თვითმმართველობის სისტემა ქალების ჩართულობის გარეშე
კვლავ დაბალია მუნიციპალიტეტების მართვაში ქალების ჩართულობა. შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საზოგადოების კეთილდღეობასთან, მოუგვარებელი რჩება. დღემდე სოფლების ნაწილი არსებობას განაგრძობს საბავშვო ბაღების გარეშე, მაშინ როდესაც თანხები სისტემატიურად იხარჯება სარიტუალი შენობების კეთილმოწყობისთვის. აქვე, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რეგიონში მცხოვრები საზოგადოების შიში – გააკრიტიკოს თამამად ხელისუფლება, რომელსაც ამ და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარება ევალება.
სინანულით ვწერთ და სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო ვერ გამოვიდა ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებიდან. დღეს, ჩვენ ქვეყანაში კრიტიკული აზრის დაფიქსირების შიში არა ერთ მოქალაქეს აქვს. ჩვენი მცირე რედაქცია და სხვა მედიასაშუალებებში მომუშავე კოლეგებიც ხედავენ, რომ ჩართულ კამერასთან და ჩამწერთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი, პრობლემებზე საუბარს უფრთხის. მე თუ მკითხავთ, ამაზე დიდი პრობლემა ვერც ერთი ინფრასტრუქტურული გამოწვევა ვერ იქნება. განსაკუთრებით ერიდებიან მედიასთან ურთიერთობას ადამიანები, რომელებიც საჯარო უწყებებში მუშაობენ, ან ამ უკანასკნელში ახლობლები ეგულებათ, დასაქმებული. შედეგად სულ უფრო იკლებს, საზოგადოების კონტროლი ხელისუფლების მიმართ, რომელიც რეალურად ამ საზოგადოების სამსახურში უნდა იდგეს.
მიუხედავად ამ სირთულისა, ერთ-ერთი მკითხველის თხოვნით, ჩვენ მიმდინარე წელს, უკვე ხელმეორედ ვესტუმრეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარს.
სოფელი ფოლადაანთკარი, დასახლებად 2008 წლიდან დაარეგისტრირეს. მანამდე, მეტალურგიული ქარხნის „დაჩების“ სახელით იყო ცნობილი. სოფელში ამ ეტაპზე 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების უმეტესობა, რუსთავში ან თბილისშია დასაქმებული, ნაწილი კი სოფლის მეურნეობას მისდევს.
მოსახლეობა გვიხსნის, რომ სოფლის მთავარ პრობლემას, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ფოლადაანთკარში არ არის საკანალიზაციო სისტემა. წლებია, სოფლის შიდა გზები ასფალტის საფარის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, გზა მხოლოდ სკოლისკენ მიმავალ ცენტრალურ ქუჩაზეა დაგებული.
„ აქ არ გვაქვს საბავშვო ბაღი, მიუხედავად იმისა რომ დასახლებაში უკვე საკმაოდ ბევრი, ბაღის ასაკის ბავშვია. ასევე, არ გვაქვს აფთიაქი და ამბულატორია. ბევრი არ ლაპარაკობს პრობლემებზე, რადგან ეშინიათ.. მეც მეშინია“– ამბობს, დასახლების ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრები. გვიხსნის, რომ სოფელს არ აქვს მოწესრიგებული შიდა გზები, რის გამოც წვიმიან ამინდში გადაადგილება უჭირთ. „პანდემიის გამო ის ავტობუსიც აღარ დადის, რომელსაც დავყვებოდით. ვისაც სახლში მანქანა ჰყავს იმას რა უჭირს, მაგრამ სხვამ რა ქნას ?!“, – პირველი მცდელობაზე ჩავიწეროთ მისი სახელი და გვარი, რესპონდენტი საუბარს წყვეტს.
ვისთანაც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი კომუნიკაცია გვაქვს, გვიყვება რომ სოფელში ქალის „მოვალეობაში“ შედის, როგორც ბავშვების, მოხუცების და ყველა ოჯახის წევრის მოვლა, ასევე ბოსტნის და საქონლის მიხედვა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს და უკვირს, ახალი თაობის ქალებმა „რატომ მოიძულეს“ სოფელი.
ფოლადაანთკარში ვიგებთ, რომ ადგილობრივი დონის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას, კაცები „თავობენ.“ კითხვას, იქნებ იმიტომ არ მიდის სოფლების და ალბათ, მთელი ქვეყნის საქმე წინ, რომ ყველაფერს მხოლოდ კაცები წყვეტენ – ჩვენი რესპონდენტები გაოცებით პასუხობენ.
მანამ სანამ სოფლებში და არა მხოლოდ, საშინაო შრომის ტვირთი სათანადოდ გადანაწილდება და ჩვენი ძვირფასი ქვეყანა გადმოვა ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაზე, ვცდილობთ, ფოლადაანთკარის პრობლემებზე, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციას გადავხედოთ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გაგუა:
„ დიდი პრობლემა იდგა, ცენტრალური ქუჩის გამოსასვლელზე, მიწის გზა იყო და რაც ყველაზე პრიორიტეტული იყო ის აღმოფხვრილია, დანარჩენი ეტაპობრივად გაკეთდება. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას მანდ ფიზიკურად არ არსებობს. მარტო რაიონი ვერ მოერევა იმხელა საქმეა და იმხელა ღირებულებასთან არის დაკავშირებული. სამინისტროდან დახმარება თუ არ გაგვიწიეს, ჩვენ ფიზიკურად მაგხელა სოფლის კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებს ვერ განვახორციელებთ. სამომავლოდ მაგასაც გავითვალისწინებთ, ეტაპობრივად.
შესულები ვართ მაგ სოფელში, დაინტერესება არის. მანდ ადრე არ ცხოვრობდა ბევრი ხალხი, ახლა და ახლა შეივსო და ფუნქციონირდება, ჩვენც შეძლებისდაგვარად ვდებთ ინვესტიციას.“
საბავშვო ბაღთან დაკავშირებით კი საიმედო არაფერია. გაგუას განცხადებით, ფოლადაანთკარში საბავშვო ბაღის მოწყობა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
და სწორედ, ამ საკითხზე ჩვენ გაგვახსენდა ის ტენდენცია, რომ თანახმადაც სოფლად და ქალაქადაც, მნიშნველოვანი საქმეების მოგვარება კაცებს აბარიათ. იმ კაცებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არც ბაღის ასაკის შვილის მოვლის გამო რჩებიან განათლების, სამსახურის გარეშე და არც სხვა საშინაო შრომა აწევთ მხრებზე.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით