„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ საჯარო სექტორმა, თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი, დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. დაიხურა სკოლები და სააღმზრდელო დაწესებულებები. შედეგად მშობლებს, უმეტესად კი დედებს,  სამსახურეობრივი მოვალეობების პარალელურად, დაუმძიმდათ საშინაო შრომის ტვირთ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეგულაციების დაცვით, მრავალმა სფერომ მუშაობა უკვე აღადგინა, მაინც პრობლემურ საკითხად რჩება ონლაინ სწავლება. ამასთან ერთად პანდემიის მეოთხე ტალღის პირობებში, სწავლა კვლავ შეჩერებულია სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ნელი ლომიძე, სამი შვილის დედაა. ის, ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომელსაც პანდემიის გამო, სამუშაოზე უარის თქმა მოუწია. გვიყვება, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მთელ დროს, ბავშვების მოვლას და მათ მეცადინეობას ანდომებს.

„ ბავშვებს უნდათ ყურადღება და ამიტომ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. ეხლა პირველ კლასში შედის პატარა.. თვითონ როგორ ჩართავს კომპიუტერს, როგორ გამორთავს, როგორ მოიქცევა და დაუჯერებს კი მასწავლებელს?! სხვა ბავშვებიც ხომ არიან სახლში, იმათაც უნდათ ყურადღება.

ზოგი ტელეფონით ერთვება გაკვეთილს, ზოგი კომპიუტერით. თან ხელს უშლიან ერთმანეთს, სივიწროვე გვაქვს სახლში და თავისთავად ეგეც პრობლემაა. მოკლედ, მომიწია სამსახურზე უარის თქმა.  რაც შეეხება სწავლის ხარისხს, მასწავლებლები მშვენივრად ხსნიან გაკვეთილს და ვისაც სწავლა უნდა, ალბათ, ასეც ისწავლის. ისე, რა თქმა უნდა, სკოლაში სწავლა სჯობს“, – საუბრობს ნელი ლომიძემ.

31 წლის ანა გუდუნიძეს, მე-6 კლასელი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ პანდემიამ როგორც მასზე, ასევე, მისი შვილის განათლებაზე, საკმაოდ რთული გავლენა იქონია.

„ როდესაც სამუშაოდ მივდივარ, თვითონ მარტო რჩება სახლში და ტელეფონით გვაქვს კონტაქტი. რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ახლა, მითუმეტეს სწავლა, რომ დაიწყო ორმაგი შრომაა, სამსახურიდან სახლში მისულს უნდა დავეხმარო მეცადინეობაში. ეს საშუალო ფენის ხალხისთვისაა ალბათ რთული, თორემ ვისაც საშუალება აქვს, მათ შეუძლიათ კერძო მასწავლებლებთან ამეცადინონ ბავშვები.

ონლაინ გაკვეთილების ცხრილს რომ გადავხედე, ფაქტიურად გამოდის, რომ ხუთი, მაქსიმუმ შვიდი გაკვეთილი აქვთ კვირაში, როდესაც დღეში ჰქონდათ ხოლმე ამდენი გაკვეთილი, პანდემიამდე. იმედია ოქტომბრიდან განახლდება სკოლებში სწავლა“, – ამბობს ანა გუდუნიძე.

” ბავშვები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, ამოვარდნენ რეჟიმიდან. დილით, იმის მაგივრად, რომ ადგნენ, მოემზადონ და სკოლაში წავიდნენ, პიჟამოებით წვანან და ისე ესწრებიან გაკვეთილებს. ეს ყველაფერი მომავალში, ცუდად აისახება მათ განათლებაზე. გარდა ამისა, სულ იმის ფიქრში ვარ რას აკეთებს, როგორ უსმენს ჩართვებს, სამსახურიდან ამ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებ. სკოლაში რომ არის, ამის ფიქრი არ მაქვს.

რომ მოვდივარ, მიწევს მისი მეცადინეობა და დამატებითი შრომა ამ კუთხით. ვისაც საშუალება აქვს, კერძო მასწავლებელი აუყვანა თავის შვილს და ნაკლებად ადარდებს სწავლის დაწყება, რადგან მაინც გაივლის სასწავლო პროგრამას და ვისაც არ აქვს, ამის შესაძლებლობა, იმათ რა ქნან?! მეტიც, ზოგი ისეთი გაჭირვებულია, არც ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების საშუალება აქვს”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მშობელი, 36 წლის თაკო.

მშობლები მათ ცხოვრებაში ციფრული სამყაროს დიდი დოზით შემოჭრაზეც დარდობენ.

„მშრომელი ადამიანი, ადრეც და ახლაც, იგივენაირად შრომობს. სამუშაოს მერე, მივდივარ სახლში და ვუვლი ორ შვილს, მეუღლეს და მამამთილს. შემდეგ, ვალაგებ სახლს. პანდემიამდეც ასე ვიყავი და ახლაც. მაგ მხრივ, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ ურთიერთობა დაგვაკარგინეს და ყველაზე მნიშნველოვანი, ბავშები გახადეს მთლიანად ტელეფონზე დამოკიდებულნი. დღეს, მხოლოდ ტელეფონია ჩვენი ცხოვრება, მეტი არაფერი“  – აღნიშნავს, კიდევ ერთი მშობელი.

„ ახლა მიმყავს პირველ კლასში, იმედია ონლაინ სწავლა არ მოგვიწევს. ძალიან დაგვთრგუნა ზოგადად პანდემიამ. ჩემს შემთხვევაში, დისკომფორტი დაძაბულმა გარემომ შექმნა. თავიდან, რომ გამოგვკეტეს სახლში და არც ვიცოდით როდის დავუბრუნდებოდით სამსახურებს ეგ იყო ყველაზე რთული ეტაპი. ერთადერთი პლიუსი მაშინ ის იყო, რომ ბავშვთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მეტ დროის ვატარებდით“ – თამარ ერისთავი 39 წლის.

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალები უფრო მეტად არიან ჩართული თითქმის ყველა საოჯახო საქმეში, ვიდრე კაცები. კაცების 47%-ს არასოდეს მიუღია მონაწილეობა სახლის დალაგებაში, 43%-ს კი არასდროს მოუმზადებია საჭმელი, ხოლო ერთ მესამედს არასოდეს მიუღია მონაწილეობა ბავშვების მოვლაში.

ხოლო კვლევაში, „COVID-19-ის გავლენა ქალებზე“  ვკითხულობთ, რომ ქალთა უფასო შრომა დიდი ხანია აღიარებულია, როგორც უთანასწორობის ერთერთი მიზეზი. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული სახელფასო უთანასწორობასთან, დაბალ შემოსავალთან, ცუდ განათლებასა და ფიზიკური-მენტალური ჯანმრთელობის სტრესთან. ქალთა უფასო და უხილავი შრომა კი კვლევის თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით