაობენ კვირაში ხუთი დღე“,- საუბრობს „ქართლი ტექსტილის“ დირექტორი გია ლომინაძე.

„ზედმეტი“ სიმკაცრისა და დაბალი ხელფასების თაობაზა კი განმარტავს:

„ ის, რომ ადამიანი ცუდად გახდეს და მას სამუშაოს შეწყვეტის უფლება არ მისცენ, ასეთი რამ ნამდვილად არ ხდება. უბრალოდ, არის წესები რომელთა დაცვაც აუცილებელია. ზოგი ადამიანი სამუშაოს შეწყვეტას არა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ითხოვს, არამედ მოსაწევად და სხვა არასაპატიო მიზეზით, ხომ გესმით?! ის, რომ ჩვენ საპირფარეშოში არ ვუშვებდეთ ადამიანს, ეს გამორიცხულია.

ხელფასებს რაც შეეხება, აი ბანკში მომუშავე ადამიანს პირობითაც, რომ აქვს მოლარეს 600 ლარი. მას აქვს შესაბამისი ფინანსური განათლებაც, დიპლომიც. ეს ერთი და მეორე, ის თავად იხდის საკუთარი გზის თანხას, ასევე საკუთარი ფინანსებით იკვებება. ჩვენთან კი თანამშრომლისთვის ეს ყველაფერი უფასოა.

ჩვენთან კიდევ რა კატეგორია მუშაობს?! ადამიანები, რომლებიც საკუთარ ოჯახებში მუშაობდნენ.. ჩვენ არ ვითხოვთ დიპლომებს“,- დასძენს გია ლომინაძე.

კითხვაზე რამდენად მძიმეა ის შრომა, რომლის შესრულებაც საწარმოში დასაქმებულ მკერავ ქალებს უწევთ, ამბობს რომ წარმოება არის მსუბუქი მრეწველობა და საქმის სირთულეზე, ეს სახელწოდებაც მიუთითებს.

საკითხი კი რაზეც დირექტორი ამბობს, რომ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის ეხება ბონუსების თემას. ლომინაძე გვიხსნის, რომ ბონუსების ოდენობა და მისი გაცემის პირობები, არის საწარმოს შიდა ფინანსური საკითხი.

გია ლომინაძე ინტერვიუს ბოლოს ამბობს, რომ გვეპატიჟება საწარმოში და მზად არის თანამშრომელთა საჩივრების ანონიმური ყუთი, ჩვენთან ერთად გახსნას. ამასთან ერთად, განმარტავს, რომ უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვერაფერს გადავიღებთ, რადგან ეს აკრძალულია.

თემაზე კომენტარი საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წარმომადგენელს ქვემო ქართლში  გიორგი ტყემალაძეს ვთხოვეთ.

„ ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ საწარმოში, სველ წერტილში მიმავალ დასაქმებულს მიჰყვება მათი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ელოდება კართან.  ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, მოგეხსენებათ დასაქმებულების უმრავლესობას წარმოადგენენ ქალები.

აგრეთვე, არის დაბალი ხელფასები და ვერ სარგებლობენ საფუძვლიანად შესვენების საათით.

პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ დასაქმებულები როცა იწყებენ სამუშაოს, არ ეცნობიან საფუძვლიანად ხელშეკრულებას და არც შინაგანაწესს. მათ არ ეძლევათ გონივრული ვადა, რომ გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, არ ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთი პირობები წაუყენონ დამსაქმებელს.  უბრალოდ,  მაგიდაზე დაუდებენ ხელშეკრულებას თუ მოაწერ ხელს დაიწყებ მუშაობას, თუ არა და კარგად ბრძანდებოდე. საქართველოში ყველამ კარგათ ვიცით, სამუშაო ადგილების სიმცირეა  და მშრომელებს უწევთ კაბალურ პირობებზე დათანხმება. დრო რომ გადის, მერე გვიჩნდება პროტესტის გრძნობა“, – საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წარმომადგენელი ქვემო ქართლში  გიორგი ტყემალაძე.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით