რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს
4 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ სამი საკითხი განიხილა:
(1) რუსთავის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების არჩევა: „ #1, #8, #41, #46, #75, #76, #77 უბნები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბნებზე საოლქოს დანიშნულმა კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხათუნა გოშაძის განცხადებით, მათ შესაბამის წერილში მიუთითეს, რომ მიზეზი „ოჯახური პირობებია“.
(2) მეორე საკითხი გახლდათ, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პირადი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტა. ამ შემთხვევაშიც ითქვა, რომ ოლქის დანიშნილი კომისიის წევრების გადაწყვეტილების მიზეზი, „ოჯახური პირობებია.“ უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს, რუსთავის შემდეგი საარჩევნო უბნებიდან: #17, #21, #61, #64, #65, #67, #68, #69.
(3) მესამე საკითხად კომისიამ, აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კონკურსის გამოცხადება განიხილა.
მას შემდეგ რაც პირველი კენჭისყრისას, ვერ მოგროვდა საკმარისი ხმები, საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრების ასარჩევად და მეორე კენჭისყრა გახდა საჭირო, კომისიის წევრებს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა მიმართა:
„ დავტოვოთ აბა უბნები?! თქვენი წევრები იქ არ დადიან და ოლქის წევრებიც არ ავირჩიოთ და იყოს მაშინ ასე?! სწორად გამიგეთ რა, ოლქის წევრები არიან ახლა იქ, მარტო. ვიღაცამ ეს ხმები ხომ უნდა დაგითვალოთ რა, მართლა და მართლა! თქვენი არც ერთი წევრი იქ არ დადის, სირცხვილია რა.. მიზეზი ვის უნდა ვკითხო?! მე კიდე ეგეთი ფოკუსი არ ვიცი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს-ო, ჩვენ-ო ვიგებთ-ო და ხმებიც უნდა დაგვითვალოთ-ო და იქ (უბნებზე) არავინ ივლის-ო.. ჩვენებმა არ უნდა იარონო.
მე ეგეთი ფოკუსი არ ვიცი! თან უბნები გახსნილი იყოს-ო და მეტიც არ გვინდა უბანზე მივიდეთ და იქ, ვიღაცამ პასუხი არ გაგვცეს-ო“, – რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გაგა აფციაური.
მკითხველისთვის მეტად გასაგები, რომ იყოს ცოტას იმ კონტექსტის შესახებაც მოგიყვებით, რომლის ფარგლებშიც ეს განცხადება გაკეთდა. უკვე ბოლო ორი სხდომაა, როგორც ოლქის თავმჯდომარე, ასევე ოლქის მდივანი ხათუნა გოშაძე ვერ მალავენ უკმაყოფილებას პარტიების მიმართ. კერძოდ, ორივე მათგანი აცხადებს, რომ პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, არ ესწრებიან ტრენინგებს და არ მონაწილეობენ სათანადოდ საარჩევნო საკითხების ადმინისტრირებაში. ხოლო მას შემდეგ რაც 2 სექტემბრიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა, ოლქის ხელმძღვანელობა უკვე საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო უბნებზე მუშაობენ მხოლოდ ოლქის დანიშნული წევრები და პარტიების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ.
მაშინ, როდესაც ოლქის ხელმძღვანელობა თამამად აკრიტიკებს პარტიებს, არ სვამს ლოგიკურ კითხვას იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ უბნებზე მის (ოლქის) დანიშნულ წევრებს ეხებათ:
მაინც რატომ ტოვებენ საარჩევნო უბნებს ოლქის დანიშნული წევრები?
იქნებ პანდემია ახდენს საკითხზე გავლენას?
გაოცებით ხვდება ჩვენს კითხვას ოლქის მდივანი ხათუნა გოშაძე. კითხვა კი შემდეგია: მოცემულ მომენტში, საარჩევნო უბნების რამდენი კომისიის წევრია კოვიდინფორებული და რამდენი იმყოფება თვითიზოლაციაში. ამბობს, რომ ოლქი მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს.
მსგავს თემაზე: რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი Covid-19-ით გარდაიცვალა, 12-მა კი უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიებით და მედიით უკმაყოფილოა
მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით