„განახლებული რეგიონები“ და მმართველი გუნდის კანდიდატების საარჩევნო კამპანია

[ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა]

26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონი ლარის დახარჯვა დააანონსა. პროგრამის სახელწოდება „განახლებული რეგიონებია“ და მისი განხორციელების აქტიური ფაზა, ივნისის თვიდან დაიწყო.

პროგრამა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოიცავს  რუსთავის მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მდებარე მოედნის სრულ რეაბილტაციას.  იგეგმება მეგობრობის გამზირზე არსებული 31 კორპუსის რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, ყველა კორპუსი ენერგოეფექტური გახდება.

„განახლებული რეგიონების“  აქტიური-საწყისი სამუშაოები დროში ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, QvemoQartli.ge თვალყურს ადევნებს, როგორ ხდება აღნიშნული პროგრამის გამოყენება საარჩევნო კამპანიებში მმართველი გუნდის კანდიდატების მიერ.

ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატია. ის ერთი წლის განმავლობაში იყო ამავე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ლაცაბიძე თავის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყენებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიმდინარე, თუ განხორციელებულ პროექტებს. ერთ-ერთი მათგანი არის „განახლებული რეგიონები.“

ლაცაბიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირების თანხლებით და მათ გარეშეც, სტუმრობს მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საზოგადოებას უყვება იმ საკეთეებზე, რასაც ეს პროგრამა გვთავაზობს.

 

ის რაც საარჩევნო კამპანიაში ეხმარება ნინო ლაცაბიძეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის, რუსთავის მე-2 ოლქში ნინო იმედაშვილისთვის, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის გაქრობას ნიშნავს. ნინო იმედაშვილი ამბობს, რომ განახლება რუსთავს ნამდვილად სჭირდება და მიესალმება ყველა პროექტს, რომელიც რუსთაველთა ცხოვრებას გააუმჯობესებს, თუმცა თვლის, რომ  საუბარი გვმართებს, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოზე, რომელშიც ოპოზიციური კანდიდატები აღმოჩნდნენ.

იმედაშვილი, რომელიც ასევე არის გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, აცხადებს:

„ აღნიშნული პროგრამა ერთმნიშვნელოვნად არის გამოყენებული მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის. პროგრამების აქტიური ფაზა, ძირითადად ემთხვევა საარჩევნო პერიოდს – ეს არ ხდება შემთხვევით. ხდება გამიზნულად, რადგან შემდეგ უკვე, სამთავრობო კანდიდატმა გამოიყენოს და ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს. კეთდება იმისთვის, რომ ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ ეს არის ამ კანდიდატთან დაკავშირებული პროგრამა. რუსთავში 9 აგვისტოს მოხდა კანდიდატის წარდგენა და შემდეგ ჩამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი და ამ კანდიდატთან ერთად, დაათვალიერა მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამის შესახებ კითხვისნიშნები „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია დასმული.

„ განსაკუთრებით თვალშისაცემია არჩევნებამდე პერიოდში მასშტაბური სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაანონსების ტენდენცია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეწოდებოდეს აუცილებელი საჯარო სერვისები, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული არ გამოიყენებოდეს პარტიული ინტერესებისთვის. ტრადიციისამებრ, ასეთი პროექტების დაანონსება/შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა, რაც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება და უთანაბრო პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს“ – ვკითხულობთ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

6 სექტემბერს „ ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ნინო ლაცაბიძესთან ვცადეთ დაკავშირება. ლაცაბიძის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხს პარტიასთან შეათანხმებს და დაგვიკავშირდება. მივწერეთ შემდეგი კითხვები:

(1) როგორ აფასებს რუსთავში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს;

(2) ხდება თუ არა მის მიერ საარჩევნო კამპანიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პროგრამების გამოყენება;

(3) როგორ ფიქრობს არის თუ არა დაცული ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის;

პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

 ავტორი: მანონ ბოკუჩავა

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით