გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი – პარტიები კვლავ არ ენდობიან ქალებს
მაშინ, როდესაც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებებზე, საჭიროებაზე რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა არჩევნებზე ვხედავთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ერთეული შემთხვევების გარდა, მათი საარჩევნო სიები მამაკაცებით არის დაკომპლექტებული. ამ ტენდენციას ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საკრებულოების შემადგენლობაში ქალებმა პროპორციული ადგილების 19.59 %, ხოლო მაჟორიტარული მანდატების მხოლოდ 8% მოიპოვეს.
რა გველის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე?
საკითხი QvemoQartli.ge-მ რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეისწავლა. გენდერულ ჭრილში გავეცანით გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში პარტიების მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს.
ადგილობრივ დონეზე არჩევნებში პარტიის შედეგები, მეტწილად, მერობის კანდიდატებსა და მაჟორიტარ კანდიდატებზეა დამოკიდებული. არჩევნების მოგების ტვირთი სწორედ მათზეა. ეს ადამიანები, საუკეთესო შემთხვევაში, აქტიურად ხვდებიან ამომრჩეველს, აცნობენ სამომავლო გეგმებს და ხმების მისაღებად, გასცემენ დაპირებებსაც.
რაზე მეტყველებს პარტიების მიერ წარდგენილი გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მაჟორიტარი კანდიდატების სიები?
აღმოჩნდა, რომ სამივე მუნიციპალიტეტში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ კაცები წარადგინა. უკეთეს შედეგზე ვერც ოპოზიციური პარტიები გავიდნენ – მათაც ქალთა მცირე წარმომადგენლობა შემოგვთავაზეს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობის მხრივ, ოპოზიციას, მმართველ გუნდთან შედარებით, ისედაც ნაკლები კანდიდატი ჰყავს წარდგენილი.
პრობლემები, ცხადია, არ არის მხოლოდ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით.
საქართველოში ქალები ამომრჩეველთა 53,76%-ს შეადგენენ, საკანონმდებლო ორგანოში 16%-ია ქალი. მაშინ როცა ამომრჩეველთა 46,24%-ს კაცები შეადგენენ და ისინი პარლამენტში 84%- ით არიან წარმოდგენილნი.
„ ქვეყანაში არსებული მუდმივად ცვალებადი პოლიტიკური გარემო, მყიფე პოლიტიკური პარტიები და მათი მხრიდან არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები, ვერ იქნება იმის გარანტი, რომ მომდევნო არჩევნებზე ქალები მეტად ან, თუნდაც, იმავე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანაში გენდერული ბალანსის დაცვის სავალდებულო მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე არ მოწესრიგდება, სტაბილური თანასწორობა ვერასოდეს მიიღწევა და ის ყოველთვის დამოკიდებული იქნება გარკვეულ პოლიტიკოსთა კეთილ ნებაზე” – ვკითხულობთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში.
პრობლემას ვერ ცვლის დაწესებული ფინანსური სარგებელიც, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტი, რომელიც პროპორციული სიის ყოველ ათეულში სქესთა შორის ბალანსს დაიცავს და 30% განსხვავებულ სქესს წარმოადგენს, დამატებით 30%-იან დაფინანსებას მიიღებს.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობაზე როდესაც ვსაუბრობთ, როგორც წესი, ყურადღებას სამ საკითხზე ვამახვილებთ: ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ამომრჩეველთა ხმა.
ადამიანის უფლებები – ქალს, ისევე როგორც კაცს, აქვს თანაბარი უფლება, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში.
თანასწორობა – მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის სქესთა შორის ბალანსი არის დაახლოებით თანაბარი (50/50), ქალებსა და კაცებს თანაბრად ეკუთვნით მონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება სახელმწიფოს მართვაში.
ამომრჩეველთა ხმა – როდესაც ამომრჩევლის ნახევარი არის ერთი სქესის წარმომადგენელი, მაგრამ ის პროპორციულად არ არის წარმოდგენილი პოლიტიკაში, არ ისმის ამომრჩევლის ამ ნაწილის ხმა. შედეგად, ამ ჯგუფის პრობლემების პოლიტიკაში გათვალისწინება არ ხდება.
და ბოლოს, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები პოლიტიკაში მეტად არიან წარმოდგენილნი, მეტი ყურადღება ეთმობა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს, განათლებასა და ბავშვთა პრობლემებს. ასევე, ქვეყნებში, სადაც ქალები მაღალი პროცენტით არიან წარმოდგენილნი პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში, უმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ საიტის მითითებით.